შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹329აპ-12 ქ. თბილისი
თ-ი თ.-329აპ–12 9 ოქტომბერი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ბ-ის
ადვოკატების – შ. თ-ისა და ლ. გ-ის
მსჯავრდებულ _ თ. თ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით თ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. თ-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი „MAKAROV-ის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, 7,62 მმ კალიბრიანი, ნომერგადაშლილი „NAGAN-ის“ სისტემის რევოლვერი, 10,67 მმ კალიბრიანი ,,SMITH&WESSON–ის" სისტემის რევოლვერი №..., „KALASHIKOV-ის“ კონსტრუქციის "AKCY-ის" მოდელის 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატი №..., 5,6 მმ კალიბრიანი ,,TOЗ-17" მოდელის კარაბინი, ф–1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით და "УЗРГМ" ტიპის უნიფიცირებულ - მოდერნიზებული ამფეთქი ფალია, 5,45 მმ კალიბრიანი 181 ვაზნა, 9 მმ კალიბრიანი 12 ვაზნა, 5,6 მმ კალიბრიანი 50 ვაზნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩაჰბარდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სამსახურს.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება – 5,6 მმ კალიბრიანი "ARMINIUS–ის" სისტემის რევოლვერი №... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან შესაბამისი უფლებითა და მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენით თ. თ-ს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ. თ-ი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე.
2011 წლის 11 ოქტომბერს, 8 საათსა და 50 წუთზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, მ. კ-ას გამზირის №...–ა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკებმა შეაჩერეს „NISAN-ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,,...“, რომელსაც მართავდა თ. თ-ი. ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთს და შეეძლო, მოეშორებინა მამხილებელი მტკიცებულებები, ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ასევე გაიჩხრიკა მისი „ნისანის“ მარკის ავტომანქანაც. სხვა ნივთებთან ერთად ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს „AK–74“ მოდელის, 5, 45 კალიბრიანი „KALASHNIKOV-ის“ კონსტრუქციის №... ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 26 საბრძოლო ვაზნით, რომლებიც ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა.
ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი თ. თ-ის საცხოვრებელ სახლში, დ-ი, პ-ის ქ. №...–ში, კანონსაწინააღმდეგო ნივთების შესაძლო შენახვის თაობაზე, იმავე დღეს, თბილისის პროკურატურის დავალებით, დ-ს პოლიციის თანამშრომლებმა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გაჩხრიკეს თ. თ-ის საცხოვრებელი სახლი. დამსწრეების მონაწილეობით ჩატარებული ჩხრეკისას აღნიშნულ სახლში არსებული ოთახებიდან და დამხმარე სათავსებიდან ამოიღეს სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც თ. თ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. ამოღებული ნივთები დაილუქა და გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო–კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. თ-მა. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა აღნიშნა, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ დანაშაულის ჩადენა დადგენილად მიიჩნია უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ არ იმსჯელა ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებისა და დამაგრების დროს დაშვებულ დარღვევებზე, კერძოდ, დაირღვა სსსკ–ის 101–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებისა და სსსკ–ის 113–ე მუხლის მოთხოვნები, ასევე – „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნაც, რადგან არც პატაკსა და არც საქმეში არ დევს, თუ რა სახის ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება განხორციელდა და როდის. აპელანტის აზრით, მის მიმართ დაწყებული გამოძიების საფუძველი გახდა დაუსაბუთებელი და უკანონო საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ გ. გ-ას ბუნდოვან განმარტებას. მოწმეებმა: ვ. გ-მა, გ. კ-ემ და სხვებმა სასამართლოში აღნიშნეს, რომ შსს სამმართველოში არსებობს კიდევ ერთი საიდუმლო პატაკი, რომელშიც დაფიქსირებულია ინფორმაციის წყარო, თუმცა ეს პატაკი საქმეში არ დევს და მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა კანონის უხეში დარღვევაა. აპელანტის აზრით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები უკანონოა, ვინაიდან გადაუდებელ აუცილებლობას ადგილი არ ჰქონია. საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობის თაობაზე. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ განაჩენის დადგენისას გამოიყენა ბრალდების მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არსებითად განსხვავდება მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებისაგან. დ-ში ჩატარებული ჩხრეკის მოწმეებმა გაზეპირებული ჩვენებები მისცეს, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკის მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა. აპელანტმა აღნიშნა, რომ განაჩენი არ შეესაბამება ქმედების კვალიფიკაციას, ხოლო განსაზღვრული სასჯელი – მის პიროვნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. თ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენში კი თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით.
ასევე უკანონოა ჩხრეკა–ამოღების ოქმები, ხოლო მოწმეთა ჩვენებები კი – არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო.
ამდენად, კასატორმა თ. თ-მა ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.
პროკურორმა გ. ბ-მა შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულ თ. თ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
2012 წლის 4 ოქტომბერს ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ. ბ-მა, საქართველოს სსკ-ის 209–211–ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება სასჯელზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ თ. თ-ს შორის.
პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა თ. თ-მა ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2012 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ. ბ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
2012 წლის 9 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ თ. თ-ს შორის 2012 წლის 4 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ. ბ-სა და მსჯავრდებულ თ. თ-ს შორის.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ბ-მა მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებული თ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. თ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა თ. თ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – შ. თ-ემ და ლ. გ-მა.
სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: ვ. გ-ის, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, მ. შ-ის, ლ. გ-ის, პ. ხ-ის, გ. კ-ის, მ. კ-ის, გ. ჯ-ის, გ. ფ-ის, ვ. ზ-ის, ვ. ყ-ის, ვ. ა-ის ჩვენებებით, ექსპერტ დ. ც-ის ჩვენებით, ბრალდებულის დაკავების, აგრეთვე პირადი, ავტომანქანის, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის №..., №..., პიროტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით თ. თ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ თ. თ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.
პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული თ. თ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მან ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.
ამდენად, ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ. ბ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ. თ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ. ბ-სა და მსჯავრდებულ თ. თ-ს შორის.
თ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. თ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. თ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი