შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.10.2013
საქმის ნომერი
313აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№313აგ-13 28 ოქტომბერი, 2013 წელი

პ-ი ი, 313აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

ი. პ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ი. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. პ-ს მსჯავრდებიდან (2008 წლის 17 მარტის ეპიზოდი) ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ი. პ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 2 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის დადგენილებით ი. პ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 მარტიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. პ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 3 თვისა და 18 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2010 წლის 12 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. პ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. პ-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას, აღნიშნული კი წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. პ-ს შუმადგომლობა არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის დადგენილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ი. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა ი. პ-ა ბოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დადგენილი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირველ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2008 წლის 18 მარტიდან 2009 წლის 23 სექტემბრამდე მოსახდელად დარჩენილი სასჯელი - 2 წელი, 2 თვე და 25 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ ი.პ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 23 სექტემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. პ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2008 წლის 18 მარტიდან 2009 წლის 23 სექტემბრამდე მოსახდელად დარჩენილი სასჯელი - 2 წელი, 2 თვე და 25 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. პ-ს მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 23 სექტემბრიდან.

მსჯავრდებული ი. პ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ბ. ალავიძე