შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი დამძიმებისაკენ

სისხლის სამართლის 25.07.2014
საქმის ნომერი
2კ-22აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#22აპ.-14 ქ. თბილისი

ლ-ე ი.-22ap.-14 25 ივლისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განაჩენით ი. ლ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 12.30 საათზე, ქ. ხაშურში, იმერეთის ქ. №---ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ი. ლ-ემ ბლაგვი საგნის გამოყენებით, ანგარებით ჩაიდინა ს. გ-ის განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას და მიიმალა.

აღნიშნული ქმედებისათვის ი. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 4 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ლ-ემ. მან ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

პროკურორმა მ. ჩ-ემ შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მსჯავრდებულმა ი. ლ-ემ და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მათ ითხოვეს ი. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ი. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; ი. ლ-ეს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯა 10 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ი. ლ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 4 თებერვლიდან.

კასატორი – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი მ. ჩ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენი უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა და მის მიმართ გამოიყენეს სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას; კასატორის აზრით, საქმის სააპელაციო წესით განხილვა წარიმართა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევებით, რადგან სამართლებრივად სწორად არ შეფასდა მტკიცებულებები, რამაც იმოქმედა საქმის შედეგზე; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ზიანი არ აქვს ანაზღაურებული, ასევე საერთოდ არ იმსჯელა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, რამაც განაპირობა ი. ლ-ისათვის აშკარად შეუსაბამო და ლმობიერი სასჯელის დანიშვნა.

საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ი. ლ-ის მიერ ანგარებით ჩადენილი მკვლელობა დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ის, მოწმეების – მ. ა-ის, თ. მ-ის, გ. ლ-ის, ი. თ-ას, თავად ი. ლ-ის ჩვენებებით, ფულადი თანხის დათვალიერების ოქმით, სანოტარო აქტების დათვალიერების ოქმით, ი. ლ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი მ. ჩ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენის შეცვლას და ი. ლ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მსჯავრდებული ი. ლ-ე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის, როგორც ობიექტურის, კანონიერისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულმა ი. ლ-ემ აჩვენა, რომ ს. გ-თან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. შემთხვევის დღეს, დილის საათებში, მივიდა ს. გ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში თანხის სათხოვნელად. ესაჭიროებოდა 8500 აშშ დოლარი თავისი ბინის იპოთეკისაგან გასათავისუფლებლად. ს. გ-მა მას უარი უთხრა თანხის მიცემაზე იმ მოტივით, რომ ამ რაოდენობის თანხა არ ჰქონდა. მანვე მიიყვანა იგი მის მახლობლად მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ზ. ბ-ესთან და სთხოვა მოესმინა მისთვის. თან უთხრა, რომ ლ-ეს ესაჭიროებოდა 8500 აშშ დოლარი ექვსი თვით, თვეში გადაიხდიდა 5%–ს და ბინასაც გადაუფორმებდა. ზ. ბ-ე ამის თაობაზე თავის თანამშრომლებს გაესაუბრა და საბოლოოდ ი. ლ-ეს უარი უთხრეს იმავე მოტივით - აღნიშნული რაოდენობის თანხის გასესხების საშუალება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ ი. ლ-ე კვლავ მიბრუნდა ს. გ-ის ჯიხურში და გარკვეული დროით დარჩა მასთან. მისგან 2–3 მეტრის მოშორებით იჯდა ბუხართან და ესაუბრებოდა. ამ დროის განმავლობაში ს. გ-ი 3–4 მოქალაქეს მოემსახურა. ზოგ მათგანს სარკმლიდან აძლევდა თანხას, ზოგი კი ოთახში შედიოდა. მარტო რომ დარჩნენ, ი. ლ-ემ კვლავ გაუმეორა ს. გ-ს თხოვნა: „კაცურად დამეხმარე, ცოლ-შვილი გარეთ მრჩებაო“, რის შემდეგაც ს. გ-ი მიტრიალდა მისკენ და გაბრაზებით უთხრა - „მკიდია, ვინ სად გრჩებაო“. ი. ლ-ემ განმარტა, რომ ცოლ–შვილის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა, აიღო მაგიდიდან რკინის ბოქლომი და სკამიდან წამოდგომის დროს ზედიზედ ორჯერ დაარტყა ს. გ-ს კეფაში. ძირს დავარდნილ გრიგალაშვილს წყალი დაასხა მოსასულიერებლად, რა დროსაც დაზარალებულმა დაიყვირა ,,მიშველეთო“. მას შეეშინდა, ხალხს რომ არ გაეგო მომხდარის შესახებ და პირზე ხელის დაფარებით შეეცადა მისი ხმის ჩახშობას. ამ დროს ს. გ-ი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ღრმად სუნთქავდა. შემდეგ კი იმ მიზნით, რომ გაქცეულიყო და დამალვოდა სამართალდამცავებს, გაუჩნდა ფულის დაუფლების განზრახვა. აიღო მაგიდის უჯრასა და სეიფში არსებული ფული, გავიდა ჯიხურიდან, კარი გარედან გასაღებით დაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯერ მივიდა ბებიის სახლში, სადაც გამოიცვალა დასვრილი შარვალი, შემდეგ კი ბიძაშვილის ავტომანქანით გაემგზავრა ქარელის რაიონის სოფელ --- თავის მეგობარ მ. ა-თან, რომელსაც გადასცა 10 000 აშშ დოლარი თბილისში იპოთეკარ ი. თ-ასათვის გადასაცემად. ბრალდებულმა განმარტა, რომ ს. გ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო მისი ოჯახის შეურაცხყოფით. მისი ფულის დაუფლების განზრახვა კი გაუჩნდა აღნიშნული დაზიანებების მიყენების შემდეგ, იმ მიზნით, რომ სამართალდამცავებს მიმალვოდა.

მოწმე ზ. ბ-ემ აჩვენა, რომ მუშაობს ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში. 2013 წლის 4 თებერვალს, 9 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში თავის თანამშრომლებთან – ზ. მ-თან, გ. კ-ესა და დ. მ-თან ერთად. დაახლოებით 11 საათზე მასთან მივიდა ს. გ-ი ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად და სთხოვა მოესმინა მისთვის. თვითონ კი დაბრუნდა თავის სავალუტო ჯიხურში. აღნიშნულმა პირმა აუხსნა მას, რომ პრობლემა ჰქონდა სააღსრულებო ბიუროში, სჭირდებოდა 8500 აშშ დოლარი ექვსი თვით, თვეში გადაიხდიდა 5%–ს და ბინასაც გაუფორმებდა. მან უარი უთხრა იმიტომ, რომ თანხა არ ჰქონდა. ამასთან, უთხრა, რომ ბიჭებსაც ეტყოდა. შევიდა ჯიხურში, ზ. მ-სა და დ. მ-ს აუხსნა მდგომარეობა და ლ-ეს გამოუტანა პასუხი, რომ ვერ დაეხმარებოდნენ, რის შემდეგაც იგი წავიდა. მან აღნიშნული მამაკაცი ამოიცნო შემთხვევის მეორე დღეს, საგამოძიებო მოქმედების დროს და დაადასტურა, რომ ს. გ-თან ერთად მასთან მისული იყო ბრალდებული ი. ლ-ე.

მოწმეებმა – ზ. მ-მა და დ. მ-მა დაადასტურეს მოწმე ზ. ბ-ის ჩვენება და განმარტეს, რომ მათ ზ. ბ-ე ესაუბრა ს. გ-ის მიერ მიყვანილ ახალგაზრდასთან დაკავშირებით ბინის იპოთეკით დატვირთვის გზით სესხის აღების თაობაზე, რაზეც უარი უთხრეს თანხის უქონლობის გამო. აღნიშნულიდან მოკლე დროში შეიტყვეს ს. გ-ის გარდაცვალების შესახებ.

მოწმე ე. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 4 თებერვალს, დილის საათებში, იმყოფებოდა ხაშურში იმერეთის ქუჩაზე მდებარე სავალუტო პუნქტში თავის ნაცნობ ს. გ-თან ვალუტის გადასაცვლელად. კარი ღია დახვდა. ს. გ-ის ოთახში, ტახტზე იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი. მისი იქ ყოფნის დროს ერთი პირი იყო მისული სარკმელთან და დაახურდავა ორი 50-ევროიანი. ს-მ გააღო სეიფი, ამოიღო დოლარების შეკვრა, რომელსაც გამოაცალა ორი კუპიურა და დააბრუნა ისევ უჯრაში. აღნიშნულის შემდეგ იგი მალევე წავიდა სახლში. დაახლოებით ერთ საათში შეიტყო ს. გ-ის სიკვდილის შესახებ. აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცის გარეგნობა დაამახსოვრდა და ბრალდებული ამოიცნო კიდეც შემთხვევის მეორე დღეს, ამოცნობის ჩატარებისას.

მოწმე მ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ი. ლ-ის მეგობარი და ცხოვრობს ქარელის რაიონის სოფელ --ში. 2013 წლის 4 თებერვალს ი. ლ-ე შუადღის საათებში მივიდა მასთან სახლში და სთხოვა ფულის თბილისში წაღება ვინმე ი. თ-ასთვის გადასაცემად. უთხრა, რომ ბინასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა და თუ დროულად არ გადაიხდიდა თანხას, ბინას გაუყიდდნენ. მან გაშალა სუფრა და დაპატიჟა თავისი ახლობლები. სტუმრები დატოვა სუფრასთან, თვითონ კი გაემგზავრა თბილისში ი. თ-ასთან შესახვედრად. იგი ი. თ-ას შეხვდა იუსტიციის სახლში და გადასცა გამოტანებული 10 000 აშშ დოლარი. ი. თ-ამ და ნოტარიუსმა შეადგინეს დოკუმენტები, ორი ეგზემპლარი მისცეს მას, ერთი კი დაიტოვეს. ასევე დაუბრუნეს 600 დოლარი და დაშორდნენ ერთმანეთს. სახლში რომ დაბრუნდა, იქ დახვდნენ ი. ლ-ე და მისი ძმა გ. ლ-ე, რომელთაც უკვე გამოძახებული ჰყავდათ ტაქსი და ემზადებოდნენ წასასვლელად. მან ი. ლ-ეს დაუბრუნა 600 დოლარი, იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულება კი მისივე თხოვნით რამდენიმე დღის შემდეგ გადასცა ი-ს მეუღლეს.

მოწმე გ. ლ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულ ი. ლ-ის ძმა. ს. გ-ის გარდაცვალების შესახებ შეიტყო და შეეცოდა, რადგან კარგად იცნობდა. მას შემდეგ, რაც სახლიდან შეატყობინეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მათთან სახლში, თანაც თავისი ბიძაშვილისაგან შეიტყო, რომ ი. ლ-ე მიიყვანა --- გადასახვევამდე, დაეჭვდა და წავიდა ---ში ძმის სანახავად. დაახლოებით იცოდა, ვისთანაც უნდა ყოფილიყო. მივიდა მ. ა-ის ოჯახში, სადაც დახვდა ი. ლ-ე. მაშინვე არაფერი ჰკითხა, შემდეგ კი შეკითხვაზე– „შენ ამ საქმეში რამე შუაში ხომ არა ხარო, უპასუხა – კიო“. ი-მ თავის მხრივ ჰკითხა, როგორ არისო, რაზედაც უპასუხა, რომ გარდაიცვალა. მ. ა-ის ბინიდან ისინი ტაქსით გაემგზავრნენ თბილისში, სადაც „გუდვილთან“ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ი. ლ-ეს 2013 წლის 4 თებერვალს, დაკავებისას, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს 20 335 ლარი და 600 აშშ დოლარი. სასამართლო სხდომაზე ი. ლ-ემ დაადასტურა, რომ ამოღებული თანხა ს. გ-ისგან ჰქონდა წამოღებული.

ქიმიური ექსპერტიზის №130/ქმ. დასკვნითა და ექსპერტ ნ. მ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ი. ლ-ის შარვლის ზედაპირიდან ამოღებულ, მუქი ლურჯი ფერის აკრილიკის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ს. გ-ის შარვლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ, მუქი ლურჯი ფერის აკრილიკის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

ბიოლოგიური ექსპერტიზის №265/სბ დასკვნითა და ექსპერტ ნ. ე-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს. გ-ის ტანსაცმელზე, ქამარზე, ფეხსაცმელებზე, ი. ლ-ის შარვალზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სამ ანაწმენდზე, ბალიშზე, გადასაფარებელზე, მობილურ ტელეფონზე, პლასტმასის გადასაფარებელსა და ხის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება ს. გ-ის სისხლის ჯგუფს.

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №16/05/06–1 დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ. მ-მა, დადგენილია, რომ ს. გ-ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინისა და სახის მიდამოს ბლაგვი ტრავმით გამოწვეული, პირის ღრუსა და სასუნთქ გზებში სისხლდენისა და მათი სანათურების დახშობის გამო, სისხლის ასპირაციის შედეგად განვითარებული მექანიკური ასფიქსია. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ ს. გ-ის გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: თავის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობების, რბილ საფარში სისხლჩაქცევების, მარცხენა ჰემისფეროზე სისხლჩაქცევის, ცხვირის ძვლების მოტეხილობის, მე-2 თითის საფრჩხილე ფალანგის შესახსრების მოტეხილობის, დაჟეჟილი ჭრილობების, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. ყველა ზემოთ აღნიშნული დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

სასამართლო სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ მ. მ-ის ჩვენების გაანალიზების შედეგად, ამ ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ი. ლ-ის მიერ გამოყენებული დანაშაულის იარაღი, მიყენებული დაზიანებების სიმრავლე და ლოკალიზაცია გამორიცხავს მის მიერ ს. გ-ის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვას და მიუთითებს ს. გ-ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვაზე.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის მოტივი უნდა განისაზღვროს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებათა საერთო ანალიზიდან გამომდინარე. ამიტომ საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, თითქოს ი. ლ-ე არ მოქმედებდა ანგარებით; და რომ მას ფულადი თანხის დაუფლების განზრახვა ს. გ-ისთვის დაზიანებების მიყენების შემდეგ წარმოეშვა, ვინაიდან საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს მან ოჯახის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და ამიტომ მიაყენა დაზიანებები ს. გ-ს და არა - ანგარების მოტივით, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეების - ზ. ბ-ის, ზ. მ-ისა და დ. მ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ს. გ-ი არათუ გულგრილად მოეკიდა ი. ლ-ის მდგომარეობას, პირიქით, მას შემდეგ, რაც თვითონ ვერ აღმოუჩინა დახმარება, სხვებსაც სთხოვა მოესმინათ მისთვის. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებული ი. ლ-ე თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ს. გ-მა უარი უთხრა თანხის მიცემაზე, თავადვე შესთავაზა: ,,იქნებ დაგეხმაროო“ და წაიყვანა ზ. ბ-ესთან.

არადამაჯერებელია ბრალდებულის ჩვენება იმ ნაწილშიც, თითქოს მას ფულის დაუფლების განზრახვა მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც მიხვდა, რომ დანაშაული ჩაიდინა და გადაწყვიტა მიმალვოდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ი. ლ-ე პირდაპირ წავიდა მ. ა-თან და გადასცა მას ფულადი თანხა იპოთეკარ ი. თ-ასთვის გადასაცემად, ანუ იმოქმედა ლოგიკურად, მის წინაშე მდგარი ამოცანების მნიშვნელოვნობიდან გამომდინარე, ფინანსური ვალდებულების შესრულების მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს ბრალდებულის ვერსია განხორცილებულ ქმედებათა მოტივებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი ი. ლ-ის მიერ ს. გ-ის ანგარებით განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

კიდევ ერთხელ აღსანიშნავია მოწმე ე. გ-ისა და თვით მსჯავრდებულ ი. ლ-ის ჩვენებები: ი. ლ-ის ჩვენების მიხედვით, იგი ესწრებოდა ს. გ-ის მიერ 3-4 მოქალაქისათვის ვალუტის გადახურდავების ფაქტს. ხოლო ე. გ-ი აღნიშნავს, რომ ს.გ-მა უჯრიდან გამოიღო სეიფი და თანხის დასახურდავებლად გამოიყენა დოლარების შეკვრა. ამ კონტექსტში, პალატა ყურადღებას ამახვილებს ზ. ბ-ის ჩვენების იმ ნაწილზეც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ი. ლ-ე საკმაოდ განერვიულებული იყო და მასთან საუბრის დროს ხელები უკანკალებდა. აღნიშნული ჩვენებები აშკარად მიუთითებენ ანგარებითი მკვლელობის განზრახვის წარმოშობის წინაპირობებზე, რადგან მეტყველებენ ისეთ ფაქტებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, ნათლად გამოხატავენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ი. ლ-ისათვის თანხის შოვნის საკითხი (იყო განერვიულებული, უკანკალებდა ხელები) და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ი. ლ-ე დარწმუნდა შემთხვევის ადგილზე მისთვის მნიშვნელოვანი თანხის არსებობაში (რადგან შეესწრო რამდენიმე მოქალაქის მომსახურების ფაქტს). ამ წინაპირობებიდან გამომდინარეობს თანხის დაუფლების სურვილით მოტივირებული, ლოგიკური დანაშაულებრივი მოქმედება, როდესაც მან ს. გ-ს რკინის ბოქლომის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, დაეუფლა მის სამუშაო მაგიდის უჯრასა და სეიფში არსებულ დოლარებსა და ლარებს, კარი ჩაკეტა გასაღებით და წავიდა მ. ა-თან, რათა ეს უკანასკნელი გაეგზავნა თბილისში იპოთეკარისთვის ფულის გადასაცემად.

სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ი. ლ-ეს წინასწარ ჰქონდა განზრახული ს. გ-ის ანგარებით განზრახ მკვლელობა, იგი ამდენ ხალხს არ დაენახვებოდა - საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ ი. ლ-ის სხვა ადამიანებთან (ზ. ბ-ე, ზ. მ-ი, დ. მ-ი) შეხვედრის ფაქტი არ მეტყველებს ანგარებით განზრახ მკვლელობის მოტივის არარსებობაზე, ვინაიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ი. ლ-ეს მას შემდეგ წარმოეშვა ს. გ-ის ანგარებით მოკვლის განზრახვა, როდესაც ფულის კანონიერად შოვნის ყოველგვარი იმედი გადაეწურა (ანუ ზემოხსენებულ პირებთან გასაუბრებისა და მათგანაც უარის მიღების შემდეგ). პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის მთავარია ანგარების მოტივი წინ უსწრებდეს მკვლელობას, ხოლო დროის მონაკვეთის ხანგრძლივობას მოტივსა და ქმედებას შორის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ ენიჭება. სწორედ აღნიშნული გარემოება განასხვავებს ანგარებით მკვლელობას მარტივი მკვლელობისა და ქურდობის დანაშაულთა ერთობლიობისგან, რა დროსაც დამნაშავეს მხოლოდ მას შემდეგ უჩნდება ნივთის დაუფლების სურვილი, როცა ერთი უმართლობა (მკვლელობა) უკვე ჩადენილი აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ს. გ-ის განზრახ მკვლელობა ი. ლ-ისათვის წარმოადგენდა სასურველი შედეგის (მატერიალური გამორჩენის მიღება) მიღწევის საშუალებას, ანუ რადგან ი. ლ-ეს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დიდი ოდენობით თანხა - 8500 აშშ დოლარი - ბინის იპოთეკისგან გასათავისუფლებლად, სწორედ ამ მიზნით მიაკითხა ს. გ-ს. და კანონიერად რომ ვერ მოახერხა თანხის მოპოვება, გადაწყვიტა დანაშაულებრივად (თუნდაც მკვლელობის ჩადენის შედეგად) დაუფლებოდა მას. ს. გ-ის მკვლელობის შემდეგ კი აღნიშნული თანხა წარმართა საჭიროებისამებრ - გაისტუმრა ფულადი ვალდებულება.

ზემოაღნიშნული დასკვნა ასევე გამომდინარეობს ი. ლ-ის წინაშე არსებულ ამოცანათა სიმწვავისა (სასწრაფოდ მოსაგვარებელი მძიმე ფინანსური პრობლემები) და მის მოქმედებათა ლოგიკურობისა და თანმიმდევრულობის სამართლებლივი ანალიზიდან (ყოველი მისი შემდგომი მოქმედება გამომდინარეობს წინარე მოქმედებიდან და წარმოადგენს წინამორბედის ლოგიკურ გაგრძელებას), რაც ქმნის ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობის სამართლებრივ სურათს.

შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შემდეგ საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი. ლ-ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა (განზრახი ქმედება, ჩადენილი ანგარებით), რაც საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატამ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში მიიღო ი. ლ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: პალატამ გაითვალისწინა მის წარსული ცხოვრება - არ არის ნასამართლევი, პირადი მდგომარეობა - ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ ი. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (განზრახ მკვლელობა და ქურდობა დიდი ოდენობით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) და მას სასჯელის სახით განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ი. ლ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2013 წლის 4 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე