განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№26აგ-12 3 ოქტომბერი, 2012 წელი
მ-ე გ., 26აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ბათუმის სასამართლოს 1997 წლის 9 სექტემბრის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, ხოლო 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. მ-ეს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე სასამართლოს 1998 წლის 9 მარტის განჩინებით მსჯავრდებულს განაჩენის აღსრულება გადაევადა გამოჯანმრთელებამდე.
2012 წლის 29 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად გ. მ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
2012 წლის 25 ივნისს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და მოითხოვა სსკ-ის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 243-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება და სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი აღარ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. ბათუმის სასამართლოს 1997 წლის 9 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა: გ. მ-ის მიმართ სსკ-ის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კანონი) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილზე; გ. მ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 1991 წლის 25 ოქტომბრიდან 1992 წლის 13 იანვრამდე, ასევე - 1997 წლის 28 მაისიდან 1998 წლის 16 მარტამდე და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 1 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ დანაშაული ჩაიდინა 18 წლის ასაკში და მას შემდეგ გასულია დიდი დრო, ჰყავს მეუღლე, შვილები და ავადმყოფი დედა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ გ. მ-ის ქმედება სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კანონი) უნდა გადაკვალიფიცირდეს არა მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, არამედ - 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის სანქცია ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქ. ბათუმის სასამართლოს 1997 წლის 9 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს: განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კანონი) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში გ. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კანონი) გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;
ქ. ბათუმის სასამართლოს 1997 წლის 9 სექტემბრის განაჩენი გ. მ-ის მიმართ სხვა ნაწილში, მათ შორის - სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
მსჯავრდებულ გ. მ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 1991 წლის 25 ოქტომბრიდან 1992 წლის 13 იანვრამდე, ასევე - 1997 წლის 28 მაისიდან 1998 წლის 16 მარტამდე და საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2012 წლის 1 ივნისიდან.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი