დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2015
საქმის ნომერი
74აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №74აგ-14 26 თებერვალი, 2015 წელი

გ-ე ლ.- 74აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ლ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ლ. გ-ეს საბოლოო -სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 3 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით, 3 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი, ჩაეთვალა პირობით - 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განაჩენით ლ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 12 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით ლ. გ-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,, ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით ლ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების შესაბამისად) ამავე სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელები დარჩა უცვლელად.

7. მსჯავრდებულმა ლ. გ-ემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა სასჯელის განსაზღვრა სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და ასევე კვალიფიკაციის შეცვლა. ამასთან, მიუთითა, რომ სურვილი აქვს მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ხოლო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად დაასახელა ასევე ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ო. ბ-ის ჩვენება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. მსჯავრდებული ლ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებას, კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას და სასჯელის განსაზღვრას სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ასევე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.

5. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მოთხოვნა სასჯელის სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციით განსაზღვრის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ საკითხზე ერთხელ უკვე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით ლ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დატოვა უცვლელად. შესაბამისად, არ არსებობს ერთი და იმავე საფუძვლით ერთსა და იმავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის საფუძველი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი