დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.12.2013
საქმის ნომერი
210აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №210აგ-13 26 დეკემბერი, 2013 წელი

ე-ი თ.-210აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ე-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ თ. ე-ს შორის.

თ. ე-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თ. ე-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

თ. ე-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 ივნისიდან

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: გ. ჩ-ეს, ჯ. ჩ-ეს, ვ. მ-ს, ლ. ბ-ს, ნ. ა-ეს, ბ. ნ-ეს, ბ. ბ-ს, დ. ა-ს, ი. ი-ს, ე. გ-ეს, გ. გ-ს, თ. ო-ს, ნ. ჯ-სა და ზ. ლ-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, თ. ე-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში, კერძოდ: ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, თ. ე-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

2013 წლის 13 ივნისს მსჯავრდებულმა თ. ე-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა, მისი გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელის (შემქმნელის) ი. ო-ისა და სხვათა მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, მისი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა გამორიცხულია, ვინაიდან ფორმირება არ შექმნილა. რაც შეეხება ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, მას არ ეკუთვნოდა. აღიარებითი ჩვენება კი განაპირობა ძლიერმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ.

ამდენად, თ. ე-ი, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ე-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თ. ე-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმებას და მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებულია შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ე-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განჩინება თ. ე-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი