დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.07.2013
საქმის ნომერი
2კ-1905-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№19051-13 31 ივლისი, 2013 წელი

ა-ი ც, 19051-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ქ-ს

ადვოკატ - ც. ჯ-ს

მსჯავრდებულ - ც. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ც. ა-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენით ც. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ც. ა-ს სასჯელის ვადის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 11 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ც. ა-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განაჩენით ც. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ც. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა აეთვალა ამ განაჩენის მიღების დღიდან _ 2011 წლის 23 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ც. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ც. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ც. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 230–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

ც. ა-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

ამდენად, ც. ა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან მოსახდელად დარჩა მხოლოდ საქართველოს სსკ–ის 230–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშნული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო ამ დანაშაულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან – 2010 წლის 23 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ც. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე. რადგან ც. ა-ი ნასამართლევია მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ც. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი