დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.08.2013
საქმის ნომერი
30აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.08.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №30აგ-13 2 აგვისტო, 2013 წელი

შ-ი დ.-30აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხ. მ-ის, დ. ჯ-ისა და დ. შ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულებს შორის, რომლის თანახმად, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: დ. შ-ი – საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ხ. მ-ი – საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; დ. ჯ-ი – საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3-3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალათ პირობით, 4-4 წლის გამოსაცდელი ვადით; დ. შ-სა და დ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2011 წლის 22 ივნისიდან, ხოლო ხ. მ-ს – 2011 წლის 20 ივნისიდან.

ამავე განაჩენით ცნობილ არიან დამნაშავეებად ლ. ტ-ი, გ. ს-ი, კ. ტ-ი, შ. ს-ი, ბ. კ-ი და გ. ი-ე.

2013 წლის 25 თებერვალს მსჯავრდებულმა დ. შ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა, მისი გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მასთან და სხვა ბრალდებულებთან პროკურატურამ გააფორმა საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე, რადგან მათ იმ პერიოდში არ ჰქონდათ თავის გადარჩენის რაიმე სხვა საშუალება და იძულებულები იყვნენ, არჩადენილი დანაშაული „აეღოთ საკუთარ თავზე“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ელოდათ გარდაუვალი სიკვდილი წამებით; დღეის მდგომარეობით გამოვლინდა ორი ახალი გარემოება: 1. დ. შ-ი დაიკითხა ი. ო-ისა და სხვა პირების სასამართლო პროცესზე, სადაც ფიცის ქვეშ მისცა ამომწურავი ჩვენება, რომელშიც დეტალურად აღწერა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და ის მიზეზები, რატომ დაიბრალა თვითონ და დააბრალა სხვებსაც დანაშაულის ჩადენა; 2. ი. ო-ისა და სხვა პირების სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვა ბრალდებაზე; სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და ი. ო-ის, ი. გ-ისა და სხვათა მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებაზე უარის თქმის საფუძვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ, თუ ის პირები, რომლებიც დ. შ-თან ერთად იყვნენ მხილებულნი დანაშაულის ჩადენაში და თუ ამ დანაშაულის ორგანიზატორად მიჩნეული სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდა, ბუნებრივია, ეს წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის საფუძველზე სს საქმეზე დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შემდეგ უტყუარად გამოიკვეთება დ. შ-ის უდანაშაულობა.

2013 წლის 4 მარტს მსჯავრდებულებმა – დ. ჯ-მა და ხ. მ-მა ასევე შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნით.

დ. ჯ-მა შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენი დამყარებულია კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე (ბრალდებულთა დაკითხვის ოქმები, მათი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები); საქმის მასალების მიხედვით, ყველა ბრალდებულმა და მათმა ნათესავებმა, რომლებთანაც ჩატარდა ჩხრეკა, უარი თქვეს დამსწრეების მოწვევაზე, ხოლო ყველა ბრალდებულმა დაკითხვის დროს ასევე უარი განაცხადა ადვოკატის მოწვევაზე. კასატორის განმარტებით, იგი კანონსაწინააღმდეგო ნივთს სახლში არ ინახავდა, მისი ძმის – გ. ჯ-ის სახლის ჩხრეკისას, რომელიც ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ჩადეს იარაღი, არ მისცეს დამსწრის მოწვევის საშუალება, დ. ჯ-ს ჩხრეკის ოქმზე იძულებით მოაწერინეს ხელი, ოქმში კი დააფიქსირეს, რომ დ. ჯ-მა დამსწრეების მოწვევაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ დ. ჯ-მა ვერ მისცა ჩვენება, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამის გამო მისი სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

გარდა აღნიშნულისა, მსჯავრდებული დ. ჯ-ი ასევე უთითებს, რომ ი. ო-ის, ი. გ-ისა და სხვა მიმართ, რომლებიც დ. ჯ-ისათვის ცალკე განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულის ორგანიზატორებად და თანამონაწილეებად მიიჩნეოდნენ, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; მათი საქმის განხილვისას გამოვლინდა არაერთი ფაქტი და შეისწავლეს არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ დ. ჯ-ის უდანაშაულობას; იგი დაიკითხა ი. ო-ის პროცესზე, სადაც ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება, რომ გამოძიებაში მის მიმართ იყო ზეწოლა და საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარითა და დაშინებით. აღნიშნული გარემოებები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენის დადგენისას უცნობი იყო, ასევე უცნობი იყო მოწმეებად დაკითხული კონტრდაზვერვის თანამშრომლების – ვ. ს-ის, ზ. ვ-ის, გ. დ-ის, მ. ს-ისა და ო. ნ-ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები; აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვა ბრალდებაზე. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, პრეიუდიცია კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული დ. ჯ-ი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას, მის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

მსჯავრდებული ხ. მ-ი შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ ი. ო-ის, ი. გ-ისა და სხვა მიმართ, რომლებიც ხ. მ-ისათვის ცალკე განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულის ორგანიზატორებად და თანამონაწილეებად მიიჩნეოდნენ, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; მათი საქმის განხილვისას გამოვლინდა არაერთი ფაქტი და შეისწავლეს არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ ხ. მ-ის უდანაშაულობას; იგი მოწმის სახით დაიკითხა ი. ო-ის პროცესზე, სადაც ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება და განმარტა, რომ გამოძიებაში მის მიმართ იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა და საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარითა და დაშინებით. აღნიშნული გარემოებები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენის დადგენისას უცნობი იყო, ასევე უცნობი იყო მოწმეებად დაკითხული კონტრდაზვერვის თანამშრომლების – ვ. ს-ის, ზ. ვ-ის, გ. დ-ის, მ. ს-ისა და ო. ნ-ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები; აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვა ბრალდებაზე. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, პრეიუდიცია კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველია.

მსჯავრდებულის აზრით, მის მიმართ სასამართლოში წარდგენილი ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, შემდგომ ი. ო-ისა და სხვათა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარის ურთიერთთანხმობით მიჩნეულ იქნა არასაკმარისად ი. ო-ისა და სხვა მიმართ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად; შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებები ვერ იქნებოდა საკმარისი არსებითი განხილვის გარეშე ხ. მ-ის მიმართ განაჩენის გამოსატანად.

გარდა აღნიშნულისა, ხ. მ-ი ასევე უთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენი დამყარებულია კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე (ბრალდებულთა დაკითხვის ოქმები, მათი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები); საქმის მასალების მიხედვით, ყველა ბრალდებულმა და მათმა ნათესავებმა, რომლებთანაც ჩატარდა ჩხრეკა, უარი თქვეს დამსწრეების მოწვევაზე, ხოლო ყველა ბრალდებულმა დაკითხვის დროს ასევე უარი განაცხადა ადვოკატის მოწვევაზე. ხ. მ-ის განმარტებით, იგი კანონსაწინააღმდეგო ნივთს სახლში არ ინახავდა; მისი ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, რომელიც ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, იგი უკვე დაკავებული იყო, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ბინაში ჩაუდეს იარაღი, მის მეუღლეს – ე. მ-ს არ მისცეს დამსწრის მოწვევის საშუალება, ჩხრეკის ოქმზე იძულებით მოაწერინეს ხელი, ოქმში კი დააფიქსირეს, რომ ე. მ-მა დამსწრეების მოწვევაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ე. მ-მა ვერ მისცა ჩვენება, რადგან ეშინოდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ხ. მ-ი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვას, მის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულების – დ. შ-ის, დ. ჯ-ისა და ხ. მ-ის შუამდგომლობები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ხ. მ-ი და დ. ჯ-ი საკასაციო საჩივრებში, გარდა შუამდგომლობაში მითითებული მოტივებისა, დამატებით აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე არის პოლიტიკური დევნის შედეგი; საქართველოს პარლამენტმა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ისინი პოლიტპატიმრებად ცნო. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11 მარტის განჩინების გაუქმებას და მათი შუამდგომლობების დასაშვებად ცნობას.

დ. შ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11 მარტის განჩინების გაუქმებას და მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე მოტივებით, რაც მითითებულია შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორების მიერ თავიანთ საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. მ-ის, დ. ჯ-ისა და დ. შ-ის შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხ. მ-ის, დ. ჯ-ისა და დ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება ხ. მ-ის, დ. ჯ-ისა და დ. შ-ის შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე