განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1041-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№10411-13 2 აპრილი, 2013 წელი

ე-ე დ., 10411-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - მ. მ-ს

მსჯავრდებულ - დ. ე-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ე-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და დ. ე-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ე-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ე-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ე-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ დ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. ე-ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ დ. ე-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 9 თვის ვადით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 24 აპრილიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ე-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული დ. ე-ე არის ადრე ნასამართლევი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლით, 151-ე და 252-ე მუხლებით.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, მსჯავრდებულ დ. ე-ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 6 წელს. დანიშნულ სასჯელს უნდა გამოაკლდეს რეალურად მოხდილი ნაწილი - 3 წელი და ამ განაჩენით მას უნდა შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. ე-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 წელს.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ე-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2010 წლის 24 აპრილიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ე-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ე-ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 6 წელს. დანიშნულ სასჯელს გამოაკლდეს რეალურად მოხდილი ნაწილი - 3 წელი და ამ განაჩენით მას შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. ე-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 წელს.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ე-ს მოსახდელად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 24 აპრილიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე