დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.07.2015
საქმის ნომერი
51აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №51აგ-15 30 ივლისი, 2015 წელი

კ-ე დ, 51აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დავით კ-ე, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი, ხოლო 369–ე მუხლით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, დ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი.იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 1 მარტიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: მსჯავრდებული დ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) და სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2.000 ლარი. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დანიშნული სასჯელის _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან. მსჯავრდებულ დ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 2.000 ლარი –დარჩა უცვლელად. მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდა პატიმრობიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით განაჩენის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს დაემატა შემდეგი წინადადება: ,,დ. კ-ს განემარტოს უფლება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ“.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. კ-მ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და გამართლება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ლ. ს-ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ივნისის გრაფიკული ექსპერტიზის #... დასკვნა, რომლითაც დასტურდება მისი უდანაშაულობა, უსაფუძვლოდ არ იქნა დაშვებული და გამოკვლეული. აღნიშნული საკითხი შეფასების გარეშე დატოვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმაც; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებისათვის და არა - ზოგადად ნებისმიერი საბუთის გაყალბებისათვის; სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ კერძო პირებს შორის დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს; უკანონოდ დაედო მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომელიც კანონით დანაშაულად არ არის გამოცხადებული.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 აგვისტოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

7. მსჯავრდებული დ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას შუამდგომლობა; მის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მარეგულირებელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი აგებულია იმ პრინციპზე, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს ისეთი ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისა და განაჩენის გამოტანის დროს ობიექტურად არ იყო ცნობილი, ასევე მხარემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო სამართალწარმოების დროს ამ მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოსათვის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, დ. კ-ეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მითითებული ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებული ჰქონდა ჯერ კიდევ მის საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს, თუმცა სსსკ-ის 297-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობის გამო, მის დაშვებაზე სააპელაციო სასამართლომ უთხრა უარი. ამდენად, ამ მოცემულობაში აღნიშნული მტკიცებულება ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებად, რომელიც შეიძლება გახდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის აპელირებაზე, რომ მას მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ წარმოადგენს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარებში მითითებულია, რომ დოკუმენტი, რომლის გაყალბებაშიც მას მსჯავრი დაედო, არ არის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გარეშეც ქმედება სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს არ წარმოადგენს. პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ეს ფაქტი თავისი არსით ასევე არ წარმოადგენს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ ფაქტს, ვინაიდან იგი ცნობილი იყო დ. კ-ის საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელიმე კომენტარი არ წარმოადგენს სასამართლოსათვის სავალდებულო სახელმძღვანელო წინადადებას და, ბუნებრივია, მისი გაზიარების ვალდებულება მას არა აქვს, მით უფრო, რომ მასში ასახულია კონკრეტული ავტორის მოსაზრება (სხვა ავტორს შესაძლოა, საწინააღმდეგო მოსაზრებაც ჰქონდეს). ამდენად, ამ გარემოებაზე კასატორის მითითება უსაფუძვლოა და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

6. რაც შეეხება კასატორის განცხადებას მოსამართლეთა აცილების თაობაზე, საკასაციო პალატამ 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით იმსჯელა ამ საკითხზე, ხოლო იმავე საფუძვლებით განმეორებით ამ საკითხზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

7. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე, ვინაიდან იგი არ შეესაბამება აღნიშნული ნორმის მოთხოვნას.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება მსჯავრდებულ დ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი