გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#33აგ-12 18 დეკემბერი, 2012 წელი
კ-ი გ., 33აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მულის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 15 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენით გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა - 2 000 ლარი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 8 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით გ. კ-სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10 000 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 13 აპრილიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული სხვა უფლებები - 10 წლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით გ. კ-ი გათავისუფლდა 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან. სხვა ნაწილში 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენი, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენი გ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
2012 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის - შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. კ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. კ-ი ითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონების გამოყენებას, ხოლო ალტერნატივის სახით - მის მიმართ დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის - პირობით ჩათვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენი, მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა 2009 წლის 30 ნოემბერს, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენი გ.კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ცვლილება შევიდა იმ საპროცესო გადაწყვეტილებაში, რომლით დანიშნული სასჯელიც იმ დროს უკვე დამატებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელიც თავის მხრივ გადაისინჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრისა და 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენი, რათა სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ოშხარელი