შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №222აპ-15. ქ. თბილისი
ტ-ე ბ., 222აპ–15 21 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ა. წ-ს
ადვოკატ – დ. ჯ-ს
მსჯავრდებულ _ ბ. ტ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბ. ტ-ე, _ ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით ბ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ. ტ-ე 2014 წლის 1 აგვისტოს ქობულეთში მართავდა „გოლფ-4-ის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ---.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ბ. ტ-ს განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 12 დეკემბრიდან.
4. გაუქმდა ბ. ტ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ. მ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე ქ. ბათუმში, ხულო/ქუთაისის ქ. №---ში, ზონა – ბათუმი --, სექტორი – --, კვარტალი – --, ნაკვეთი – --, კოდი – ---, საკადასტრო კოდი – №---) 4000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. წ-მ. მან მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ტ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ადვოკატმა ჯ. ქ-მა შესაგებლით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ბ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 12 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. კასატორი – მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა; ბ. ტ-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას; საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენში (საქმის №2კ-227აპ.–13) განმარტებულია: „დიდი პალატა განმარტავს, რომ განაჩენთა ერთობლიობისას სახელმწიფო ბრალმდებელს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის და, შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს ასეთივე პოზიცია ეკავა პირველი ან/და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო(ებ)ში. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბრალმდებელს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუფიქსირებია პოზიცია, შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება სამართლებრივად საფუძველს მოკლებული და უპერსპექტივოა“.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი დ. ჯ-ე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. ტ-სათვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ 3 თვით თავისუფლების აღკვეთისა და 2000 ლარი – ჯარიმის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ბ. ტ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენს და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრის საკითხზე პროკურორის პოზიციის არარსებობის პირობებში საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის თაობაზე და არა - კონკრეტული მუხლისთვის სანქციის სახის/ზომის განსაზღვრის შესახებ.
4. ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს ბ. ტ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის წესის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ბ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯოს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შთანთქას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ბ. ტ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2014 წლის 12 დეკემბრიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე