საზედამხედველო

სისხლის სამართლის 04.12.2013
საქმის ნომერი
375აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №375აგ-13 4 დეკემბერი, 2013 წელი

გ-ო გ., 375აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ოს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის განაჩენით გ. გ-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით – 6 წლითა და 6 თვით, მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 1000-1000 ლარი ჯარიმა. დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარი ჯარიმა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. გ-ოს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 დეკემბრიდან.

2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა გ. გ-ომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების ნაწილი – 500-500 ლარი ჯარიმა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარი; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. გ-ო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. გ-ომ წინა განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, გ. გ-ოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 19,178-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სხვა მუხლებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ გ. გ-ოს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2008 წლის 27 დეკემბრიდან. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ოსთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 7000 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

გ. გ-ოს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე შთანთქას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელები - 1000-1000 ლარი ჯარიმა და საბოლოოდ გ. გ-ოს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ-ოსთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 7000 ლარი დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებულ გ. გ-ოს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 27 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული გ. გ-ო დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე