განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№6331-13 18 მარტი, 2013 წელი
ნ-ი დ., 6331-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ყ-ის
მსჯავრდებულ _ დ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 11 იანვრიდან.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით დ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ნ-ს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის დადგენილებით დ. ნ-ისათვის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს – 9 წლითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ასევე მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 6 თვე, 4 დღე და განაჩენთა ერთობლიობით დ. ნ-ს საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით, 6 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 მარტიდან.
2013 წლის 23 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ნ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 1 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ნ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრებით იგი ითხოვს განჩინების გაუქმებას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას, კერძოდ: დანიშნული (და არა – მოსახდელად დარჩენილი) სასჯელის შემცირებას ერთი მეოთხედით. მსჯავრდებულმა ასევე ითხოვა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლის თარიღად 2009 წლის 30 მარტის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ და. ნ-ს უნდა შეუმცირდეს დანიშნული და არა - მოუხდელი სასჯელები, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ნ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ერთი წელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ნ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 9 თვე და უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ნ-ს ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები (ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იგი განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი) და უნდა განესაზღვროს 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე, 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრისა და 2010 წლის 20 იანვრის განაჩენებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელების 2010 წლის 26 მარტისთვის მოუხდელი ნაწილები უნდა შეიკრიბოს და საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ნ-ს უნდა განესაზღვროს 9 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას სასჯელის ვადის ათვლის თარიღთან დაკავიშრებით, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს სწორად აქვს ათვლილი სასჯელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის დადგენილების გამოტანის დღიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ნ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ერთი წელი ჩაეთვალოს მოხდილად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ნ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს 2008 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 9 თვე და განესაზღვროს 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ნ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვროს 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე, 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრისა და 2010 წლის 20 იანვრის განაჩენებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელების 2010 წლის 26 მარტისთვის მოუხდელი ნაწილები შეიკრიბოს და საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ნ-ს განესაზღვროს 9 წლით, 4 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე