დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.01.2014
საქმის ნომერი
1054აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1054აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი

ნ-ე ს 1054აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 თებერვლის განაჩენით ს. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 2 წელი და 6 თვე სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 8 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ს. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 თვე სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 1 თვე და 18 დღე, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 11 თვისა და 18 დღის ვადით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 11 თვისა და 18 დღის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ნ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ს. ნ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 თვე და 15 დღე - ჩაეთვალა პირობით; მასვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 10 თვისა და 18 დღის ვადით, საიდანაც 1 წელი და 3 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით. ს. ნ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 2 წელი და 3 დღე - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 დეკემბრიდან.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ს. ნ-ე წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 23 თებერვლის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის 1–5 პუნქტებით, 252–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 154–ე მუხლის მე–2 ნაწილით (ძვ. რედაქცია) და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 18 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ნ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ს. ნ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ს. ნ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ნ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი