საზედამხედველო

სისხლის სამართლის 29.11.2013
საქმის ნომერი
78აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№78აგ-13 29 ნოემბერი, 2013 წელი

ზ-ე ა., 78აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით ა. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთ მეოთხედით და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთ მეოთხედით და განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ა. ზ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით - 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

ა. ზ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 27 თებერვლიდან 2008 წლის 5 მარტის ჩათვლით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განაჩენით ა. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 5 წელი და 7 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. ზ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით ა. ზ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით და ა. ზ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

ა. ზ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა - 2009 წლის 1 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 27 თებერვლიდან 2008 წლის 5 მარტის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განაჩენი ა. ზ-ის მსჯავრდების ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ა. ზ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელებზე გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება და მას საბოლოო სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვრა - 5 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ა. ზ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა - 2009 წლის 1 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 27 თებერვლიდან 2008 წლის 5 მარტის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 4 წლით, 2 თვითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი - 9 თვის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვე და ა. ზ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 4 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი 9 თვე, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ა. ზ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა - 2009 წლის 1 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 27 თებერვლიდან 2008 წლის 5 მარტის ჩათვლით. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შთანთქმის პრინციპით დანიშვნას იმ მოტივით, რომ სასჯელების სრულად შეკრების შედეგად დაირღვა მისი კანონიერი უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სასჯელში იგულისხმება კონკრეტული მუხლის სანქციით შერჩეული სახე და ზომა და არა - ამ სასჯელის რეალურად მოსახდელი ან პირობით ჩათვლილი ნაწილი.

ამდენად, მსჯავრდებულ ა. ზ-ის მიმართ 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას იმავე მუხლით (ბრალდების პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც მას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 7 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 10 თვე და 24 დღე - ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის...“.

იმის გათვალისწინებით, რომ ა. ზ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისიწინებლი დანაშაულები (2008 წლის 7 აპრილის განაჩენი) ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მიერ სსკ-ის 2381-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შთანთქმასთან დაკავშირებით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დანიშნა ნაწილობრივი შეკრების წესით, კერძოდ: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ბოლო განაჩენით (2010 წლის 1 ივნისი) დანიშნულ სასჯელს დაუმატა მხოლოდ ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ზ-ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შთანთქმის წესით დანიშვნა აშკარად უსამართლო იქნება. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ა. ზ-ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი ჩათვლილი ჰქონდა პირობით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 თვე და 12 დღე უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 თვე და 19 დღე ჩაეთვალოს პირობით.

ამდენად, ა. ზ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ, ამნისტიით შემცირებულ და სააპელაციო სასამართლოს მიერ შთანთქმის პინციპით განსაზღვრულ სასჯელს - 4 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთას, საიდანაც 4 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით, უნდა დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული, ამნისტიით შემცირებული და შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2 თვე და 12 დღე - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 3 თვე და 19 დღე - პირობითი მსჯავრი) და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს - 5 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 19 დღე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 3 თვისა და 19 დღის გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ა. ზ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) საბოლოოდ დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დაენიშნოს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 10 თვე და 24 დღე -ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა. ზ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ, ამნისტიით შემცირებულ და შთანთქმის პრინციპით განსაზღვრულს სასჯელს - 4 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული, ამნისტიით შემცირებული და შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2 თვე და 12 დღე - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი და 3 თვე და 19 დღე - პირობითი მსჯავრი) და საბოლოოდ დაენიშნოს - 5 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 19 დღე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის, 3 თვისა და 19 დღის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე