კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 09.10.2014
საქმის ნომერი
2კ-33-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.10.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#331-14 9 ოქტომბერი, 2014 წელი

ჯ-ა რ.- 331-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ - რ. ჯ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ჯ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენით რ. ჯ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჯ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 4 დეკემბრიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენით რ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 8 თვე, 19 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2010 წლის 15 მარტიდან.

რ. ჯ-ას 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის დადგენილებით დაკმაყოფილდა რ. ჯ-ას შუამდგომლობა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის უკან გათხოვნის შესახებ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ჯ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ჯ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წელი, 8 თვე, 19 დღე და განესაზღვრა 5 წლით, 3 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ჯ-ა იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მასვე, იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად, აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

რ. ჯ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 15 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით იმავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში აღმოიფხვრა უზუსტობა და რ. ჯ-ას ¼-ით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წელი, 8 თვე, 19 დღე და განესაზღვრა 5 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ჯ-ამ, რომელმაც საჩივრით ითხოვა მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ზუსტად ათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 ნაწილით, როდესაც რ. ჯ-ა გაათავისუფლა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან. მან ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-19 მუხლით და მსჯავრდებულს აღუდგინა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მართალია, კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება, მაგრამ მან არ გამოიყენა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლი და შეამცირა არა საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი, არამედ – ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ამასთან, პალატამ სასჯელთა სწორი დაანგარიშებით, მართალია, მიიღო იმაზე მეტი სასჯელი (5 წელი, 3 თვე), რაც რ. ჯ-ას დანიშნული ჰქონდა (5 წელი, 14 დღე), მაგრამ სასჯელის ვადის ათვლის სწორად განსაზღვრით იგი გაცილებით უფრო ადრე მოიხდის სასჯელს, ვიდრე ეს რაიონული სასამართლოს განჩინებით იყო განსაზღვრული.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ჯ-ას ¼-ით უნდა შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2009 წლის 4 დეკემბრიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ჯ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ჯ-ას ¼-ით შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და სასჯელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყოს დაკავების დღიდან - 2009 წლის 4 დეკემბრიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი