დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#3აგ-13 30 იანვარი, 2013 წელი
ს-ე კ., 3აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება კ. ს-ესა და პროკურორს შორის. კ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის სახით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული სხვა უფლებები - 15 წლით.
2012 წლის 3 დეკემბერს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დასკვნის თანახმად, იგი არ შეიძლებოდა დაკითხულიყო მოწმედ და, შესაბამისად, სასამართლო არ დაამტკიცებდა საპროცესო შეთანხმებას, მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო კ. ს-ის ფსიქიკური დაავადების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული კ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსთვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა შემდეგი მოტივაციით: მის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დასკვნა, რომლის თანახმადაც, კ. ს-ე დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით Ds (შიზოფრენიის მაგვარი) - ორგანული ბოდვითი აშლილობა F-06.2. ამავე დასკვნის შესაბამისად, კ. ს-ის მიერ 2010 წლის 4 ივნისს, 5 ივნისს, 6 ივნისს, 30 აგვისტოსა და 19 ოქტომბერს მიცემული ჩვენებები უნდა შეფასებულიყო, როგორც ფსიქიკურად დაავადებული პირის მიერ მიცემული ჩვენებები. აქედან გამომდინარე, სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო კ. ს-ის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, იგი არ გაითვალისწინებდა მის მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენებებს და არ დაამტკიცებდა საპროცესო შეთანხმებას მასა და პროკურორს შორის. შესაბამისად, კასატორის აზრით, აღნიშნული გარემოება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
მოწმესთან დაკავშირებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მიზნებისა და მისი ჩვენების (ჩვენებების) დაუშვებლობის საკითხის განსაზღვრისათვის სასამართლოს უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ საფუძვლებს, ასევე არ უთითებს, თუ რა სახის სამედიცინო დოკუმენტით უნდა განისაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში მოწმის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი – ანუ, შეუძლია თუ არა მას სწორად აღიქვას, დაიმახოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.
შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ხარვეზს კანონმდებლობაში და განმარტავს: მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა მოხდეს საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, კერძოდ: საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დანაშაულის ჩადენისას პირის შეურაცხაობის საკითხი დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფო სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმის განსაზღვრისათვის ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა შეურაცხ მდგომარეობაში, ან მისი ჩადენის შემდეგ ხომ არ გახდა შეურაცხი – იგი უნდა მოთავსდეს სახელმწიფო - სამედიცინო დაწესებულებაში. ანუ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად კანონმდებელი ყველა შემთხვევაში ითხოვს სახელმწიფო (და არა – ასევე კერძო) სამედიცინო დაწესებულების დასკვნას. ამიტომ, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საერთო ანალიზიდან და იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულსაც მოწმის სტატუსი გააჩნია – მოწმის შეურაცხაობის (ფსიქიკური მდგომარეობის) საკითხი სწორედ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებამ უნდა დაადგინოს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დასკვნა მსჯავრდებულ კ. ს-ის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ გაცემული აქვს შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრს”. ამიტომ საკასაციო სასამართლო მას ვერ მიიჩნევს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ კ. ს-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი; შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე