დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1334-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13341-13 16 აპრილი, 2013 წელი

ა-ი რ., 13341-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - გ. ლ-ს

ადვოკატ - თ. გ-ს

თარჯიმან - ე. მ-ს

მსჯავრდებულ - რ. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით რ. ა-ი, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ რ. ა-ს მიმართ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 თვე, 20 დღე და რამილ აბდულაევს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ა-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 2 წელს, 2 თვეს და 16 დღეს - გამოაკლდა საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 7 თვე და საბოლოოდ რ. ა-ს მოსახდელად დარჩა 1 წლით, 7 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დადგენილების გამოტანის დღიდან - 2007 წლის 25 დეკემბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული რ. ა-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ რ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით;

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან რ. ა-ი არის ადრე ნასამართლევი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. ქათამაძე