დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2014
საქმის ნომერი
1191აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1191აგ-13 28 მარტი, 2014 წელი

ლ-ე ვ.- 1191აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ ვ. ლ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით ვ. ლ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... 2008-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 200 000 ლარი;

სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,, ... + -ის“ ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 7 თვე - ჩაეთვალა პირობით;

სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,, ...-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 200 000 ლარი;

სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... XXI-ის“ ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 7 თვე - ჩაეთვალა პირობით;

სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... 2003-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 200 000 ლარი;

სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... 2009-ის“ ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით;

ვ. ლ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 წელი და 11 თვე - ჩაეთვალა პირობით, 10 წლისა და 11 თვის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 600000 ლარი.

ვ. ლ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2009 წლის 16 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ლ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ვ. ლ-ეს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... + -ის“ ეპიზოდი); სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (შპს ,,... XXI-ის“ ეპიზოდი) და სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... 2009-ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები (მათ შორის რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) და სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი, 11 თვე და 15 დღე - ჩაეთვალა პირობით, 5 წლის, 5 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა ვ. ლ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... + -ის“ ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ (2 თვე და 15 დღე - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი, ხოლო 1 წელი, 9 თვე და 15 დღე - პირობითი მსჯავრი) - შთანთქა: სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... XXI-ის“ ეპიზოდი); სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,... 2009-ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები, ასევე სსკ–ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები - ჯარიმა - თითოეული ეპიზოდისათვის 200 000 ლარი და საბოლოოდ ვ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 9 თვე და 15 დღე - ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ლ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითება გადახდილი ჯარიმის - 600 000 ლარის დაბრუნების თაობაზე; სააღსრულებო ფურცლის გაცემა და სააღსრულებო ბიუროსათვის გადაგზავნა. ამასთან, მიუთითა, რომ არსებითად დაირღავა სსსკ-ის 259-ე, 260-ე, 274-ე, 280-ე და 310-ე მუხლების მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ:

ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს;

ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა;

გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის მითითებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების (სსსკ-ის 259-ე, 260-ე, 274-ე, 280-ე და 310-ე მუხლები) არსებითად დარღვევის ფაქტზე და განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობასა და უსამართლობაზე აპელირება უსაფუძვლოა, ვინაიდან ვ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მას სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების შესაბამისად, რის თაობაზეც დასაბუთება მოცემულია განაჩენის სამოტივაციო ნაწილში. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არის აღნიშნული გადახდილი ჯარიმის დაბრუნების თაობაზე, რაც მისი მოსაზრებით წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი საფუძვლების შესაბამისად გადახდილი ჯარიმის მსჯავრდებულისათვის დაბრუნების მექანიზმს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევაზე მითითება უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-იდან.

სსსკ-ის 280-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა, ვინაიდან ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმა აღსრულებული სასჯელის - გადახდილი ჯარიმის მსჯავრდებულისათვის უკან დაბრუნების მიზნით სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნები არ შეესაბამება სსსკ-ის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების კანონით დადგენილ საფუძვლებს, რის გამოც იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ვ. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი