დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1366-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13661-13 16 აპრილი 2013 წელი

ა-ე ჯ.- 13661-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ლ-ის

მსჯავრდებულ _ ჯ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით ჯ. ა-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 323-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 323-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 323-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 323-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 323-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 4 დეკემბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯ. ა-ე გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ბრალდების ხუთი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 13-13 და 16 წელი, რის შედეგადაც განესაზღვრა 9-9 წლით, 9-9 თვითა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 4 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი ფაქტობრივად არ გამოყენებულა, რადგან საბოლოო სასჯელის ზომა დარჩა უცვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ჯ. ა-ე სწორად გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა (ბრალდების ხუთი ეპიზოდი) და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან. ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ ,,დანიშნული სასჯელი“ გულისხმობს კონკრეტული მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრას და არა - დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის მაქსიმალური ზღვარის დადგენას, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულს საბოლოოდ დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 30 წლამდე.

ამდენად, მსჯავრდებულს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეუმცირდა თითოეული მუხლით დანიშნული სასჯელის ზომა, რაც უნდა გამოკლებოდა არა დანაშაულთა ერთობლიობით კანონით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს, არამედ - თითოეული დანაშაულისათვის დანიშნულ და, შესაბამისად, მათი ერთობლიობით განსაზღვრულ საბოლოო სასჯელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება ჯ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი