განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 03.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1068-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№10681-13 3 აპრილი, 2013 წელი

პ-ი ი., 10681-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ფ-ის

მსჯავრდებულ _ ი. პ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. პ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ი. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ი. პ-ს ამოერიცხა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; განაჩენი მის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ი. პ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 2 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის დადგენილებით ი. პ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 მარტიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. პ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 3 თვისა და 18 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 მარტიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. პ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას და სასჯელის ვადის ათვლას 2008 წლის 18 მარტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული და არა მოუხდელი სასჯელები, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კანონის ამავე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე, 61-ე მუხლების შესაბამისად, უნდა შეიკრიბოს 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით მოუხდელი სასჯელები და საბოლოოდ ი. პ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლით, 8 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. პ-ს სწორად აქვს ათვლილი სასჯელი გორის რაიონული სასამართლოს დადგენილების მიღების დღიდან - 2010 წლის 1 მარტიდან.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს 2010 წლის 12 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. პ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლით, 8 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე