გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 14.11.2014
საქმის ნომერი
2კ-183აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №183აპ-14 ქ. თბილისი

მ-ა გ.- 183აპ-14 14 ნოემბერი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურორ ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზუგდიდის სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით გ. მ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში (2013 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი, იმავე წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი). მასვე განემარტა ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

2. განაჩენის მიხედვით, გ. მ-ას ბრალი ედებოდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის 2013 წლის 14 თებერვალს ადმინისტრაციულ სახდელდადებულ გ. მ-ას 2013 წლის 9 ოქტომბერს დაუდგინდა ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების, ხოლო იმავე წლის 11 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალება - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მიღების ფაქტები.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. პროკურორი ლ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. მ-ას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: ნარკოტიკული საშუალების განმეორებით, უკანონოდ მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, იმპერატიულად განსაზღვრულია ერთწლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გ. მ-ა შეწყალებულ იქნა პრეზიდენტის განკარგულებით და სასჯელთან ერთად მოეხსნა ნასამართლობა, ეს არ იწვევს მისი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის რეჟიმის გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. 2013 წლის 14 თებერვალს გ. მ-ას ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი. მის მიერ 2013 წლის 10 მარტს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარების გამო მსჯავრი დაედო 2013 წლის 17 აპრილის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით გ. მ-ა შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელების შემდგომი მოხდისაგან, მოეხსნა ნასამართლობა და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. მოცემულ შემთხვევაში გ. მ-ას ბრალად წარედგინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ (ორი ეპიზოდი).

4. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გ. მ-ას გამართლებას ბრალად წარდგენილ დანაშაულში საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს და ასეთ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ნარკოტიკული საშუალების მესამედ მოხმარება წარმოადგენს არა ახალი დანაშაულის (როგორც სახდელშეფარდებული პირის მიერ მოხმარება) შემადგენელ კომპონენტს, არამედ დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თუკი პირს განაჩენით წარმოშობილი ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი აქვს.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების აღნიშნული მოსაზრება. საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანაშაულადაა გამოცხადებული ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ან ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამდენად, სსკ–ის 273–ე მუხლის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული სახდელდადებულობა, ან პირის ნასამართლობა სსკ–ის 273–ე მუხლით.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39–ე მუხლისა და ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

ამავე კოდექსის მე–10 მუხლის მეორე ნაწილით ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

7. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოხსენებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, პირი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ითვლება სახდელის მოხდის დღიდან ან სახდელის სახით ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, სადაც ამავე კოდექსით რაიმე სხვა საგამონაკლისო სამართლებრივი საფუძველი არ არის დადგენილი.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება (თუნდაც რამდენჯერმე) 1 წლის განმავლობაში, თუ არც ერთ ფაქტზე არ არის მიღებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი, გვაძლევს მოცემულ თითოეულ შემთხვევაში სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, ე.ი. სახეზე გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.

9. ასევე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია სსკ-ის 273-ე მუხლით და კანონით გათვალისწინებული რომელიმე სამართლებრივი საფუძვლით ის გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან მოეხსნა ნასამართლობა, ის ითვლება ისევ ადმინისტრაციულ სახდელდადებულად და გრძელდება მისი, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი, თუ მის მიმართ არ არის გასული ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წელი და შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მოხმარების ახალი ფაქტი გვაძლევს არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებას, ჩადენილს ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

10.ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ას, როგორც ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულ პირად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი 2013 წლის 17 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ არის შეწყვეტილი და ის გრძელდება 2014 წლის 14 თებერვლამდე, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით გ. მ-ას სსკ-ის 273-ე მუხლით შეწყალებისა და ნასამართლობის მოხსნის შემდეგ, მის მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერსა და 11 ნოემბერს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტები ისევ გვაძლევს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რადგან სახდელის დადებიდან - 2013 წლის 14 თებერვლიდან არ არის გასული 1 წელი და შესაბამისად, გრძელდება მისი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ას მიმართ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), რაც დადასტურებულია საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (2013 წლის 9 ოქტომბრის ნარკოლოგიური შემოწმების №... და 2013 წლის 11 ნოემბრის ნარკოლოგიური შემოწმების №... დასკვნები, დაკითხვის ოქმები, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

12. სასჯელის დანიშვნის დროს საკასაციო პალატა ითვალისწინებს გ. მ-ას პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად თითოეული ეპიზოდისათვის უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1200 ლარი, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპით, საბოლოო სასჯელად - 1200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის გამამართლებელი განაჩენი.

3. გ. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით (2013 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1200 ლარი; სსკ-ის 273–ე მუხლით (2013 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1200 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 273–ე მუხლით (2013 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 1200 ლარის ოდენობით - შთანთქას სსკ-ის 273–ე მუხლით (2013 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1200 ლარი და გ. მ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით.

4. გ. მ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი