განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №417აგ-15 25 აპრილი, 2016 წელი
გ-ა გ., 417აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; სსკ-ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან – 4 წელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. გ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთამდე; სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 59–ე მუხლის 11 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამდე და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 22 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენების გადახედვა საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
შუამდგომლობის ავტორი უთითებდა, რომ საქმეში არ არსებობს ყაჩაღობის ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, ხოლო სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო მხოლოდ სამ მტკიცებულებას: ზ. ა-ს, დაზარალებულ თ. ი-ს ჩვენებებსა და ამოცნობის ოქმს, რაც, მისივე განმარტებით, მოპოვებულია კანონდარღვევით. რაც შეეხება საქმეში არსებულ ზ. ა-ს, გ. მ-ს, გ. ქ-ს, ა. ქ-ს, გ. ფ-ს, ა. ზ-სა და დ. ლ-ს ჩვენებებს, მსჯავრდებულის განმარტებით, ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს; შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ თ. ი-სა და გ. კ-ს ჩვენებებიც მიეკუთვნება ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რაც მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველია;
მსჯავრდებულმა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ადასტურებს მის უდანაშაულობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
კასატორი – მსჯავრდებული გ. გ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სსსკ-ის ის მუხლები, რომელთა თანახმად, ირიბი ჩვენებების საფუძველზე შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა; მის მიმართ დადგენილი განაჩენი სწორედ ასეთ ირიბ მტკიცებულებებს ეყრდნობა;
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები, როდესაც პალატის იმავე შემადგენლობამ განიხილა შუამდგომლობა, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვალს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დატოვა უცვლელად; სწორედ ის მოსამართლეები არიან იმ განაჩენის ავტორები, რომელთა გადახედვას და გაუქმებას ითხოვს კასატორი; ამჟამად გ. გ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი ეფუძნება არა მტკიცებულებათა ერთობლიობას, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ – მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, ამიტომ ასეთი განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ. გ-ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული გ. გ-ა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად, სხვა საფუძვლებთან ერთად, მიუთითებს ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ აღნიშნული საფუძველი წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი, შეეფასებინა მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გადასასინჯი განაჩენი. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ირიბი ჩვენებების გაუზიარებლობის შემთხვევაში საკმარისია თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს მხოლოდ შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე