საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №21აპ-14 ქ. თბილისი
დ-ი გ.- 21აპ-14 28 აპრილი, 2014 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განაჩენით დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და გ. დ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი და 16 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი, 11 თვე და 14 დღე - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. დ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 31 მარტიდან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან საპატიმრო სასჯელის მოხდის გამო.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ გ. თ-სა და დ. გ-ს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით გ. დ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 9 წლით, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. დ-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე, 18 დღე და განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 16 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ გ. დ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს 19, 108-ე მუხლითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი