განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli #632აპ.-15 ქ. თბილისი
მ. ე. - 632ap.-15 7 ივნისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. პ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ლ. მ.
ადვოკატ -მ. თ.
მსჯავრდებულ _ ე. მ.
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ე. მ., - დაბადებული ---- წლის ----ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 335–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ელდარ მიქაძეს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ ე. მ-ეს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ფოთის საქალაქო სასამართლომ წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად; მანვე ჩაიდინა ჩვენების მიცემის იძულება, ე.ი. უკანონო ქმედებით ეჭვმიტანილის იძულება ჩვენების მიცემისათვის, რასაც თან ერთვოდა ძალადობა, აბუჩად აგდება ან წამება, რაც გამოიხატა შემდეგში:
3. 2001 წლის 14 ივლისს, ღამის საათებში, დაახლოებით 02 საათიდან 04 საათამდე პერიოდში, დაუდგენელმა პირმა გაქურდა ქ. ----ში, --–ში მცხოვრები მ. ს-ას ბინა, საიდანაც წაიღეს „ფუნაის“ ფირმის ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი მართვის პულტით. აღნიშნული ბინა მდებარეობდა --- შს სამმართველოს --------- ტერიტორიაზე.
4. 2001 წლის 14 ივლისს, ღამით, დაახლოებით 5 საათზე, ქ. ----ში, ------ ხიდის მახლობლად, ქ. ----ის სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა - კ. ლ-ამ და თ. შ-ამ დააკავეს ----- წელს დაბადებული თ. მ., რომელიც გადაიყვანეს ------ის სატრანსპორტო პოლიციის ქვეგანყოფილების შენობაში, სადაც იგი ყოველგვარი პროცესუალური დოკუმენტის შედგენის გარეშე, განზრახ უკანონოდ იყო დაკავებული 07:10 საათამდე.
5. ------------ სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე მ. მ-მა, რომელიც ასრულებდა ----------- ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ დავალებას, თ. მ-ას დაკავების დროს დაშვებული კანონდარღვევების გამოსწორების მიზნით, რომ თითქოსდა დანაშაული თ. მ-ას ჩადენილი ჰქონდა ------ შს სამმართველოს და არა სატრანსპორტო პოლიციის ტერიტორიაზე, დაახლოებით 07:10 საათისათვის თ. მ. სატრანსპორტო პოლიციის შენობიდან გადაიყვანა -----ში, -------- მიმდებარე ტერიტორიაზე. მ. მ-თან ერთად ------------ ტერიტორიაზე მყოფმა ამავე სამმართველოს ინსპექტორებმა - ე. ს-ამ და კ. ხ-ამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, გააფორმეს საპროცესო დოკუმენტი, რომელშიც მიუთითეს, რომ თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტარეს თ. მ-ას პირადი ჩხრეკა, აგრეთვე ამოიღეს მოქალაქე მ. ს-ას ბინიდან ფარულად გატაცებულად მიჩნეული ნივთები, რაც ხელმოწერით დაადასტურეს შ. ბ-ამ, ე. ს-ამ და კ. ხ-ამ. აღნიშნულის შემდეგ თ. მ. უკანონოდ გადაიყვანეს ქ. ---- შს სამმართველოში, სადაც ისე, რომ არ არსებობდა თ. მ-ას ეჭვმიტანილის სახით დაკავების ოქმი, განზრახ, უკანონოდ დააკავეს და მოათავსეს ქ. ----ის შს სამმართველოს დროებითი მოთავსების საკანში.
6. იმავე დღეს თითქოსდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები წარედგინა ქ. ---ში, ----ში მცხოვრებ მ. ს-ას. მ. ს-ას სახლის დათვალიერების შემდეგ, საპროცესო ნორმების დარღვევით, უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მასთან მისადაგების მიზნით, მ. ს-ას ჩამოერთვა ახსნა–განმარტება. მას შემდეგ, რაც ეს მასალები გადაეცა ქ. ----ის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსს - მ. ს-ს, მან მოკვლეული მასალებისა და მ. ს-ას ახსნა–განმარტებების საფუძველზე ქ. ----ში შს სამმართველოს მორიგე რ. გ. უკანონო მითითებით აიძულა, რომ 2001 წლის 14 ივლისს ყალბად, მისი წინამორბედის, თ. ბ-ას სახელით შეედგინა ოქმი, თითქოსდა დილის 6 საათზე უცნობი მოქალაქის სატელეფონო შეტყობინების მიღების შესახებ, ქ. ----ში, ----–ში მცხოვრები მ. ს-ას ბინის ქურდობის ფაქტზე, რაც ქ. ----ის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა - მ. ს-მა დააწერა ----ის შს სამმართველოს ----- უფროსს - პ. ჯ-ეს და ----ის შს სამმართველოს სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე მ. მ-ს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე თვითონ აღძრა თ. მ-ას მიმართ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილით.
7. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს წარმოებაში მიიღო ---ის შს სამმართველოს სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე მ. მ-მა და გამოიტანა დადგენილება თ. მ-ას ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ. ამის შემდეგ თ. მ. მოთავსდა ქ. ---ის შს სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში. მ. ს-მა სხვა დანაშაულებათა გახსნისა და თანამონაწილეთა დასახელების მიზნით, მისი უკანონო ბრძანებისა და დავალების საფუძველზე, მიუხედავად პასუხისმგებელი მორიგის - რ. გ-ის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, თ. მ. დაახლოებით 15:00 საათის შემდეგ ----ის შს სამმართველოს ------- ოპერატიულ თანამშრომლებს - კ. ა-ას, ა. ს-სა და ჰ. კ-ეს ააყვანინა პოლიციის შენობის მე–2 სართულზე, ოპერატიული მუშაკის - ზ. ხ-ას სამუშაო კაბინეტში. მათ მოგვიანებით შეუერთდნენ ამავე ქვეგანყოფილების ოპერატიული თანამშრომლები - ე. მ. და პ. ., ისინი შეიარაღებულები იყვნენ ,,მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებით, ხოლო პ. ჯ-ეს ჰქონდა ასევე რეზინის ხელკეტიც.
8. ამის შემდეგ ე. მ-ემ, კ. ა-თან, პ. ჯ-სა და ჰ. კ-თან ერთად, აღიარებითი ჩვენების გამოძალვის მიზნით, თ. მ., ქვედა საცვლის ამარა, ძალის გამოყენებით, მარცხენა ხელით ხელბორკილით მიაბა ოთახში არსებული სეიფის სახელურზე. ასევე ძალადობით, ხელკეტით ცემისა და ბლაგვ საგანზე არაერთხელ მიხეთქების შედეგად, რასაც თან ერთვოდა მისი აბუჩად აგდება და წამება, თ. მ-ას გამოსძალეს თითქოსდა გ. გ-თან ერთად მ. ს-ას ბინის ქურდობის ჩადენის აღიარებითი ჩვენება და ასევე, სხვა დანაშაულთა ჩადენის, მათ შორის ნაქურდალი ნივთების ჯ. გ-სა და ს. დ-თვის მიყიდვის აღიარებითი ჩვენება. თ. მ-გან აღიარებითი ჩვენების გამოძალვა გაგრძელდა დაახლოებით 21:30 საათამდე, რა დროსაც ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ხელკეტითა და მკვრივი, ბლაგვი საგნით ცემით, მკვრივ საგანზე მიხეთქებით, გამოძიებით დაუდგენელი, მჩხვლეტავი საგნის დარტყმით თ. მ-ას მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის, სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები, რასაც მოჰყვა თ. მ-ას დაუდგენელ ვითარებაში შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდნა. იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, მაგრამ მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, 22:40 საათზე გარდაიცვალა.
9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. მ-ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ო-ემ, რომლებმაც ითხოვეს ე. მ-ის მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
10. ბრალდების მხარემ მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენის საქართველოს მოქმედი სსკ–ის 59–ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ე. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ე. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 335–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ელდარ მიქაძეს განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ე. მ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული დამატებითი სასჯელი - თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 9 თვის ვადით. ე. მ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 23 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2011 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და 2014 წლის 22 დეკემბრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრამდე.
12. კასატორი – მსჯავრდებული ე. მ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და განაჩენი მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცეს ე. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მათ მიერ გამოტანილი დასკვნები ემყარება მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდებს, კერძოდ:
2. ბრალდებულმა ელდარ მიქაძემ თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2001 წლის 14 ივნისის მდგომარეობით მუშაობდა ----ის შს სამმართველოს ----- კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. აღნიშნულ დღეს მ. ს-მა იგი სიტყვიერად გაათავისუფლა, რადგან მის დას მამამთილი ჰყავდა გარდაცვლილი და ----ში უნდა წასულიყო. ვინაიდან წინა დღის ნამორიგეველი იყო, პ. ჯ-ის ოთახში ეძინა სავარძელზე შუადღის 15.00 საათამდე. პ. ჯ. როდესაც მივიდა, უთხრა სახლში წასულიყო და იქ დაესვენა. პ-მ ასევე უთხრა, რომ ქურდობის საქმეზე მუშაობდნენ. ე. მ. წამოვიდა სახლში, დაისვენა, მოწესრიგდა და დაახლოებით 20.00 საათისათვის სამმართველოში მიბრუნდა, რადგან ავტომანქანა უნდა ეთხოვა ----ში პანაშვიდზე წასასვლელად. მანქანა ვერ ინათხოვრა და ამის გამო წასვლა გადადო. 20:00 საათზე ჩატარდა თათბირი, რომელსაც დაესწრო ე. მ-ც და დამთავრების შემდეგ თათბირიდან გამოსული, მივიდა მ. მ-ის კაბინეტთან, სადაც ჰყავდათ თ. მ.. მ. მ-მა მას სთხოვა თ. მ-ას სხვა ოთახში გადაყვანა, რადგანაც თვითონ ჩხრეკის ჩასატარებლად მიდიოდა. თ. მ. ე. მ-მ, კ. ა-ამ და ჰ. კ-ემ სხვა ოთახში გადაიყვანეს. ოთახში როდესაც შევიდნენ, ხელბორკილდადებული თ. მ. დასვეს სკამზე, სეიფის გვერდით. ცოტა ხანში ოთახში შევიდა მ. მ., რომელსაც ვიდეომაგნიტოფონი ეკავა ხელში და თ. მ-ას ჰკითხა რაღაც, რაზედაც იგი დაეთანხმა. მალევე ე. მ-ეს მობილურ ტელეფონზე დაურეკა პ. ჯ-ემ და სთხოვა თ. მ-თან დალაპარაკება. თ. მ-მ მობილურ ტელეფონში ვიღაცას უთხრა „პუშკინა“ ვარო და ტელევიზორი გაატანე მაგათო. ამის შემდეგ ე. მ-ემ ა-ას, ნ-სა და კ-ეს უთხრა, რომ წყლის დასალევად გავიდოდა. კორიდორში იყო გამოსული, ხმაურის ხმა რომ შემოესმა, ამ დროს კ. ა-ას ხმა გაიგონა, თ. მ. ფანჯრიდან გადახტაო. ე. მ. მივიდა ფანჯარასთან და რომ გადაიხედა, დაინახა თ. მ.. ე. მ-ეს თ. მ-თან სხვა არანაირი შეხება არ ჰქონია. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს თ. მ-ას წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მისი მონაწილეობის შესახებ, გარდა მ. მ-ის ჩვენებისა, რომელმაც პირადი თავისუფლების სანაცვლოდ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენებები.
3. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მისი მეუღლე ა. მ. ---ის სატრანსპორტო პოლიციაში მუშაობდა. აღნიშნულ დღეს ა. და თ., კუთვნილ ნაკვეთში ნამუშევრები, დაღლილები სახლში იყვნენ. ა-ის ჩასძინებია. მოგვიანებით გაუღვიძებიათ და უთქვამთ, რომ თ. იყო დაკავებული. როდესაც მისულა სატრანსპორტო პოლიციაში, თ-თვის უკითხავს, რა ქენიო, რაზეც მას უპასუხია, მე არაფერი მომიპარავს და რას მაბრალებენ, არ ვიციო. დილით გაიგო, რომ --ის შს სამმართველოში იყო გადაყვანილი. როდესაც მისულა შს სამმართველოში, იქ რ. გ. იყო მორიგე, რომელმაც უთხრა, არ მოუყვანიათ ჯერ თ-იო. მერე მეორე სართულზე ასულა, სადაც ხმაურის ხმა გაუგონია, წასულა იმ ოთახისაკენ და ღია კარში თ. დაუნახავს, რომელსაც უთქვამს „მამაჩემო, ადვოკატი ამიყვანე, თორემ რაღაცას გამიჩალიჩებენო“. ამის შემდეგ მისულა ჭ-თან, რომელსაც 100 აშშ დოლარი მოუთხოვია. როდესაც მობრუნებულა, პ. ჯ-ეს უთქვამს, ქურდია შენი შვილიო, შემდეგ უთქვამს, გააკეთე რაც გითხრეს და არ იქნება პრობლემაო. სამმართველოს წინ იჯდა, ასე 17.00 საათი იქნებოდა, ყვირილის და გინების ხმა რომ შემოესმა, რომელშიც მისი შვილის, თ-ის ხმა ამოიცნო. რ. გ-ათვის უთხოვია, რომ გაეტარებინა ზევით, მაგრამ მას უპასუხია, ბრძანება მაქვს არ აგიშვაო. ამ დროს მოგუდული დაგდების ხმა შემოესმა, რასაც უცებ პოლიციელები გამოყვნენ და დაუნახავს სისხლში ამოსვრილი თ.. თ-ს უთქვამს, მამა, ცემაში მომკლესო. ამის შემდეგ ჩაუსვამთ ავტომანქანაში და საავადმყოფოში გადაუყვანიათ. ა-ის თქმით, აღნიშნულ დღეს ე. მ-ეც სამმართველოში იყო.
4. მოწმე მ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 14 ივნისის მდგომარეობით მუშაობდა ----ის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილედ. აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 6–7 საათზე, დაურეკა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა შ. ბ-ამ და უთხრა, რომ ---ის სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში დაკავებული ჰყავდათ თ. მ. ქურდობის ფაქტზე. მას დაავალეს მისულიყო სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში და თ. მ. გადაეყვანა დაკავების ადგილზე. როდესაც მივიდა, გაიგო, რომ დაკავებული პიროვნება იყო თ. მ., რომელიც გადაიყვანა -------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდა სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომელი, იქ იყო აგრეთვე ნაქურდალი ნივთები - ტელევიზორი ვიდეომაგნიტოფონი და პულტი. შემდეგ იქ მივიდა შ. ბ., რომელმაც მიიტანა ----ის შს სამმართველოს უფროსის - თ. ს-ას მიერ გაცემული და ბეჭედდასმული დოკუმენტი და დაავალეს გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარება. იქ მივიდა ასევე პ. ჯ., რომელმაც მიიყვანა ორი დამსწრე და მიიტანა ფოტოაპარატი, რომლითაც გადაიღეს რამდენიმე სურათი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაბრუნდა სამმართველოში და მასალები შეუტანა სამმართველოს უფროსს - თ. ს-ს. იქ იყო ასევე მ. ს-იც, რომელმაც უთხრა, რომ დაკავების ოქმი და პატაკები არ იყო საქმის მასალებში. ამის შემდეგ ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი გადაიტანა პროკურორ ხ-სთან, რომელსაც უთხრა, რომ საქმეში არ იყო დაკავების ოქმი და პატაკები, ხოლო პროკურორმა უპასუხა, რომ ის საქმის კურსში იყო. ცოტა ხანში პ. ჯ-ემ და ა. ს-მა თ. მ. მიიყვანეს სამმართველოში. მან ჩამოართვა თ. -ას ახსნა–განმარტება და დაასრულა მასთან მუშაობა. შეადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლებიც დაამტკიცებინა პროკურორს და როდესაც ჩათვალა, რომ თ. მ-თან სამუშაო დასრულებული იყო, ჩაიყვანა სამორიგეო ნაწილში. ამის შემდეგ შევიდა კრიმინალური პოლიციის უფროს მ. ს-თან, რომელსაც მოახსენა, რომ თ. მ-თან ყველა საგამოძიებო მოქმედება დამთავრებული იყო, ხოლო თ. მ. მოთავსებული იყო სამორიგეო ნაწილში, რაზედაც მ. ს. გაბრაზდა და უთხრა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია თ. მ-ას მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზეც, კონკრეტულად - მკვლელობის საქმეზე, რაზედაც უნდა გაეგრძელებინა მუშაობა და დაავალა, რომ სასწრაფოდ უკან ამოეყვანა თ. მ.. მ. მ-მა დაღლილობის გამო უარი უთხრა. ამის შემდეგ მ. ს-მა შიდა ტელეფონით დაურეკა მორიგეს და უთხრა, რომ მ. გამოეტანებინა მის მიერ ჩაგზავნილი ხალხისათვის, თან ტელეფონში ჩხუბობდა, რომ ის იყო იმ დროისათვის უფროსი და მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამის შემდეგ მ. მ. წავიდა სახლში. საღამოს 20:00 საათისთვის დედამისმა გააღვიძა და უთხრა, რომ სამსახურში იბარებდნენ სასწრაფოდ. როდესაც სამსახურში მიბრუნდა, მ. ს-მა უთხრა, რომ თ. მ-ამ აღიარა სხვა დანაშაულები. ამის შემდეგ მ. ს-ის ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა წასულიყო საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. წასვლამდე საჭირო დოკუმენტების ასაღებად წავიდა თავისი კაბინეტისკენ. სანამ იქ შევიდოდა, გაიგონა გვერდითა კაბინეტიდან გამოსული ჩხუბისა და გინების ხმა, რაზედაც დაინტერესდა თუ რა ხდებოდა და შეაღო ამ კაბინეტის კარი, სადაც დაინახა, რომ თ. მ. ქვედა საცვლის ამარა, ნაწამებ-ნაცემი, ცალი ხელით მიბმული იყო იქვე მდგარ სეიფზე და იატაკზე იჯდა. მას სხეულზე ზეწოლის კვალი ეტყობოდა, კერძოდ, ტანი და მკლავი დაწითლებული ჰქონდა. ამ კაბინეტში ასევე იყვნენ ე. მ., პ. ჯ., კ. ა. და თ. კ.. ისინი ტაბელური იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები, ხოლო პ. ჯ-ეს ხელკეტიც ეჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეკამათება მოუვიდა პ. ჯ-თან, რაზედაც პ. ჯ-ემ უთხრა, რომ იგი არ იყო მისი უფროსი და არ ჰქონდა რეაგირების უფლება. ამის თაობაზე იგი შევიდა მ. ს-თან და უთხრა ნანახის შესახებ, რაზედაც ს-მა უპასუხა „აქ არის პოლიცია და იგი არ იყო ზედამხედველი პროკურორი“. შემდეგ იგი წავიდა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად დ-ის ოჯახში, საიდანაც ამოიღო „ფუნაის“ ფირმის ვიდეომაგნიტოფონი. როდესაც დაბრუნდა სამმართველოს შენობაში, შეხვდა სამმართველოს უფროსი თ. ს., რომელმაც უთხრა, რომ შესულიყო მასთან და მოეხსენებინა მომხდარის შესახებ. ამ დროს გაიგონა ყვირილის ხმა „გაიქცა, გაიქცაო“. გარეთ გავიდა და გაიგონა ვიღაცის ნათქვამი, თ. მ. ფანჯრიდან გადახტაო. როდესაც ქვემოთ ჩავიდა, დაინახა თ. მ. სკამზე იჯდა და გულმკერდის არედან სისხლი მოსდიოდა. იგი ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ცოტა ხანში შეიტყო, რომ თ. მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
5. მოწმე რ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მუშაობდა ქ. ---ის შს სამმართველოში მორიგე-ინსპექტორად. აღნიშნულ დღეს ----ის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა - მ. ს-მა შეადგენინა ტელეფონით შეტყობინების ოქმი ვინმე მ. ს-ას ბინის ქურდობის ფაქტზე, რომ თითქოს აღნიშნული პირის საცხოვრებელი ბინიდან მოიპარეს ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი, რაც მ. ს-ამ ტელეფონით შეატყობინა მორიგე ბ-ას, რომელიც წინა დღით იყო მორიგე. დაახლოებით შუადღისას სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე მ. მ-მა სამორიგეოში შეიყვანა თ. მ.. მ-ს ხელთ ჰქონდა დადგენილება პირის დაკავების შესახებ, რის შედეგადაც დაკავებული მოათავსეს იზოლატორში. მას ამ დროს არანაირი დაზიანების კვალი არ ემჩნეოდა. ცოტა ხანში სამორიგეოში შევიდა ----- სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორი ა. ს. და უთხრა, რომ მ. ს-ის დავალებით თ. მ. უნდა აეყვანა ზევით. აღნიშნულზე რ. გ-ემ უარი განუცხადა, ვინაიდან მას არ ჰქონდა უფლება დაკავებული გაეტანებინა ერთი ადამიანისათვის. დადგენილი წესის მიხედვით, დაკავებული უნდა გაეყვანა სამ ადამიანს. ცოტა ხანში მას ტელეფონით დაუკავშირდა მ. ს., ---ის შს სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, რომელიც გაბრაზებული იყო და უთხრა, რომ თ. მ. გაეყოლებინა მის მიერ გამოგზავნილი კაცისთვის, ვინაიდან ის იყო უფროსი და მის ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა. თ. მ. მეორე სართულზე წაიყვანეს ა. ს-მა, ჰ. კ-ემ და კ. ა-ამ. ამის შემდეგ მეორე სართულიდან პერიოდულად ისმოდა ყვირილის ხმა. საღამოს, დაახლოებით 21.30 საათზე, გაიგონა ჩამოვარდნის ხმა, რასაც წინ უსწრებდა მინის მტვრევის ხმა. მან დაინახა მიწაზე პირქვე დავარდნილი თ. მ., რომელსაც სისხლი მოსდიოდა, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით გაიგო, რომ თ. მ. გარდაიცვალა.
6. მოწმე გ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მუშაობდა ქ. ---ის შს სამმართველოში ოპერატიული მორიგის თანაშემწედ. აღნიშნულ დღეს მასთან ერთად სამუშაოს ასრულებდნენ უფროსი მორიგე - ინსპექტორი რ. გ. და დმი–ის მორიგე კ. კ.. დაახლოებით 15:00 საათზე ---ის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილში მ. მ-მა შემოიყვანა დაკავებული თ. მ.. მ. მ-ს თან ჰქონდა პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების ოქმი, რომელიც გადასცა მორიგეს და უთხრა, რომ პროკურატურა საქმის კურსშია და ჩაიბარე დაკავებულიო. თ. მ-ას მოყვანიდან დაახლოებით 40 წუთში სამორიგეოში შემოვიდა ა. ს. და მორიგეს უთხრა, რომ თ. მ. მ. ს-თან უნდა აეყვანათ დაკითხვაზე. რ. გ-მ ა. ს-ს უპასუხა, რომ სანამ სამი კაცი არ იქნებოდა, მანამ დაკავებულს ვერ გაატანდა. ა. ს-ს გასვლიდან დაახლოებით 10 წუთში სამორიგეოში გაისმა ზარის ხმა. რ. გ-მ უპასუხა ტელეფონს და თქვა, რომ მას არ ჰქონდა უფლება დაკავებული ერთი კაცისთვის გაეყოლებინა. რ. გ-ემ აღნიშნა, რომ ტელეფონით მ. ს-მა დაურეკა და უთხრა თ. მ. გაეყოლებინა ა. ს-თვის. ცოტა ხანში სამორიგეოში შემოვიდნენ ა. ს., კ. ა. და ჰ. კ.. თ. მ. გაატარეს „დაკავებულთა მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში“ და გაიყვანეს სამორიგეოში. ამის შემდეგ დაკავებული თ. მ. აღარ უნახავს.
7. მოწმე კ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მუშაობდა ქ. ----ის შს სამმართველოში დმი–ის მორიგედ. აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 12.00 საათზე, მ. მ-მა მიიყვანა დაკავებული თ. მ., რომელიც ჩააბარა რ. გ-ეს და წავიდა. დაკავებულის ჩაბარებიდან რამდენიმე ხანში სამორიგეოში მივიდა ოპერ-მუშაკი ა. ს., რომელსაც უნდოდა დაკავებული თ. მ-ას წაყვანა, რაზეც რ. გ-ემ უარი უთხრა. ცოტა ხანში სამორიგეოში გადმორეკა მ. ს-მა შიდა ტელეფონით და რ. გ-ეს ეჩხუბა, თუ რატომ არ გააყოლა დაკავებული. ამის შემდეგ სამორიგეოში შემოვიდნენ ა. ს., ჰ. კ. და კ. ა., რომლებმაც ხელი მოაწერეს ჟურნალში, თ. მ-ას ხელბორკილი დაადეს და აიყვანეს მეორე სართულზე. წაყვანიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მას ესმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა მეორე სართულიდან. საღამოს 21:30 საათისთვის მან გაიგონა იზოლატორის ეზოში დაცემის ხმა, რასაც რამოდენიმე წამის დაგვიანებით მოჰყვა შუშის მსხვრევის ხმა. იგი იმ წუთასვე გავიდა გარეთ და დაინახა მიწაზე პირქვე დავარდნილი თ. მ., რომლის პერანგიდანაც სისხლი ჟონავდა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. მან მოგვიანებით შეიტყო მ-ას გარდაცვალების შესახებ. მას მ. ს. რ. გ-ის პირით დაემუქრა, რომ არ ეთქვა, თუ ვინ აიყვანა მასთან თ. მ. და აყვანის დროდ დაეფიქსირებინათ საღამოს 20.00 საათი. ასევე მ. ს-მა შეუთვალა, რომ თითქოს თ. მ-ას თხოვნით იქნა აყვანილი მ. მ-თან, რადგანაც ის სამორიგეოში მ. მ-მა ჩააბარა. მოწმემ განმარტა, რომ ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერი, რომ თითქოს თ. მ. სამორიგეოში 13.50 საათზე იქნა ჩაყვანილი და საღამოს 20.00 საათზე მისივე თხოვნით აიყვანეს მეორე სართულზე მ. მ-თან, არ არის სწორი.
8. მოწმე რ. კ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წელს მუშაობდა ------ის სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში მორიგე-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2001 წლის 14 ივლისს, დილის 4 საათზე, მოესმა საუბარი. როდესაც კარი გააღო, ნახა, რომ საუბრობდნენ თ. შ. და კ. პ.. მათი საუბრიდან გამომდინარე გაიგო, რომ თ. შ. დახმარებას ითხოვდა. თ. შ-ას გაყვნენ კ. პ., მ. ა. და მ. ლ.. გასული იქნებოდა ერთი საათი, როცა განყოფილებაში შემოვიდნენ კ. ლ., თ. შ. და კ. პ., რომლებმაც მოიყვანეს დაკავებული თ. მ.. როდესაც ჰკითხა თ. შ-ას და კ. ლ-ას, მათ უპასუხეს, რომ ეს პიროვნება იყო სხვისი ქონების ქურდობაში ეჭვმიტანილი, რომელიც დააკავეს ----- ხიდის ტერიტორიაზე. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მოვიდა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი კ. კ., რომელიც ჩააყენეს მომხდარის შესახებ საქმის კურსში. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა დაკავებულის მამა ა. მ., რომელსაც შვილის ნახვა უნდოდა. თ. მ. გაატარეს „დაკავებულთა წარმოდგენის ჟურნალში“, სადაც დამკავებლად მიუთითეს თ. შ. და კ. ლ.. დაახლოებით 7 საათი იქნებოდა, როდესაც სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში მოვიდა მ. მ., რომელმაც მოაწერა ხელი პიროვნების ჩაბარებაზე და წაიყვანა თ. .
9. მოწმე მ. ს-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის 14 ივლისს, ღამის 2 საათზე გააღვიძა უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც სთხოვა მისთვის სიგარეტი მიეყიდა. როდესაც ოთახში შებრუნდა, დაინახა, რომ ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი და პულტი არ იყო ადგილზე, ფანჯარა კი ღია იყო. დილით, როდესაც პოლიციელები მოვიდნენ, -----ის ქვეგანყოფილების უფროსმა - პ. ჯ-ემ მას უთხრა, რომ ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი ჰქონდა მანქანაში და ენახა, მისი იყო თუ არა. ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი და პულტი აღმოჩნდა მისი. ვინაიდან ასე იოლად იქნა ნაპოვნი ნივთები, მას პოლიციაშიც არ განუცხადებია ამის შესახებ. პოლიციელები შევიდნენ მასთან სახლში და ჩაატარეს პროცედურები, ჩამოართვეს ახსნა–განმარტება, სადაც ჩაწერეს, რომ თითქოს ტელეფონით შეატყობინა პოლიციას ბინის გაქურდვის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ ის დაიბარეს პოლიციაში, მიატანინეს ტელევიზორისა და ვიდეომაგნიტოფონის პასპორტები, ცნეს დაზარალებულად, ჩამოართვეს ჩვენება და დაუბრუნეს კუთვნილი ნივთები. მან სამმართველოს შენობის დერეფანში დაინახა თ. მ., ის ბიჭი, ვისაც მისი ნივთების ქურდობას ედავებოდნენ, საღამოს კი გაიგო მისი გარდაცვალების შესახებ.
10. მოწმე ვ. ხ-ამ განმარტა, რომ 2001 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მუშაობდა ------ის შს სამმართვლეოს სამძებრო განყოფილების ინსპექტორად. ამ პერიოდში სმაგინი იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი. აღნიშნულ დღეს 10–დან 11 საათამდე თავი გაითავისუფლა მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით; სტუმრები ჰყავდა რაიონიდან და ამიტომ სამსახურში არ ყოფილა. მომდევნო დღეს ის მუშაობდა შ-ას მკვლელობის საქმეზე, სადაც თ. მ. არ იმხილებოდა. თ. მ-ას გარდაცვალების დეტალები არ იცის.
11. მოწმე ზ. მ-ემ აჩვენა, რომ 1999 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა -----ის პოლიციაში დროებითი დაკავების იზოლატორში. მისი სახელით შეადგინეს ცნობა, რომ თითქოს მ. სა-ამ პოლიციას ტელეფონით შეატყობინა ქურდობის შესახებ. ვის მიერ გაკეთდა აღნიშნული, არ იცის. 2001 წლის 14 ივლისს, დილის 10.00 საათამდე, მუშაობდა და შემდეგ რ. გ-ის ჯგუფმა გადაიბარა მორიგეობა. მოგვიანებით გაიგო თ. მ-ას ფანჯრიდან გადმოხტომისა და გარდაცვალების შესახებ.
12. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტმა ლ. ჩ-მ განმარტა, რომ მან ქალაქ ----ში, ექსპერტიზის ბიუროს შენობაში, გამოიკვლია თ. მ-ას გვამი, რაც გ. ც-სა და ----ის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტ დ. დ-თან ერთად კომისიურად ჩაატარა. ასევე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული აქვს კომისიური ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბ. კ., რ. ბ. და ნ. კ.. გვამის გამოკვლევა დაიყო ორ ნაწილად, ჯერ ჩატარდა გვამის გარეგანი დათვალიერება თ. მ-ას საცხოვრებელ სახლში, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა, რა დროსაც შედგა გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმი. აღნიშნულის შემდეგ გვამი გადაასვენეს ქალაქის საავადმყოფოში, სადაც განხორციელდა შინაგანი გამოკვლევა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის მიზეზი იყო გულმკერდის მარცხენა მხარეს, მეორე-მესამე ნეკნთა შუა გულმკერდის ღრუში შემავალი, ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა, რომელიც აზიანებდა ღრუ–ვენას და იწვევდა მწვავე სისხლნაკლებობას, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებას, რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და რასაც მოჰყვა კიდეც შედეგად თ. მ-ას გარდაცვალება. თ. მ-ას სხეულზე ასევე აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული მრავალი დაზიანება, რაც დეტალურად არის აღწერილი დასკვნაში. ისინი სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებია და სიკვდილთან რაიმე კავშირი არ აქვთ. თ. მ- ას გვამის შინაგანი გამოკვლევის დროს ასევე ნანახი იქნა თირკმლების, ელენთისა და ღვიძლის სუბკაფსულარული გასკდომა, ანუ ისეთი სახის გასკდომა, როდესაც თვითონ კაფსულა არ იყო გახეთქილი, მაგრამ პარენქიმა (მის ქვეშ არსებული ქსოვილი) იყო გამსკდარი. ასეთი ტრავმები დამახასიათებელია ინერციული, სხეულის მყისიერი შეჩერებისათვის, გარკვეული სიმაღლიდან გადმოვარდნისათვის, მყისიერი დამუხრუჭებისათვის და ა.შ. თ. მ-ას გვამზე არსებული ყველა ტრავმა მისი სიცოცხლისდროინდელი იყო, რომელიც მიყენებული ჰქონდა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.
13. სასამართლო–სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის №---/- დასკვნით დადგენილია, რომ თ. მ-ას გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ნახევარში, მკერდის ძვლის საზღვარზე, მეორე-მესამე კუნთთაშუა სივრცეში აღენიშნებოდა ნაჩხვლეტ–ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც მიემართებოდა წინიდან უკან, ოდნავ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ, შედიოდა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, აზიანებდა ზემო ღრუ ვენას სანათურში შეღწევით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია მჭრელი კიდეები და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რასაც მოჰყვა თ. მ-ას სიკვდილი. თ. მ-ას სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, რომელიც განვითარდა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა ნახევარში არსებული გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის შედეგად, ზემო ღრუ ვენის დაზიანების გამო. თ. მ-ას გვამზე არსებული მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები შესაძლებელია მიეღო ცემის შედეგად, იმ ვითარებაში, რაც მითითებულია საქმის გარემოებაში. თ. მ-ას გვამის გამოკვლევით ნანახი ელენთის, ღვიძლის და ორივე თირკმლის წინა ზედაპირებზე არსებული სუბკაფსულური გასკდომა განვითარებულია სიკვდილის წინ დროის მოკლე მონაკვეთში და წარმოადგენს მოძრავი სხეულის წინა ზედაპირით არასწორ ბრტყელ სიბრტყეზე დაცემისას ამ ორგანიზმის შერყევით გამოწვეულ ინერციულ დაზიანებას. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ე. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე. სააპელაციო პალატის დასკვნა ე. მ-ის ბრალეულობის თაობაზე ეფუძნება ზემომითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლო აანალიზებს რა აღნიშნულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ არც ერთი მათგანი, არც ცალკე აღებული და არც ერთობლიობაში, არ მიუთითებს ე. მ-ის მიერ თ. მ-თვის ჩვენების გამოძალვისა და მისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე, კერძოდ:
ძირითადი მოწმის - მ. მ-ის ჩვენების მიხედვით, ე. მ. იმყოფებოდა იმ ოთახში, სადაც იყო თ. მ.. ხოლო, კონკრეტულად რა ქმედებას ახორციელებდა ე. მ., ანუ მონაწილეობდა თუ არა იგი თ. მ-ს ცემასა და ჩვენების გამოძალვაში, მ. მ-მა ვერ მიუთითა და განმარტა, რომ კონკრეტული ფაქტი არ დაუნახავს. შესაბამისად, მ. მ-ის ჩვენება ე. მი-ის ბრალეულობას ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მი-მ უშუალოდ ე. მ-თან დაკავშირებით განმარტა, რომ მეუღლისგან - ა. მ-სგან გადმოცემით იცის, რომ შემთხვევის დღეს ე. მ-ც სამმართველოში იმყოფებოდა, რასაც თავად ე. მ-ც არ უარყოფს. თუმცა აღნიშნული მოწმის ჩვენება ე. მ-სთვის წარდგენილ ბრალდებას არც პირდაპირ და არც ირიბად არ ადასტურებს. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ ლ. ჩ-ას ჩვენებას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თ. მ-ას მიყენებული ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გახდა კიდეც მისი გარდაცვალების მიზეზი. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ ლ. ჩ-ს ჩვენება) ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაასკვნას, რომ თ. მ-ას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი გამოწვეული იყო ე. მ-ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. 15. განაჩენში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს რაც შეეხება, ისინი საერთოდ არ არიან შემხებლობაში ე. მ-ის ბრალეულობის საკითხთან.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]
17. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[2]
18. საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ: სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ ე. მ-ემ ჩაიდინა თ. მ-ას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად და ასევე, ჩვენების მიცემის იძულება, რასაც თან ერთვოდა ძალადობა, აბუჩად აგდება ან წამება, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ე. მ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი და ე. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულებში, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტებითა და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3. ე. მ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო ხდომის დარბაზიდან.
4. ე. მ-ეს განემარტოს უფლება საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
მ. ვაჩაძე
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
[2] იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.