დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №4401-13 15 მარტი, 2013 წელი
გ-ი ი , 4871-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ნ-ის
ადვოკატ - მ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ი. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ივლისის განაჩენით ი. გ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 1500 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 2500 ლარი; სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო სსკ-ის 108-ე მუხლითა და მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარი.
ი გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2008 წლის 27 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 27 ნოემბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ივლისის განაჩენი ი. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლისა და უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ამავე სასამართლოს 16 თებერვლის განჩინებებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ი. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელის, ჯამში - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; იგი ასევე გათავისუფლდა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2008 წლის 27 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 27 ნოემბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მის მიმართ არასწორად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და ითხოვა სასჯელის კიდევ უფრო შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული და ასევე უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3, მე-7 და მე-9 მუხლებით, რომელთა თანახმად, ნასამართლობის არმქონე ი. გ-ი გაათავისუფლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრა.
ამასთან, ამავე კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულიად კანონიერად არ გავრცელდა მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ დანიშნულ დამატებით სასჯელზე - ჯარიმაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლისა და უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ამავე სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. სხირტლაძე