დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2951-13 7 მარტი, 2013 წელი
ბ-ე გ, 2951-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ჟ-ის
მსჯავრდებულ _ გ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით გ. ბ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 264–ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ვ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და გ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 3.000 ლარი.
გ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 აპრილიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ბ-ეს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა წინა განაჩენით საქართველოს სსკ–ის 264–ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 აპრილიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–12 მუხლის თანახმად: ,,დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს“.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
იმავე კანონის მე–18 მუხლის საფუძველზე კი: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად დატოვა უცვლელად დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა – 3.000 ლარი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი