დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №7აგ-15 17 ივლისი, 2015 წელი
ს-ი ს.- 7აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განაჩენით ს. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 იანვრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენით ს. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ქ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5.000 ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ფ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით, ნაწილობრივი შეკრების წესით, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ქ-ის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 7 წელს - დაემატა 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ფ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 3 წელი, 6 თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ს. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 10 თვე, 11 დღე, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 3.000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით, 4 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 13.000 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 15 მარტიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით ს. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ს. ს-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1 ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ქ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 15 მარტიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
11. მსჯავრდებულმა ს. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა სასჯელის შთანთქმის წესით განსაზღვრა სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ს. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
13. მსჯავრდებულმა ს. ს-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა, სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება. ამასთან, მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა და არ იმსჯელა მასზე სრულყოფილად, კერძოდ: მის მიმართ გამოტანილი განაჩენით, რომლითაც მსჯავრი დაედო სსკ-ის 180-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), სასჯელად განესაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით უპირატესობა მიენიჭა ქ-ის ეპიზოდს და ამ ეპიზოდისათვის დანიშნულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა მეორე - ფ-ის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელიდან 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ არ განმარტა, რატომ მიანიჭა უპირატესობა ქ-ის ეპიზოდს. ასევე, სსსკ-ის 310-ე, 3321-ე მუხლები და სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მისი მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას, რის გამოც საკასაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენების შედეგად ს. ს-ი გათავისუფლდა სსკ-ის 239-ე და 180-ე (გ. ფ-ის ეპიზოდი) მუხლებით დანიშნული ძირითადი სასჯელებისაგან, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლით (მ. ქ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით. საბოლოოდ მას ძირითად სასჯელად მოსახდელად დარჩა მხოლოდ სსკ-ის 180-ე მუხლით (მ. ქ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და სსკ-ის 239-ე, 180-ე (ორი ეპიზოდი) მუხლებით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დამატებით სასჯელზე არ ვრცელდება სასჯელის შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპები, ხოლო ს. ს-ს მოსახდელი აქვს მხოლოდ ერთი მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელი, სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებები არ იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა შუამდგომლობის დაშვებისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრის შესახებ უსაფუძვლოა.
6. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ იმსჯელა მის მოთხოვნაზე, კერძოდ: მის მიმართ გამოტანილი განაჩენით, რომლითაც მსჯავრი დაედო სსკ-ის 180-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), სასჯელად განესაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით უპირატესობა მიენიჭა ქ-ის ეპიზოდს და ამ ეპიზოდისათვის დანიშნულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა მეორე - ფ-ის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელიდან 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ არ განმარტა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ქ-ის ეპიზოდს. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ამაზე მითითება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ს. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი