შეიცვალა სასჯელი შემსუბუქებისკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#651აპ.-15 ქ. თბილისი
ა-ი ჯ.,-651ap.-15 16 ივნისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მზია თოდუა, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ვ. ს-ს
ადვოკატ – ს. გ-ს
მსჯავრდებულ _ ჯ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის განაჩენით ჯ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით ჯ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ჯ. ა-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 29 აგვისტოს.
· ჯ. ა-ი იყო რა ორჯერ ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, 2014 წლის 15 ნოემბერს , 08:50 საათზე, თბილისში, მ. ნ-ს ქუჩაზე არსებულ აგრარულ ბაზარში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯ. პ-ს ქურთუკის მარჯვენა, გარეთა ჯიბიდან მის კუთვნილ ფულს - 3 ლარსა და 25 თეთრს. ჯ. ა-ს ქმედებით ჯ. პ-ს მიადგა 3 ლარისა და 25 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ჯ. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ჯ. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 15 ნოემბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – ჯ. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება; არ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას, ხოლო რაც შეეხება მოწმე-პოლიციელებს, მათ პირადი ინტერესი აქვთ მის მიმართ, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯ. ა-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.
5. 2016 წლის 13 ივნისს, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის პროკურატურის პროკურორ ვ. ს-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2016 წლის 14 ივნისს პროკურორმა ვ. ს-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ჯ. ა-ს შორის 2016 წლის 13 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ჯ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ჯ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ. ს-მ, მსჯავრდებულმა ჯ. ა-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. გ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ვ. ს-სა და მსჯავრდებულ ჯ. ა-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაზარალებულ ჯ. ბ-ს, მოწმეების - რ. ქ-ს, გ. ს-ს, გ. კ-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმის სხვა მასალებით ჯ. ა-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ჯ. ა-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ჯ. ა-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის პროკურატურის პროკურორ ვ. ს-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ ჯ. ა-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ვ. ს-სა და მსჯავრდებულ ჯ. ა-ს შორის.
4. ჯ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ ჯ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ ჯ. ა-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2014 წლის 15 ნოემბრიდან.
6. ნივთმტკიცება - 3 ლარი და 25 თეთრი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. თოდუა
პ. სილაგაძე