საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 02.12.2013
საქმის ნომერი
1337აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1337აგ-13 2 დეკემბერი, 2013 წელი

თ-ა ზ, 1337აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ჩ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა ზ. თ-ა და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ჩ-ს შორის 2009 წლის 8 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.

ზ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ. თ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო - 2007 წლის 6 მარტიდან - 2007 წლის 15 მარტის ჩათვლით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ზ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 261–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67-ე და 59–ე მუხლების საფუძველზე გაუქმდა ზ. თ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მთლიანად დაემატა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელს და ზ. თ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 17 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო - 2007 წლის 6 მარტიდან - 2007 წლის 15 მარტის ჩათვლით.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დამტკიცდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ. ბ-ა და მსჯავრდებულ ზ. თ-ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. რ-ს მონაწილეობით) შორის 2011 წლის 28 ნოემბერს წერილობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. ზ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 261–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. თ-ს მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ზ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2011 წლის 17 ივნისიდან. მასვე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო – 2007 წლის 6 მარტიდან - 2007 წლის 15 მარტის ჩათვლით, ანუ – 10 დღე.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის 1–ლი ნაწილითა და სსკ-ის 261–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და 6 თვე და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (რაშიც ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო - 10 დღე, 2007 წლის 6 მარტიდან - 2007 წლის 15 მარტის ჩათვლით), რომელიც აეთვალა 2011 წლის 17 ივნისიდან, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა (3 წელი და 6 თვე) და განესაზღვრა 2 წელი, 7 თვე და 15 დღე - პირობითი მსჯავრი, 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

2013 წლის 22 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. თ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართოლს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. თ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება:

ზ. თ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებულ სასჯელს – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას და პირობით მსჯავრს - 2 წელს, 7 თვეს და 15 დღეს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელიდან (3 წელი, 8 თვე და 20 დღიდან) – 3 წელი, 4 თვე და 15 დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ. თ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

ზ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2011 წლის 17 ივნისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენის მიხედვით, ზ. თ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2007 წლის 6 მარტს, დაახლოებით 2 საათზე, ნასვამი მივიდა თ-ი, ზემო ფ-ს დასახლებაში, ღ-ს ქუჩის №–ში, მდებარე ნაცნობ მ. ი-ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, დაუძახა და უთხრა, რომ იყო ზვიადი, რაზედაც მ. ი-მ გააღო შესასვლელი კარი და ისინი შევიდნენ იქვე, ეზოში სახლთან განთავსებულ სამზარეულოში, სადაც შესვლისთანავე ზ. თ-მ ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, გაშალა იგი, მოიმარჯვა ხელში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მოსთხოვა მ. ი-ს ფული, რაზედაც მიიღო უარი. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ განაგრძობდა დანის გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მუქარას, კერძოდ, აგინებდა დედას, ემუქრებოდა მოკვლით და მოითხოვდა მისგან ფულს. ამის შემდეგ მ. ი-მ ზ. თ-ს უთხრა, რომ ფული შენახული ჰქონდა სახლში, რის გამოც გავიდა სამზარეულოდან, შევიდა სახლში, გადაკეტა კარი და მომხდარი ფაქტის შესახებ შეატყობინა საპატრულო პოლიციას, ხოლო ზ. თ-ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს გატარებული ღონისძიების შედეგად, დაზარალებულის უშუალო მითითებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზ. თ-ა დააკავეს იმ დროს, როდესაც მიმალვას ცდილობდა.

2013 წლის 2 სექტემბერს ზ. თ-მ (რომლის სს საქმე შემოვიდა 2013 წლის 25 სექტემბერს) შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: შუამდგომლობის ავტორი ითხოვდა დაკითხულიყო ყველა ის პირი, რომელიც საქმეში ფიგურირებდა და დაზარალებულად ცნობილი მ. ი-ა. საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო იძულებითი ნაბიჯი. იგი ითხოვდა ობიექტური და სამართლიანი კვალიფიკაცია მინიჭებოდა მის საქმეს, ვინაიდან მას სსკ–ის 179–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდანია. საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ ის ი-ს სთხოვდა მხოლოდ იმ თანხას, რაც ასესხა მის მეუღლეს, რაზედაც იგი დაემუქრა „პოლიციაში დავრეკავო“. რამდენიმე ხანში პოლიციამ დააკავა და უთხრა, რომ ი-ს ყაჩაღობაში ედებოდა ბრალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლომ კარგად იცოდა ის ფაქტი, რომ მას არც ნიღაბი ჰკეთებია და არც დანა ჰქონია. იგი არ აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ - უშედეგოდ. მოგვიანებით ი-მ სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ მის მეუღლეს სინამდვილეში მართლაც ჰქონია ზ. თ-ს ვალი, რაც მისი მეუღლის მეგობრებისგან გაუგია და ითხოვდა სასამართლოზე დაკითხვას, მაგრამ სასამართლომ არ დაკითხა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. თ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. თ-მ.

2013 წლის 29 ნოემბრის განცხადებით მსჯავრდებული ზ. თ-ა შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ზ. თ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე