ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№9აპ-13 8 მაისი, 2013 წელი
ი-ე ხ.- 9აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ხ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ. მ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მას სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. რ-ას, გ. ყ-ის, მ. ა-ის, კ. ხ-ის, ი. მ-ის, ქ. დ-ის, ლ. ზ-ის, ნ. ი-ის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი; სსკ–ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხ. მ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (გ. ი-ის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ხ. ი-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 7000 ლარი.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ხ. ი-ეს დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2012 წლის 7 მარტიდან.
ხ. ი-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2010 წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, თ-ში, ...-ის ქუჩა №...–ში არსებული 400 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა–ნაგებობები დარეგისტრირდა პ. და მ. ო-ების საკუთრების უფლებით. აღნიშნულის შემდეგ პ. ო-ის მეუღლის – ხ. ი-ის, როგორც მესაკუთრეების მინდობილი პირის მიერ, სესხის მიღების მიზნით ხსენებული უძრავი ქონება რამდენჯერმე დაიტვირთა იპოთეკით სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული იპოთეკური სესხების უზრუნველსაყოფად. მათ შორის აღნიშნული ქონება იპოთეკით დაიტვირთა 2011 წლის 23 სექტემბერს ხ. ი-ის მიერ ხ. მ-ისაგან სესხის სახით მიღებული 70 000 აშშ დოლარის და 2012 წლის 13 იანვარს ხ. ი-ის მიერ გ. ი-ისაგან სესხის სახით მიღებული 2700 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად.
2012 წლის თებერვალში ხ. ი-ემ განიზრახა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება–გამოყენების გზით ხ. მ-ის კუთვნილი 70 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით მან გამოძიებით დაუდგენელ ზუსტ დროსა და ვითარებაში ხ. მ-ის სახელით დაამზადა ყალბი განცხადება 70 000 აშშ დოლარიანი იპოთეკის გაუქმების თაობაზე. 2012 წლის 13 თებერვალს ხ. ი-ემ აღნიშნული ყალბი განცხადება სხვა დოკუმენტებთან ერთად, ისე, რომ მას ხ. მ-ისაგან სესხად მიღებული თანხა დაბრუნებული არ ჰქონდა, წარადგინა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში. ხსენებული ყალბი განცხადების საფუძველზე 2012 წლის 15 თებერვალს ხ. მ-ის იპოთეკა გაუქმდა, რითაც მას მოესპო სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საშუალება. ამ გზით ხ. ი-ემ, თაღლითურად დაეუფლა რა ხ. მ-ის კუთვნილ 70 000 აშშ დოლარს, მას მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
გარდა აღნიშნულისა, ხ. ი-ემ 2012 წლის თებერვალში გამოძიებით დაუდგენელ ზუსტ დროსა და ვითარებაში დაამზადა ნოტარიუს ნ. ს-ის სახელით შედგენილი ყალბი სანოტარო აქტი – გ. ი-ის 2700 აშშ დოლარიანი იპოთეკის გაუქმების თაობაზე და გამოყენების მიზნით 2012 წლის 27 თებერვალს სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში. ამასთან, ხ. ი-ემ ხსენებული 2700 აშშ დოლარი დაუბრუნა გ. ი-ს.
გარდა აღნიშნულისა, ხ. მ-ის 70 000 აშშ დოლარიანი იპოთეკის გაუქმების რეგისტრაციისა და შესაბამისი ამონაწერის მიღების შემდეგ, ხ. ი-ემ განიზრახა, იპოთეკური სესხის ხელშეკრულების გაფორმების გზით თაღლითურად დაუფლებოდა მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ მიზნით ხ. ი-ე დაუკავშირდა მოქალაქეებს: ე. რ-ას, გ. ყ-ს, მ. ა-ს, კ. ხ-ეს, ი. მ-ს, ქ. დ-ს, ლ. ზ-ეს და ნ. ი-ს, რომლებსაც დაუმალა რა ხსენებულ უძრავ ნივთზე 70 000 აშშ დოლარიანი იპოთეკის არსებობის ფაქტი, დაითანხმა ისინი მისთვის იპოთეკური სესხის მიცემაზე. დასახელებულ მოქალაქეებთან 2012 წლის 16 თებერვალს და 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ხ. ი-ე თაღლითურად დაეუფლა ე. რ-ას კუთვნილ – 15 000 აშშ დოლარს, გ. ყ-ის კუთვნილ – 5000 აშშ დოლარს, მ. ა-ის კუთვნილ – 4000 აშშ დოლარს, კ. ხ-ის კუთვნილ – 6000 აშშ დოლარს, ი. მ-ის კუთვნილ – 5500 აშშ დოლარს, ქ. დ-ის კუთვნილ – 2500 აშშ დოლარს, ლ. ზ-ის კუთვნილ – 8000 აშშ დოლარს და ნ. ი-ის კუთვნილ – 5700 აშშ დოლარს, მთლიანობაში – 51 700 აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელებს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. ი-ემ. აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მხარეთა მონაწილეობით, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ხ. ი-ემ ჩაიდინა მისთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი.
მსჯავრდებულმა ხ. ი-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კასატორს მიაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია; სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის გარეშე; მის უდანაშაულობას დაადასტურებენ მოწმეები, რომელთა დაკითხვა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ბრალდების მხრიდან საპროცესო შეთანხმების დადების პირობით, რომლის საფუძველზე მან დანაშაული აღიარა, თუმცა, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა და სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე უკანონოდ დასდო მას მსჯავრი იმ ქმედებაში, რაც არ ჩაუდენია; ამიტომ ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.
საკასაციო საჩივრის შესაგებელში საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორი ზ. ქ-ი არ იზიარებს კასატორის არგუმენტებს მისი უდანაშაულობის შესახებ, მიიჩნევს მათ უსაფუძვლოდ და ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს მტკიცებულება, სასამართლოს მეშვეობით გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება.
მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა, ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მხარეთა კომპეტენციას წარმოადგენს. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მაისის წინა სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა დაცვის მხარისთვის საპროცესო კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გადაცემული იმ მტკიცებულებათა ნუსხა, რომელიც დაცვის მხარესთან თანხმობით დაშვებულ იქნა სასამართლოს არსებით განხილვაზე, როგორც ბრალდების მტკიცებულებები.
წინა სასამართლო სხდომის ამავე ოქმის თანახმად, დაცვის მხარემ, საქართველოს სსსკ–ის 83–ე მუხლის მე–6 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველობით და დარღვევით, დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რასაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის შესაბამისად უთხრა უარი დაკმაყოფილებაზე.
საქმის არსებითი განხილვის 2012 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სსსკ–ის 241–ე მუხლის თანახმად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა, დაცვის მხარემ საპასუხოდ იშუამდგომლა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების დადების მოტივით სხდომის გადადება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
2012 წლის 22 ივნისის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, რის შემდეგაც დაცვის მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა.
მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის სხდომაზე ხ. ი-ემ აღიარა თავის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. აღნიშნულის საფუძველზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სადავოდ არ ხდიდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არც ერთ მტკიცებულებას და უარი განაცხადა ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე. ამასთან, საქართველოს სსსკ–ის 84–ე მუხლის თანახმად, იშუამდგომლა მტკიცებულებათა წარდგენის საგამონაკლისო უფლებით და მოითხოვა ხ. ი-ის დაკითხვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარისათვის შესავალი სიტყვის წარმოთქმამდე იყო ცნობილი ბრალდების მხარის უარი საპროცესო შეთანხმებაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ნებაყოფლობით თვითონ თქვა უარი სასამართლო სხდომაზე ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე. აღნიშნულით კი, საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და კანონის შესაბამისად, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე სწორად მიიღო ისინი მტკიცებულებად, შეამოწმა და შეაფასა საქმის გარემოებებთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის საკითხი, რის შედეგადაც გამოარკვია საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და ამ ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე ეჭვის გამომრიცხავად დადგენილად მიიჩნია ხ. ი-ის ბრალეულობა მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებებში.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კასატორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ მასთან მიმართებით საქმის განხილვის მიმდინარეობისას დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებები, საფუძველს მოკლებულია და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მსჯავრდებულის მიმართ გავრცელების შესახებ დაზარალებულებიდან წერილობითი თანხმობა გაცხადებული აქვს ხ. მ-ს და ამ ეპიზოდში მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან. ბრალდების მეორე ეპიზოდში წერილობითი უარი გაცხადებული აქვს მხოლოდ დაზარალებულ ქ. დ-ს, ხოლო დანარჩენ დაზარალებულებს, რომლებსაც სასამართლოს მხრიდან ეცნობათ ხ. ი-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის შესახებ, დღემდე თავიანთი პოზიცია სასამართლოსათვის არ უცნობებიათ, რაც გამორიცხავს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–11 მუხლის გამოყენებით მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. ამასთან, ამავე კანონის მე–3 და მე–4 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასამართლო იმსჯელებს მსჯავრდებულის სასიკეთოდ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე–4, მე–18 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, ხ. ი-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (ხ. მ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 9 თვით თავისუფლების აღკვეთის –მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, ხ. ი-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (გ. ი-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 9 თვით თავისუფლების აღკვეთის –მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, ხ. ი-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ხ. მ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 7 წლით თავისუფლების აღკვეთის –მოხდისაგან.
ამავე ეპიზოდში დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 3500 ლარი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის თანახმად, დარჩეს უცვლელად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის თანახმად, ხ. ი-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ე. რ-ას, გ. ყ-ის, მ. ა-ის, კ. ხ-ის, ი. მ-ის, . დ-ის, ლია ზ-ისა და მ. ი-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით – შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 8 თვით.
ამავე ეპიზოდში დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 3500 ლარი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის თანახმად, დარჩეს უცვლელად.
სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები შეიკრიბოს სრულად და საბოლოოდ ხ. ი-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 8 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა – 7000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ხ. ი-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2012 წლის 7 მარტიდან.
სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ხ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შვლიაშვილი