დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №967აგ-13 7 მარტი, 2014 წელი
კ-ე ლ., 967აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ლ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 19 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივლისის განაჩენით ლ. კ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 8 თვე, 29 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ლ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 5 თვე, 11 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 5 თვისა და 11 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 7 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით ლ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით ლ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის, 6 თვისა და 14 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 4 ოქტომბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 4 ოქტომბრიდან. დადგენილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 მაისის განჩინებით შეიცვალა: ლ. კ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა ლ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ლ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენი ლ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე