დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.03.2013
საქმის ნომერი
2კ-487-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№4871-13 15 მარტი, 2013 წელი

ფ-ი კ , 4871-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. კ-ის

მსჯავრდებულ _ კ. ფ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ფ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განაჩენით კ. ფ-ი, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 20 000 ლარი.

კ. ფ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2008 წლის 4 აგვისტოდან იმავე წლის 22 სექტემბრამდე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით კ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3 000 ლარი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით.

კ. ფ-მა პირობითი მსჯავრის პერიოდში კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით კ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, არაერთგზის) და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 15 000 ლარის ოდენობით.

სსკ-ის 59-ე , 67-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კ. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 7 წელი , სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე კ. ფ-ს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 15 000 ლარი.

კ. ფ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2011 წლის 13 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 4 აგვისტოდან იმავე წლის 22 სექტემბრამდე.

კ. ფ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად, კ. ფ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.

იმავე კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე კ. ფ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, კ. ფ-ს ¼-ით შეუმცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი –1 წელი და სასჯელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–18, მე-20 მუხლების საფუძველზე უცვლელად დარჩა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 2.000 ლარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 3 000 ლარი.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე კ. ფ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

კ. ფ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით , 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი – 2 წელი, 7 თვე და 15 დღე, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

კ. ფ-ს სასჯელს მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 13 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ფ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი. მას ზედმეტად მოხდილი აქვს 3 თვე , 15 დღე და ითხოვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: დანიშნულ პირობით მსჯავრს – 2 წელს , 7 თვესა და 15 დღეს გამოაკლდეს 7 თვე და პირობითი მსჯავრის სახით საბოლოოდ განესაზღვროს 2 წელი და 15 დღე, ან სრულად გათავისუფლდეს პირობითი მსჯავრის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილით, სადაც აღნიშნულია: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“. რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენის დროს მას შერაცხული არ ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება და არ იყო ნასამართლევი, მასზე სრულიად კანონიერად გავრცელდა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა. კ. ფ-ის მიმართ ასევე კანონიერად არ გავრცელდა ამ მუხლის მოქმედება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრდებისას, რადგან იგი ამ პერიოდში ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად კი: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“. ამდენად, მას მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებები კანონიერად არ აღუდგა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნით, სადაც აღნიშნულია: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“ და მას ¼-ით შეუმცირა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი.

ამავე კანონის მე–17 მუხლის თანახმად: „პირზე, რომელსაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.“ იმავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად კი: „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე“.

იმავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.“

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-18, მე-20 მუხლების გამოყენებით ასევე კანონიერად დატოვა უცვლელად სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ჯარიმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი