დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№600აგ-13 23 იანვარი, 2014 წელი
გ-ე მ.- 600აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განაჩენით მ. გ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი - ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მ. გ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 7 დეკემბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის განაჩენით მ. გ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, შესაბამისად, მ. გ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 9 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მ. გ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 23 თებერვლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით, 3 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მ. გ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 23 თებერვლიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა მ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას და 1 წლითა და 6 თვით პირობით მსჯავრს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად, ნაწილობრივ დაემატა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. გ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
მ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2011 წლის 7 დეკემბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს 2011 წლის 26 ოქტომბერს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე 2012 წლის 25 იანვრის განაჩენის გამოტანამდე.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ. გ-ე გასამართლებულია 2005 და 2006 წლებში განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ახალი დანაშაულების მაკვალიფიცირებელი გარემოებაცაა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით საბოლოო სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით შესაბამისობაშია 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან, კერძოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებთან.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ. გ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი მ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი