განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1432-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14321-13 24 აპრილი, 2013 წელი

გ-ი მ., 14321-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ფ-ს

ადვოკატ - დ. ბ-ს

მსჯავრდებულ - მ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, 109-ე მუხლის „ი“, „ვ“, „ლ“ პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ერთობლიობის წესით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა საპყრობილის პირობებში (ცნობისათვის მ. გ-ი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 24 იანვრიდან).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ პუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელთა ერთობლიობით და მათი ნაწილობრივი შეკრებით მ. გ-ს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მას დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, განაჩენთა ერთობლიობით მ. გ-ს დაენიშნა სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული მ. გ-ი პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 24 იანვრიდან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებული მ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, მაგრამ საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. გ-ს მოსახდელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული იგივე სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ მ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „ვ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 6 თვესა და 24 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 3 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 3 წელს, 4 თვესა და 27 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 6 თვისა და 20 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით შეადგენს 6 წელს, 9 თვესა და 25 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 1 თვისა და 11 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 2 წელს, 10 თვესა და 3 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 1 თვისა და 17 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 11 წელს, 4 თვესა და 11 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 6 თვისა და 8 დღის ვადით.

პროპორციული წილის გათვალისწინებით დარჩენილი სასჯელების შეკრების შედეგად, 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის, 8 თვისა და 29 დღის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ამნისტიის გამოყენების შედეგად, 2001 წლის 12 ოქტომბრისა და 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენთა ერთობლიობით მ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მ. გ-ი პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 24 იანვრიდან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან მ. გ-ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რაც შეადგენს 9 წელს.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რაც შეადგენს 9 წელს.

საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე