დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.06.2016
საქმის ნომერი
533აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.06.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №533აგ-15 2 ივნისი, 2016 წელი

მ-ი ს., 533აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ს. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 19 ივლისიდან იმავე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის განაჩენით ს. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 8 წლითა და 9 თვით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1500 ლარი ჯარიმა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1000 ლარი ჯარიმა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ს. მ-ს განესაზღვრა 4500 ლარი ჯარიმა და 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 3 თვით, ასევე ჯარიმა – 4500 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 30 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 19 ივლისიდან იმავე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ს. მ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 1000 ლარი ჯარიმა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 9 თვით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ს. მ-ს მიესაჯა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 15 წლით, 3 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარი. განაჩენი მის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ს. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 5 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ს. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენი და ბოლნისის რაიონული 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენი და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება შეიცვალა: მსჯავრდებულ ს. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი და განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2015 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულმა ს. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა იმ მოტივით, რომ მას ბრალი წარედგინა ისეთი დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია; ამასთან, მასზე არ გავრცელდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლთან, კერძოდ – სასჯელთა ნაწილობრივ შეკრებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. მ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ს. მ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ უდანაშაულოა და ითხოვს მისი საქმის გადახედვას; ასევე კასატორი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელის ამორიცხვას, ასევე – საბოლოო სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, მისი ავტორი მოითხოვს საქმის ხელახლა არსებითად განხილვას, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი საფუძველი.

უმართებულოა კასატორის მოთხოვნა მისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინების თაობაზე, ვინაიდან ხსენებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის განაჩენით (№865აგ-13) მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო ამავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელის ამორიცხვის თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია მსჯავრდებულ ს. მ-ს ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე, ვინაიდან მსჯავრდებულს ასეთი მოთხოვნით სააპელაციო პალატისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამართლებრივი შეფასება მისცეს მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ საკითხებს, რომლებზეც სააპელაციო პალატას თავის გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად არ უმსჯელია. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. მ-ს ქმედება მოყვანილია შესაბამისობაში მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლთან.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ს. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ს. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე