დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.01.2015
საქმის ნომერი
2კ-2-I-15
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.01.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№21-15 13 იანვარი, 2015 წელი

ძ-ი ბ., 21-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ _ ბ. ძ-ის

ადვოკატ – რ. ჭ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ძ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 აპრილის განაჩენით ბ. ძ-ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) – 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შეკრების გამოყენებით ბ. ძ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 20 იანვარს თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზ. ჯ-მა შუამდგომლობით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ძ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ძ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ბ. ძ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან, ხოლო სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ძ-მა და მისმა ადვოკატმა რ. ჭ-მა საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები ითხოვენ განჩინების შეცვლას და ბ. ძ-ისათვის სასჯელის საბოლოო ზომად 1 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ძ-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება კანონიერია; ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ბ. ძ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - ასევე კანონიერია, ვინაიდან, მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული და მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ძ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე