დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.01.2016
საქმის ნომერი
79აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.01.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №79აგ-15 თბილისი

გ-ი გ., 79აგ-15 25 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენი - მსჯავრდებულ გ. გ-ს შეუმცირდა ძირითადი სასჯელი და განესაზღვრა - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს ¼-ით შეუმცირდა ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

5. 2015 წლის 24 ივნისს მსჯავრდებულმა გ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის შთანთქმა ძირითადი სასჯელის მიერ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით ამავე კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.“

6. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დანაშაულთა ერთობლიობა, ვინაიდან გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და როგორც ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ისე დამატებითი სასჯელი - ჯარიმა მიესაჯა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რაც წარმოადგენს ერთ დანაშაულს და აღნიშნული ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის შთანთქმის გამოყენების საფუძველი.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე