დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №57აგ-14 9 ივნისი, 2014 წელი
მ-ა ჯ.- 57აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. მ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ჯ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ჯ. მ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის ორი დღე და მოსახდელად დარჩა 17 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 10 აგვისტოდან.
მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით შეიცვალა კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ:
ჯ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ჯ. მ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარი.
ჯ. მ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2007 წლის 10 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2007 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 20 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ჯ. მ-ა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 10 აგვისტოდან.
მსჯავრდებულმა ჯ. მ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლით:
საქმის მასალებში არ მოიპოვება ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, ასევე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ეს მაშინ, როდესაც მსჯავრი სწორედ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის დაედო. ამდენად, მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა განზრახ გამოიტანეს. აღნიშნული გარემოებების შესაბამისად ჯ. მ-ამ სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენის გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინებით ჯ. მ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინების თაობაზე ჯ. მ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებას იმავე საფუძვლებით, რასაც უთითებდა შუამდგომლობაში. ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც განიხილეს მისი შუამდგომლობა, არ ჰქონდათ ამის კანონიერი უფლება, ვინაიდან 2008 წელს სწორედ მათ განიხილეს სისხლის სამართლის საქმე არსებითად, რაც აცილების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე - მისი შუამდგომლობის არაუფლებამოსილი სასამართლო შემადგენლობის მიერ განხილვაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილები ითვალისწინებს მოსამართლის აცილების საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ხელს არ უშლის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილ შუამდგომლობაზე დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას. ეს გარემოება არ წარმოადგენს მოსამართლეთა აცილების (თვითაცილების) კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. მ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. მ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი