დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.01.2014
საქმის ნომერი
799აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
08.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№799აგ-13 8 იანვარი, 2014 წელი

ა-ე კ 799აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩხაიძის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით კ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და შეკრების წესით მას დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის შესაბამისად, ამ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ა-ს სასჯელად დაენიშნა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 5 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით კ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. ა-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 5 სექტემბრიდან 2007 წლის 12 აპრილამდე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ს მიმართ არსებულ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელშიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, დაემატა წინა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მსჯავრდებულ კ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 4 თვითა და 23 დღით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ტყიბულის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2007 წლის 12 აპრილიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და ძირითად სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე.

მასვე სსკ–ის 110–ე მუხლის პირველი და სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (1961 წლის რედაქცია) თერჯოლის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილი ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 9 თვითა და 13 დღით - შეუმცირდა ¼–ით და სასჯელად განესაზღვრა 8 წელი, 1 თვე და 1 დღე. შესაბამისად, 2003 წლის 27 ივნისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვადამდე ადრე გათავისუფლების განჩინების გამოტანის დროს მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1995 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ. ა-ს საბოლოოდ ძირითად სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი ძირითადი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და ძირითად სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ. ა-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 5 სექტემბრიდან 2007 წლის 12 აპრილამდე. განჩინებით განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაწყებულია 2007 წლის 12 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა, რაც შეადგენს 2 წელს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს. ამ განაჩენით მას შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 27 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ა-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ა-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული კ. ა-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ა-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი