დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№473აგ-13 24 დეკემბერი, 2013 წელი
ხ-ი გ.- 473აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით – 20 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, გ. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული - 20 წელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და 6 თვე და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. ხ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 ნოემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა გ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
გ. ხ-ისთვის სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შემცირებულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 236-ე და 344-ე მუხლებით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შემცირებული სასჯელების ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ხ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 13 ნოემბრიდან.
მსჯავრდებული გ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის საფუძველზე ან ნაწილობრივი შეკრების შედეგად - 6-6 თვის დამატებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. შესაბამისად, უდავოა ის გარემოება, რომ გ. ხ-თან მიმართებით სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს გ. ხ-ის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობას - მათ ძალადობრივ ხასიათს, რის გამოც მიიჩნევს, რომ მისთვის სასჯელის შთანთქმის პრინციპის საფუძველზე დანიშვნა, ან კიდევ უფრო შემცირება, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი გ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი
№473აგ-13 05 თებერვალი, 2018 წელი
ხ-ი გ, 473-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენში გ. ხ-ს მიმართ დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცში მითითებულია:
,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი გ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.“
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისი აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი გ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.“
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბერს განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი გ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი