დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.05.2016
საქმის ნომერი
479აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.05.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №479აგ-15 თბილისი

ჩ-ე კ. 479აგ-15 6 მაისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენით კ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ კ. ჩ-ს განესაზღვრა 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი კ. ჩ-ს მიმართ ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: კ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით, 24,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ: 24,262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნახევარი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნახევარი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნახევარი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ჩ-ეს განესაზღვრა 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.

4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული კ. ჩ-ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისაგან, ხოლო 24,262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 იანვრიდან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და კ. ჩ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება შეცვლილი პირობებით. კ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ჩ-ეს განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 10 თებერვლიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

8. 2015 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და უდანაშაულოდ ცნობა შემდეგი საფუძვლებით: მას დანაშაული არ ჩაუდენია და თურქეთიდან ნარკოტიკის შემოტანა არავისთვის დაუვალებია. ამასთან, აწამებდნენ და აიძულებდნენ, მიეცა აღიარებითი ჩვენება. იგი ითხოვს იმ პირების დასჯას, რომლებმაც აწამეს და აიძულეს მათ მიერ მითითებული პიროვნებისათვის ხელის დადება, ასევე იმ მოწმეების დაკითხვას, რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში, ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ დაწყებულია გამოძიება წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე იმ გამომძიებლის მიმართ, რომელმაც ის აიძულა, მიეცა აღიარებითი ჩვენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, გამოვლენილი არ ყოფილა.

4. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ კ. ჩ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ კ. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ კ. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი