გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#35აგ-12 18 დეკემბერი, 2012 წელი
ჩ-ე ი., 35აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით ი. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მულის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განაჩენით ი.ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ი. ჩ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ჩ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მულის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები. მას სასჯელს ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრისა და 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებებით ი.ჩ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონების შესაბამისად, სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 26 ნოემბრიდან.
2012 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულმა ი. ჩ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენის გადასინჯვა. კერძოდ მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. ჩ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ჩ-ე ითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან იმავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შემცირებას, ხოლო ალტერნატივის სახით - მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენი, მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა 2009 წლის 26 ნოემბერს, რომლის მიხედვითაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულს გაუნახევრდა 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი. ჩ-ს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ცვლილება შევიდა იმ საპროცესო გადაწყვეტილებაში, რომელიც იმ დროს უკვე შეცვლილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენი, რათა სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ი. ჩ-ს მიმართ.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ოშხარელი