დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.07.2016
საქმის ნომერი
30აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.07.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№30აგ-16 12 ივლისი, 2016 წელი

ბ-ი გ., 30აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი, (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის მე-2003 მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 41–ე და 52–ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 3 ტონა ეთილის სპირტი. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 14 მარტიდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელსა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს შორის. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჩ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 2 მარტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 14 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთას დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 8 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ გ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2012 წლის 2 ივლისიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2012 წლის 1 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის მე-2003 მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 2 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენები, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებები მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2015 წლის 23 დეკემბერს მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. მან მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და 414–ე მუხლის მე–8 ნაწილის საფუძველზე, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის შემსუბუქება და დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრებისას სრული შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება. ადვოკატმა ასევე წარმოადგინა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისა და 254 მაცხოვრებლის, ასევე №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემული დახასიათებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინებას და ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას სსსკ-ის 310-ე მუხლისა და სსსკ-ის 3321–ე მუხლის საფუძველზე; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და სსკ-ის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილის საფუძველზე, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის შემსუბუქებას და დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიბისას სასჯელთა შეკრებისას სრული შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321–ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის დამატებით საფუძველს, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310–ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სსკ–ის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საქართველოს სსკ–ის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59–ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლი განსაზღვრავს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესს. აღნიშნულ მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით შეტანილი ცვლილებებით შემოღებულ იქნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის, მთლიანი შეკრებისა და ნაწილობრივი შეკრების წესი. კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით განისაზღვრა, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს; დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; იმავე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად კი, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 26 მარტის განაჩენის დადგენისას ერთხელ უკვე იმსჯელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის თაობაზე და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი წარსული ცხოვრების, ჩადენილი ქმედებების სიმძიმის (ჩადენილი აქვს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები) გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულს სასჯელი შემცირებოდა ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანქმის პრინციპის საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს ერთი და იმავე საფუძვლით ერთსა და იმავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის საფუძველი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განჩინების მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე