შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №162აპ-13 ქ. თბილისი
შ-ე თ., 162აპ-13 28 იანვარი, 2014 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. ტ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:
გ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 5 აგვისტოდან.
თ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენით გ. ფ-ს, მსჯავრდების ნაწილში, შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–6 ნაწილისა და მე–60 მუხლის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელი და თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეიკრიბა ნაწილობრივ და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 5 აგვისტოდან.
თ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისი აღსრულებაც უნდა მოხდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. აღკვეთის ღონისძიება - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - დარჩა უცვლელად განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით დაზუსტდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენი თ. შ-ს მიმართ და მსჯავრდებულის სახელად და გვარად ნაცვლად ,,თ. შ-სა“, მიეთითა ,,თ. შ-ე“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით თ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თ. შ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ თ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 25 იანვარს ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის თ. შ-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. 2013 წლის 21 თებერვალს თ. შ-ს ქ. ... დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინისა“ და ,,მეტამფეტამინის“ მიღების ფაქტი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ. ტ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას - მსჯავრდებულ თ. შ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობით და სასჯელის განსაზღვრას წარმოდგენილ მტკიცებულებათა გათვალისწინებით; კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების განაჩენები არის უკანონო, ვინაიდან არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობას; არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენიათ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას; სასამართლოს თ. შ-სათვის უნდა დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან ეს სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა დანიშნულიყო განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან თ. შ-ს მიმართ არსებობდა 2003 წლის 14 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც არ იყო აღსრულებული და, ამასთან, განაჩენი არ ყოფილა ხანდაზმული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ თ. შ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - გ. ო-სა და რ. მ-ს ჩვენებებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, თ. შ-ე აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ აღსრულებულა და, შესაბამისად, თ. შ-ს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი არ მოუხდია.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. შ-ს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ თ. შ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. ტ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. შ-ს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 (სამ) წელს.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ თ. შ-ს მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
თ. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
განაჩენი აღსასრულებლად მიექცეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. შ-ე დაკავებულ იქნეს და შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი