გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#141აპ.-16 ქ. თბილისი
ა-ა რ. 141ap.-16 25 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორების _ ნ. ს-ს, ა. ტ-სა და
დ. გ-ის
ადვოკატების – რ. ს-სა და მ. ვის
მონაწილეობით განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების - ა. ტ-სა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ა-ას, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ბრალდების ორი ეპიზოდი) რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2004 წლის 26 იანვრიდან 2012 წლის 14 აგვისტომდე, რ. ა-ია მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
3. სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული კ. ლ-ა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი.
4. 2009 წლის დეკემბერში მსჯავრდებულ კ. ლ-ას მეუღლე მ. ე-ა, ს-ის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდა რ. ა-ას, რა დროსაც განიხილეს კ. ლ-ასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი. რ. ა-ა მას დაჰპირდა, რომ გაერკვეოდა მისი მეუღლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში და საპროცესო შეთნახმების გაფორმების შესაძლებლობის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა.
5. 2009 წლის 22 დეკემბერს, მ. ე-ა ს-ის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში კვლავ შეხვდა რ. ა-ას, რომელმაც პირადად მოსთხოვა, რომ კ. ლ-ასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩაერიცხა 10 000 ლარი. გარდა აღნიშნულისა, რ. ა-ამ პირადი დაინტერესებით, თითქოსდა, ქველმოქმედების მიზნით, მ. ე-ას მოსთხოვა, რომ კ. ლ-ას მეგობრებს, მის მიერ გადაცემულ არარსებულ -----“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხათ 150 000 ლარი. რეალურად რ. ა-ას მიერ გადაცემული საბანკო რეკვიზიტები წარმოადგენდა მისი ახლობლის, ს. გ-ას კუთვნილ შპს „ს-ის“ საბანკო ანგარიშს.
6. მარინა ე. ი-ი გახდა დასთანხმებოდა შეთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, კ. ლ-ას სახელით, სახელმწიფო ხაზინის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხა 10 000 ლარი, ხოლო მისი მეუღლის მეგობრის, გ. წ-ის სახელით 150 000 ლარი რ. ა-ას მიერ მითითებულ შპს „ს-ის“ საბანკო ანგარიშზე.
7. 2009 წლის 25 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა კ. ლ-ასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, სადაც დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის ოდენობად დაფიქსირდა მხოლოდ 10 000 ლარი, რაც შეეხება შპს „ს-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 150 000 ლარს, რომელიც საპროცესო შეთანხმების ოქმში არ ასახულა, მთლიანად შპს „ს-ის“ კომერციული მიზნებისთვის გაიხარჯა.
8. რ. ა-ამ, ზემოაღნიშნული ქმედებით, გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც კ. ლ-ას და მ. ე-ას უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
9. 2009 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-ის სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ა. ტ-ას, ზ. ხ-ასა და დ. კ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 19,196–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპნუქტით, 27,197–ე მუხლის პირველი ნაწილით, მე–200 მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 27,362–ე მუხლის პირველი ნაწილით.
10. ა. ტ-ას, ზ. ხ-ას და დ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა.
11. რ. ა-ას მოთხოვნით, პირობითი მსჯავრის გამოყენებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულებს ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაერიცხათ თითოეულს 30 000 ლარი, ხოლო 60 000 ლარი, შენიღბვის მიზნით, გარეშე პირს დამატებით უნდა ჩაერიცხა შპს „ს-ის“ საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული ფირმა წარმოადგენდა რ. ა-ას ახლობლის, ს. გ-ას საკუთრებას.
12. 2009 წლის 25 დეკემბერს, რ. ა-ას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულ ა. ტ-ას შვილმა - ჯ. ტ-ამ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 60 000 ლარი მის მეგობარს, მ. წ-ას ჩაარიცხინა შპს „ს-ის“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო 2009 წლის 29 დეკემბერს ბრალდებულების წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩაირიცხა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში – 90 000 ლარი.
13. 2009 წლის 29 დეკემბერს, სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ბრალდებულებს - ა. ტ-ას, ზ. ხ-ასა და დ. კ-ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნათ ჯარიმა თითოეულს 30 000 ლარი. რაც შეეხება შპს „ს-ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, რომელიც საპროცესო შეთანხმების ოქმში არ ასახულა, მთლიანად შპს „ს-ის“ კომერციული მიზნებისათვის გაიხარჯა.
14. რ. ა-ია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც ა. ტ-ას, ზ. ხ-ასა და დ. კ-ის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის განაჩენით რ. ა-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით (კ. ლ-ას ეპიზოდი) და სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით (ა. ტ-ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორებმა - ა. ტ-მა და დ. გ-ემ და ითხოვეს რ. ა-ას მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული კვალიფიკაციით და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორებმა - ა. ტ-მა და დ. გ-ემ და ითხოვეს რ. ა-ას მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული კვალიფიკაციით და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
· მოწმეების - მ. ე-ს, გ. წ-ის, კ. ლ-ას, ა. პ-ას, ი. ხ-ას, ჯ. ტ-ას, მ. წ-სა და ა. ტ-ას ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ კ. ლ-ასა და ა. ტ-ას ახლობლებმა თანხები გადაიხადეს მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ და არავითარ ქველმოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
· სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ პ-ს რეზიდენციისა და პ-ის დასასვენებელი ოდის ასაშენებლად განხორციელდა ზემოხსენებული თანხების მობილიზება შპს „ს-ის“ ანგარიშზე, რომელსაც ხსენებული ობიექტების აშენება ჰქონდა დავალებული, რადგან უტყუარადაა დადგენილი, რომ როდესაც მ. ე-ამ თანხა ჩარიცხა, საერთოდ არ იცოდა, რომ ს. რეზიდენცია შენდებოდა. ის ფაქტი, რომ მშენებლობების ორგანიზებაში მეუფე პ-სთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა რ. ა-ია, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეში წარმოდგენილია ს-ოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მშენებლობის მიმართულებით არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა. შესაბამისად, რადგანაც მხოლოდ იდეა არსებობდა და მშენებლობა არ დაწყებულა, მის ორგანიზებაში ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებდა რ. ა-ა; ობიექტები დღემდე აშენებული არ არის, ხოლო შპს „ს-ის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა - 210 000 ლარი მთლიანად გაიხარჯა ფირმის ეკონომიკური მიზნებისათვის და არანაირ საზოგადოებრივ საქმეს არ მოხმარებია.
· უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „ს-ში“ თანხების ჩარიცხვით რ. ა-ამ მიიღო რაიმე პირადი სარგებელი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის შემადგენლობა, ქმედების კვალიფიკაციისათვის არ ითვალისწინებს დანაშაულის სუბიექტის მიერ პირადი სარგებლობის მიღებას;
· დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა მ. ე-ას ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმე აცხადებს, რომ რ. ა-ას მისთვის თანხა არ გამოუძალავს და რომ კმაყოფილია მასთან შეხვედრით. ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რატომ ამახვილებს პალატა ყურადღებას გამოძალვაზე, როდესაც რ. ა-ას აღნიშნული კვალიფიკაციით არ ედავებიან; ასევე მცდარია მოსაზრება, იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულმა თავის ცნობიერებაში უნდა აღიქვას, განიცადოს და შეაფასოს, რომ დამნაშავე პირის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებით მას (დაზარალებულს) მიადგა მატერიალური თუ მორალური ზიანი, შეილახა მისი უფლებები და ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავის პასუხისმგებლობა გამოირიცხება.
· კასატორები არ ეთანხმებიან აგრეთვე სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სახელმწიფო კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევად არ მიიჩნია სახელმწიფო ორგანოს საქართველოს პროკურატურის პრესტიჟისა და ავტორიტეტის შელახვა; ასევე, სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესით დარღვევა, რომლის შემადგენელ ნაწილს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტიც წარმოადგენს. საქმეზე უტყუარად არის დადასტურებული, რომ რ. ა-ას უკანონო მოთხოვნის საფუძველზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, დიდი ოდენობის თანხები კერძო ფირმის ანგარიშზე ირიცხებოდა, ეს ფაქტი კი არაერთი პირისათვის ხდებოდა ცნობილი და საზოგადოების ნაწილს უნდობლობას უჩენდა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მიმართ. აღნიშნულით დაირღვა სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი და შეილახა საქართველოს პროკურატურის პრესტიჟი და ავტორიტეტი. სახელმწიფო მმართველობის წესის დარღვევამ (საპროცესო შეთანხმების გაფორმების წესის უგულებელყოფამ) გამოიწვია ისიც, რომ ის თანხა – 210 000 ლარი, რომელიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე უნდა მოხვედრილიყო და სახელმწიფოებრივი მიზნებისათვის უნდა უნდა გამოყენებულიყო, გაიხარჯა კერძო სუბიექტის სასარგებლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს რ. ა-ას მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაზარალებულ მ. ე-ას ჩვენების მიხედვით, რომ მის მეუღლესთან - კ. ლ-ასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით ორჯერ შეხვდა რ. ა-ას. პირველი შეხვედრისას, მან სთხოვა ა-ს საპროცესო შეთანხმების გაფორმება მეუღლესთან, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ გაერკვეოდა ვითარებაში და დაუკავშირდებოდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მას დაურეკეს და დაიბარეს ა-ასთან შეხვედრაზე. რ. ა-ამ უთხრა, რომ შესაძლებელი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება კონკრეტული თანხის გაფორმების სანაცვლოდ. კერძოდ, საუბარი იყო 160 000 ლარზე. რის შემდეგაც რ. ა-ას მოადგილემ შემოიტანა ორი ფურცელი ანგარიშების ნომრებით. მან და მისმა ახლობლებმა შეაგროვეს ზემოხსენებული თანხა და გადარიცხეს მითითებულ ანგარიშებზე. ქვითრები კი რ. ა-ას მოადგილეს - მ-ს mიუტანა მოთხოვნისამებრ. ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მისი მეუღლე გამოუშვეს. პროკურორის კითხვაზე დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ 160 000 ლარის გადახდის მიზანი საპროცესო შეთანხმების მიღწევა იყო. გ. წ-ის მიერ გადახდილ 150 000 ლართან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ თანხის ნაწილი, კერძოდ 15–20 ათასი ლარი იყო მისი ოჯახის, ხოლო დანარჩენი თანხა შეაგროვეს მისი ოჯახის მეგობრებმა.
3. მოწმე კ. ლ-ამ განმარტა, რომ 2009 წლის 9 თებერვალს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პროკურატურასთან ვერ იქნა მიღწეული საპროცესო შეთანხმება. თუმცა, საბოლოოდ, როგორც მეუღლისგან იცის, 160 000 ლარის სანაცვლოდ მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ,,რ-იმ უთხრა ჩემს ცოლს იმდენი ფული თუ გაქვს, რომ ვიღაც აფერისტებს ურიგებ, აგერ კეთდება ა-აში კარგი საქმეები და უთხარი შენი ქმრის მეგობრებს, რომ გადარიცხონ ფულიო“. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ დაადასტურა, რომ მეგობრებმა თანხა მის დასახმარებლად შეაგროვეს; მისმა ცოლმა რომ მიიტანა ქვითრები და თქვა თანხაა გადასახდელიო, ოღონდ ის გათავისუფლებულიყო და ვინ იკითხავდა რატომ და რისთვისო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მართალია მეგობრები არ სთხოვენ თანხას უკან, რადგან თავადაც ხშირად დახმარებია მათ, მაგრამ როგორც ადამიანი, რა თქმა უნდა, დავალებულად თვლის თავს.
4. მოწმე გ. წ-მა განმარტა, რომ კ. ლ-ას მეუღლემ - მ. ე-ამ ამცნო, რომ მას პროკურატურაში უთხრეს, რომ კ-ას მეგობრებს უნდა ჩაერიცხათ გარკვეულ ანგარიშზე ფული, რაც მათ უსიტყვოდ შეასრულეს; ფული შეაგროვეს და უშუალოდ მან შეიტანა მ-ას მიერ მითითებულ ანგარიშზე. პროკურორის შეკითხვაზე, თუ რატომ ჩარიცხეს ეს ფული, მოწმემ განმარტა, რომ რადგან პროკურატურიდან წამოვიდა ასეთი მოთხოვნა, მათაც ჩარიცხეს. მანვე განმარტა, რომ ფულს უკან არ ითხოვს და კ-ს დასახმარებლად მზადაა კიდევ გადაიხადოს ფული.
5. მოწმე ა. პ-ამ განმარტა, რომ კ-ას მეუღლემ მ. ე-ამ შეატყობინა მათ, რომ თუ ა-ის ფონდში თანხას გადაიხდიდნენ, კ-ს გამოუშვებდნენ. საუბარი იყო 150 000 ლარზე. პროკურორის კითხვაზე, თუ რა იყო თანხის ჩარიცხვის მიზანი, ქველმოქმედების მიზნით ხომ არ გადაურიცხავთ თანხა, მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ არავითარ ქველმოქმედებას არ ჰქონია ადგილი და ფული კ-ს ციხიდან გამოსაყვანად გადაიხადეს.
6. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი. ხ-ამ და განმარტა, რომ თანხა კ-ს გამოსაყვანად შეგროვდა.
7. დაზარალებულ ჯ. ტ-ას ჩვენების მიხედვით, 2009 წელს დააკავეს მამამისი ა. ტ-ა, დაკავებამდე ფირმიდან ამოიღეს საფინანსო დოკუმენტები. მამამისთან ერთად დააკავეს ფირმის ბუღალტერი - ზ. ხ-ა. მოგვიანებით დააკავეს მესამე პირიც - დ. კ-ი. პროკურატურა მათ ედავებოდა 196–ე მუხლით. რადგან მამამისს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ცდილობდნენ, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მიეღწიათ და მალე გამოეყვანათ ციხიდან. საბოლოოდ, ს-ის რაიონის პროკურორთან - ბ. შ-სთან შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე. ამ პერიოდში ბ. შ-ა გადაიყვანეს ზუგდიდის პროკურორად, ხოლო ს-ში გადავიდა ახალი პროკურორი. დაახლოებით 15 დღეში, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ იბარებდა ს-ის ახალი პროკურორი - ლ. ხ-ა. ჯ. ტ-ა პროკურატურაში წავიდა მეგობარ მ. წ-სთან ერთად. როდესაც ლ. ხ-სთან მივიდა, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ როგორც იცოდა, წინა პროკურორთან შეთანხმებულან 150 000 ლარის სანაცვლოდ საპროცესო გარიგებაზე და რომ დღის ბოლომდე უნდა გადაეხადათ 60 000 ლარი. მისცა ქვითარი, რომელსაც ეწერა „ს-ი“ და თან გააფრთხილა, რომ თანხა აუცილებლად სხვისი სახელით შეეტანათ. თანხის გადახდის შემდეგ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კი ისევ მასთან უნდა მიეტანათ. აღნიშნულის შემდეგ ჯ. ტ-ა მ. წ-სთან ერთად წავიდა ქ-ში. რადგან ძირითადი თანხა ჯ. ტ-ას პირადად ჰქონდა, ქ-ში ნათესავებს გამოართვა მიზერული თანხა – დაახლოებით 300 ლარი და მ. წ-ას სახელით შეიტანა ლ. ხ-ას მიერ გადაცემულ ანგარიშზე. თანხის გადახდის შემდგომ, საღამოს საათებში, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ლ. ხ-ას მიუტანა პროკურატურაში. ამის შემდგომ მამამისს და სხვა დაკავებულ პირებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება ჯამში 90 000 ლარზე და გათავისუფლდნენ სასამართლო დარბაზიდან. მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ შპს „ს-ის“ ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მისი ავადმყოფი მამა გათავისუფლებულიყო და თანხის გადახდის დროს არანაირ ქველმოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ განმარტა: ,,რა ქველმოქმედება, რის ქველმოქმედება, დღესაც ვიხდი მაგ ვალებს. ჩემთვის 60 000 60 მილიონივით არის.“
8. მოწმე ა. ტ-ამ განმარტა, რომ როგორც შვილისგან - ჯ. ტ-სგან იცის, სასამართლომდე ერთი კვირით ადრე 60 000 შეიტანა მეგობრის სახელით. მანვე განმარტა, რომ ვინაიდან სამნი იყვნენ მოგვიანებით ამ ფულში ,,გასწორდნენ“, თუმცა უმეტესი ნაწილი მისი იყო.
9. მოწმე მ. წ-ამ დაადასტურა ა. ტ-ას ნათქვამი და განმარტა, რომ მანქანაში ელოდებოდა ჯ-ს, როდესაც ეს უკანასკნელი პროკურატურაში იყო შესული მოსალაპარაკებლად. ჯ-ი რომ გამოვიდა პროკურატურიდან, გამოიტანა ანგარიშის ნომერი, რომელზეც ეწერა ,,ს-ი“ და უთხრა, რომ საღამომდე უნდა შეეტანა 60 000, ოღონდ გააფრთხილეს, რომ თავისი სახელით არა. ამის მერე ჯ-ის სახლში წავიდნენ, სადაც მან აიღო ფული, თუმცა ცოტა აკლდებოდა, ს-ში მეტი ვეღარ იშოვა და ნათესავს დაურეკა ქ-ში და იქ წავიდნენ. მერე შეიტანეს ---- ბანკში მითითებულ ანგარიშზე. პროკურორის შეკითხვაზე ქველმოქმედების მიზნით ხომ არ გადაურიცხავს თანხა, მოწმემ განმარტა, რომ პირველად ესმოდა აღნიშნულის თაობაზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც ისინი ბანკში თანხას რიცხავდნენ მოლარე-ოპერატორის კითხვაზე, თუ რისი ფული იყო ეს, მათ უთხრეს, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის იყო განკუთვნილი, მან კი განუცხადა, რომ ეს არ იყო საპროცესოს თანხა და მითითებული ანგარიში კერძო კომპანიას ეკუთვნოდა. დაცვის მხარის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ჯ-მა უთხა, რომ დღის ბოლომდე უნდა შეეტანათ თანხა თუ უნდოდა, რომ მამამისისთვის საპროცესო გაეფორმებინათ.
10. მოწმე ლ. ხ-ას ჩვენებით, როდესაც ს-ის პროკურორად გადაიყვანეს ე.წ. ,,ს-ის“ საქმე წარმართული იყო სასამართლოში. რ. ა-ამ დაიბარა იგი და უთხრა, რომ ამ საქმეზე საპროცესო უნდა გაეფორმებინა შემდეგი პირობებით - პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 150 000 ლარი. აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე დღეში დაურეკა მ-მა (ა-ას მოადგილემ) და უთხრა, რომ საპროცესოზე რომ იყვნენ შეთანხმებული ,,ს-ს“ საქმეზე ნაწილი ბიუჯეტში გაეშვა და ნაწილი ანგარიშს გაუგზავნიდა და იმ ანგარიშზე ჩარიცხულიყო (60 000 ლარზე იყო საუბარი). შემდეგ დაიბარა ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი და აუხსნა სიტუაცია; ლ. ხ-ას განმარტებით, რომ გაიგო ბრალდებულის შვილმა რომ უფორმებდნენ საპროცესოს, სიხარულით დათანხმდა შეთავაზებულ პირობას. წავიდა და მოიტანა ქვითარი. მოწმის განმარტებით ჯარიმის ოდენობა თითოეულ ბრალდებულზე 30 000 იყო. ქვითარი რომ მიუტანეს, ნ. მ-ს ჩაუტანა ზ-ში და მისცა. ნ-მა უთხრა, რომ ეს 60 000 ა-ში პ-ის რეზიდენციის ასაშენებლად იყო გამიზნული. გარკვეული პერიოდის მერე, რ-თანაც ჰქონდა ამ თემაზე საუბარი და მანაც უთხრა, რომ ს-თვის იყო ეს ფული.
11. მოწმე ნ. მ-ის ჩვენების მიხედვით, რ. ა-ას მოადგილედ მუშაობდა. ლ-ას საქმეზე ახსოვს ის ფაქტი, რომ მდივანი შევიდა რ-ი გეძახისო, ოთახში იყო კ-ას მეუღლე და ფ. შ-ა, რომელიც ყველა მოქალაქის მიღებას ესწრებოდა. რ-იმ უთხრა, რომ საპროცესო ფორმდებოდა და საპროცესოს ანგარიშის ნომერი მიეცა; მანვე უთხრა, რომ მ. ე-ას სურვილი ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო პ-ის რეზიდენციის მშენებლობაში და გადაეცა მისთვის შპს ,,ს-ის“ ანგარიშიც. შპს ,,ს-ის“ ბუღალტრისგან შეიტყო ანგარიშის ნომერი, შეიტანა რ-სთან და გადასცა ბრალდებულის მეუღლეს. მეორე თუ მესამე დღეს მიუტანა ქვითრები, მადლობა გადაუხადა და წავიდა. ამის მერე გაუფორმდა ლ-ას საპროცესო შეთანხმება. ე.წ. ,,ს-ის“ საქმეზეც რ-იმ უთხრა საპროცესო ფორმდებაო. რის მერეც დაურეკა ხ-ას და უთხრა, რომ საპროცესო გაეფორმებინათ 90 000 ლარზე და თან დააყოლა, რომ 60 000 ლარი შპს ,,ს-ის“ ანგარიშზე გადაეხდევინებინა, რადგან მათ სურვილი ჰქონდათ დახმარებოდნენ ს-ს. ეს ნათქვამი გადასცა ხ-ას და მერე ამ უკანასკნელმა მიუტანა მას ქვითრები.
12. მოწმე ს. გ-ამ აჩვენა, რომ არის შპს ,,ს-ის“ დამფუძნებელი და 60 პროცენტიანი წილის მფლობელი. რ. ა-ას იცნობს, მაგრამ არც ნათესავია მისი და არც მეგობარი. ვინაიდან მისი კომპანია ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს და სათანადო ტექნიკაც ჰქონდა, ა-ამ ჰკითხა შეძლებდა თუ არა ზ-ში პ-ის რეზიდენციის აშენებას, რაზეც დადებითი პასუხი გასცა. ამის შემდეგ შპს ,,ს-ის“ ანგარიშზე ორი პირის მიერ ჩაირიცხა 210 000 ლარი. რ-იმ უთხრა მაგ ფულს ხელი არ ახლოო, სავარაუდოდ, შენი ასაშენებელი იქნება პ-ის რეზიდენციაო. პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ არ აშენდა რეზიდენცია, ს-ა გ-ამ აღნიშნა, რომ არავის დაუვალებია და იმიტომ. მოწმის განმარტებით, შპს „ს-ის“ თვეში სამიდან ხუთ მილიონამდე ბრუნვა ჰქონდა. სამეურნეო ხარჯებისათვის ბრუნავდა ფული და ხმარდებოდა ფირმის ინტერესებს. სად გაიხარჯა ზემოხსენებული 210 ათასი ლარი, არ იცის. დღეის მდგომარეობით, ვალდებულება აქვს, რაც ჩაირიცხა უკან უნდა დააბრუნოს, რადგან არ განუხორციელებია არანაირი სამუშაო.
13. მოწმე გ. ბ-ას ჩვენებით, როგორც მისთვის ცნობილია, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ რ-ის და ს-ას. უნახავს ა-ა მოსული „ს-იში“. მისთვის არ არის ცნობილი თუ ს-ს რეზიდენცია უნდა აეშენებინა მათ კომპანიას. სასტუმრო ,,ო-ს ს-ში“, რომელიც მათი აშენებულია, მიდიოდა ხოლმე მშენებლობის პერიოდში რ-ი ს-სთან. მათ სასტუმროში საახალწლო სუფრა ჰქონიათ და დაბადების დღეებიც აღუნიშნავთ.
14. მოწმე გ. ჟ-ის ჩვენებით, საკუთრებაში ჰქონდა ს-ის მწარმოებელი დანადგარები და ბიჭებზე (ტ-ა, ხ-ა, კ-ი) ჰქონდა მიქირავებული, სხვა არაფერი აკავშირდებდა მათთან. ჭ-ის მეუფე პ-სთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მას კ-ის ახლობლებმა სთხოვეს, რომ მეუფესთან მისულიყო და ეთხოვა ამ ბიჭებისთვის დახმარების აღმოჩენა. მეუფე შეჰპირდა, რომ ყველაფერს ეცდებოდა. ამის შემდეგ არ გასულა დიდი დრო და გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მან ამ საქმეში 60 000 ლარით mიიღო მონაწილეობა. როგორც იცის, ეს ფული გადაირიცხა რეზიდენციის მშენებლობისთვის. ყოველ შემთხვევაში, მან კ-ს ეს ფული ამ მიზნით გადასცა. თუმცა - ვინ, სად, როდის და როგორ ჩარიცხა არ იცის, მან უბრალოდ ფული მისცა.
15. მოწმე მ-ი (ფ-ი) შ-ას ჩვენებით, ყველა შეხვედრას ესწრებოდა რ-სთან. მ. ე-თან შეხვედრასაც ესწრებოდა. რ-მა მ-ას უთხრა, რომ შეისწავლიდა მისი მეუღლის საქმეს და აცნობებდა. შემდეგ შეხვედრაზე რ-იმ თანხმობა რომ უთხრა, ძალიან გაუხარდა, დალოცა რ-ი და მადლობები უხადა. რ-იმ უთხრა მ-ს, რომ საპროცესო ფორმდებოდა და ანგარიშის ნომერი შეეტანა. მ-ამ ასევე თქვა შეხვედრაზე, რომ ძალიან ეკლესიურები იყვნენ და იცოდნენ, რომ შენდებოდა ეკლესია და დახმარების სურვილი გამოთქვა. რ-ის მითითებით, ნ-მა შეუტანა ანგარიშის ნომერი. მოწმემ განმარტა, რომ მ- ე-სთვის გადახდის ქვითრების მოტანა არავის დაუვალებია. მანვე დაადასტურა, რომ მ- ე-სა და ა-ას ყველა შეხვედრას ესწრებოდა.
16. მოწმე ვ. ლ-ას ჩვენებით, მისთვის ცნობილია კ. ლ-სთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. იცის ისიც, რომ მისი ოჯახის წევრები ქველმოქმედებაში იღებდნენ მონაწილეობას. გათავისუფლების შემდეგ იგი შემთხვევით შეხვდა ლ-ას, რომელიც კმაყოფილებას გამოხატავდა მისი და მისი მეგობრების გაწეული ქველმოქმედების გამო. რაც შეეხება ტ-ას, მას ტ-ას ახლობლებმა სთხოვეს, რეკომენდაცია გაეწია მათთვის რ-სთან, თუმცა, მას არც უცდია ამის გაკეთება რადგანაც იცოდა რ-ის დამოკიდებულება ასეთ საკითხებთან. ერთ-ერთი ტრაპეზის დროს მეუფემ ჰკითხა ა-ს, თუ სად შეიძლებოდა რეზიდენციისთვის შეწირულობის ჩარიცხვა, რაზეც რ-იმ უპასუხა, რომ ამ საკითხზე მის მოადგილეს გასაუბრებოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ს-ში ბევრი მშენებლობა მიმდინარეობდა, რომელსაც რ-დ ა-ა ხელმძღვანელობდა; იგი აქტიურად მონაწილეობდა ეკლესიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში, რისთვისაც ჯილდოც დაიმსახურა პ-გან.
17. მოწმე ე. გ-ას ჩვენებით, მას კარგად ახსოვს ის ფაქტი, რომ პ-მა ს-ში ვიზიტისას რ. ა-ას მეუფესთან ერთად დაუძახა და რეზიდენციის მშენებლობის ხელმძღვანელობა შესთავაზა.
18. მოწმე ი. კ-მა განაცხადა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურში მთავარ აუდიტად და პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეამოწმა შპს „ს-ის“ დოკუმენტაცია და გასცა სათანადო დასკვნა. შპს „ს-ის“ ანგარიშზე ჩარიცხული 150 000 ლარი და 60 000 ლარი გამოტანილი და გახარჯულია შპს „ს-ის“ სამეწარმეო მიზნებისათვის.
19. მოწმე ე. ჯ-ას ჩვენებით 2003 წლიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო შპს „ს-ის“ მთავარი ბუღალტერი, ხოლო დამფუძნებელი და დირექტორი იყო ს. გ-ა. 2009 წლის დეკემბერში შპს „ს-ის“ ანგარიშზე ჩაირიცხა 150 000 ლარი და 60 ათასი, ჯამში 210 ათასი ლარი. ჩამრიცხველები იყვნენ წ-ი და წ-ა.ფირმის ხელმძღვანელი განკარგავს ანგარიშებს, ის აკონტროლებს ბრუნვას. ფირმის დირექტორი წყვეტს, სად, რისთვის და რამდენს გახარჯავს სამეურნეო ხარჯებისათვის. როგორც ახსოვს, ზემოხსენებული თანხა მალევე იქნა ათვისებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში, ანუ ფირმისთვის გაიხარჯა. თანხების გადარიცხვა ხდებოდა ოფიციალურად ბანკით და არანაირ შავ ბუღალტერიას ადგილი არ ჰქონია. თანხები ხელზე არც არავის გადაუცია და არც მიუღია. დირექტორს არ უთქვამს მისთვის, რომ ეს თანხები არ უნდა აესახა და არც ეტყოდა ამას, ძალიან მოწესრიგებული იყო. ადასტურებს, რომ 210 ათასი ლარი ასახული იყო ბარათზე. წ-ის და წ-ას მხრიდან ამ თანხის უკან გათხოვის მოთხოვნა არ ყოფილა. თავიდან არ იცოდა და შემდეგ გაიგო, რომ აღნიშნული თანხები რეზიდენციის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა. ტელევიზიით გაჟღერდა, რომ პ-ის რეზიდენცია უნდა აშენებულიყო.
20. რ. ა-ამ არ ცნო თავი დამნაშავედ მისთვის წარდგენილი ბრალდების არც ერთ ეპიზოდში და განმარტა, რომ 2009 წლის მდგომარეობით, მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ს- -ის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე და მისი მუშაობის პერიოდში საპროცესო შეთანხმება ნამდვილად გაფორმდა მსჯავრდებულებთან - კ. ლ-სა და ა. ტ-სთან. იგი სამუშაო ოთახში მარტო არავის ხვდებოდა და მის შეხვედრას მოქალაქეებთან ყოველთვის ესწრებოდა პროკურორი მ. შ-ა. მ. ე-ს, პირველი შეხვედრისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა მ. შ-ა, დაჰპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში და დაუკავშირდებოდა. ხოლო მეორედ, მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობისგან დადებითი პასუხი მიიღო, აუწყა, რომ ფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. როგორც კი მ. ე-მ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესახებ გაიგო, ისე გაუხარდა, არ იცოდა მადლობა როგორ გადაეხადა. როდესაც დაწყნარდა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო პ-ის დავალების შესახებ და სურდა, მის ოჯახსაც მიეღო მონაწილეობა ა-ში პ-ის მოსასვენებელი ოდის მშენებლობაში, რის გამოც დაუძახა მ-ს და დაავალა ,,ს-ის“ ანგარიშის ნომრის შეტანა. პროკურორის კითხვაზე, თუ ვინ გადაწყვიტა თანხის ოდენობა, მოწმემ განმარტა, რომ ამაზე საუბარი არ ჰქონიათ და თვითონ გადაწყვიტეს. მოწმემ განმარტა ასევე, რომ ქვითრების მოტანა არავის უთხოვია ე-სთვის და რატო მიიტანა მისთვის უცნობია. რაც შეეხება ტ-ს, იგი მათ საერთოდ არ იცნობს და კონტაქტი არ ჰქონია. მ-სგან ფლობს ინფორმაციას, რომ მათ უნდოდათ საპროცესო გარიგება და მას შემდეგ, რაც საკითხი გადაწყდა დადებითად, თავადვე გამოთქვეს ქველმოქმედების სურვილი. პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად შპს ,,ს-ი“, მოწმემ განმარტა, რომ შპს ,,ს-ი“ მონაწილეობდა მშენებლობში და ამიტომ გადაწყდა თანხების აკუმულაცია მის ანგარიშზე მომხდარიყო. მანვე დაადასტურა, რომ რაიმე ხელშეკრულება შპს- ,,ს-სთან“ აღნიშნულის თაობაზე არ იყო და თუ გადაწყვეტდა ს., მერე ალბათ გააფორმებდა ხელშეკრულებასაც. მისი განმარტებით, ჯერ კიდევ სექტემბერში, როცა პ. წაბრძანდა, მან ჰკითხა ს. გ-ას, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას მშენებლობაში, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ,,ს-ი“ მუშაობდა ა-ში, ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს და ამიტომ შესთავაზა მათ. პროკურორის კითხვაზე თუ რატომ არ აშენდა ოდა და რა მოიმოქმედა მას შემდეგ, ა-მ განმარტა, რომ ს-ს უნდა გაეკეთებინა პროექტი და არ გააკეთა, ხოლო თანხებზე გ-ას უთხრა, რომ არ გაეხარჯა.
21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საკმარისია რ. ა-ის ბრალად შერაცხული ქმედებების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად.
22. საკასაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას იმის შესახებ, თითქოს ბრალდების ორივე ეპიზოდში დაზარალებულებმა თავიანთი სურვილით გასწიეს ქველმოქმედება - ვინაიდან, მოწმეების - მა. ე-ას, კ. ლ-ას, ი. ხ-ას, ა. პ-ას, გ. წ-ის, ჯ. ტ-ას, ა. ტ-სა და მ. წ-ას ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხება სააპელაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა. ხსენებულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყვეს თანხების ქველმოქმედების მიზნით გაღების ფაქტი და მკაფიოდ განმარტეს, რომ თანხები საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად გადაიხადეს.
23. საკასაციო პალატას, ბრალდების ორივე ეპიზოდში თანხის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად გადახდის შესახებ რწმენას უმყარებს ის გარემოებაც, რომ ორივე შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაწეული ე.წ ,,ქველმოქმედების“ შემდეგ გაფორმდა, კერძოდ:
· საქმეში წარმოდგენილია „--- -- “ ამონაწერი, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2009 წლის 23 დეკემბერს, გ. წ-ის სახელით 150 000 ლარი ჩაირიცხა შპს „ს-ის“ ანგარიშზე; მოქალაქეთა მიღების სარეგისტრაციო ჟურნალით დადასტურებულია, რომ 2009 წლის 22 დეკემბერს, ანუ თანხის ჩარიცხვის წინა დღეს, მ. ე-ა იმყოფებოდა ს-ის საოლქო პროკურატურაში რ. ა-სთან შეხვედრაზე. ამავე ჟურნალით დადასტურებულია, რომ 23 დეკემბერს მ. ე-ა შეხვედრაზე იმყოფებოდა ოლქის პროკურორის მოადგილესთან ნ. მ-თან. მ. ე-ას განმარტებისამებრ, აღნიშნულ დღეს ნ. მ-ს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მიუტანა. საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით კი დადგენილია, რომ შპს „ს-ის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან ორ დღეში - 2009 წლის 25 დეკემბერს, კ. ლ-ას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
· ანალოგიური ვითარებაა ბრალდების მეორე ეპიზოდშიც: საქმეში წარმოდგენილია შპს „ს-ის“ საბანკო ამონაწერი, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს მ. წ-ას სახელით 60 000 ლარი ჩაირიცხა შპს „ს-ის“ ანგარიშზე. ს-ის რაიონული სასამართლოს განაჩენით კი დადასტურებულია, რომ ბრალდებულებს: ა. ტ-ას, ზ. ხ-ას და დ. კ-ს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება შპს „ს-ის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან ოთხ დღეში - 2009 წლის 29 დეკემბერს და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
24. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ ორივე ეპიზოდში დაზარალებულებმა განმარტეს, რომ მათ გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მოთხოვნისამებრ წარადგინეს პროკურატურაში. ამასთან, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ლ. ხ-ას ჩვენების მიხედვით, მან (ს-ის რაიონულმა პროკურორმა ლ. ხ-ამ) პირადად ჩაუტანა ქვითრები ზ-ში ნ. მ-ს. ამიტომ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. ა-სა და მისი მოადგილის ნ. მ-ის ჩვენებებს, რომ მათ არავისთვის უთხოვიათ ქვითრების მიტანა. შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის არასარწმუნოა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს დასახელებული თანხების ჩარიცხვას კავშირი არ ჰქონდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან.
25. საკასაციო პალატას ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ გააჩნია დაზარალებულთა ჩვენებების სისწორეში, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრილ ჩვენებებს იძლევიან. მეტიც, საკასაციო პალატას მიაჩნა, რომ მ. ე-ა, რომელიც დღემდე კმაყოფილია იმით, რომ მისი მეუღლე გამოუშვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ამისთვის მადლიერია რ. ა. (რაც მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა), სრულიად არალოგიკურია ცდილობდეს რ. ა-ვის პასუხისმგებლობის დამძიმებას, პირიქით პალატას დარჩა განცდა, რომ მან ყველანაირად სცადა შეერბილებინა ჩვენება რ. ა-ს სასარგებლოდ.
26. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს რ. ა-სა და მ. შ-ას ჩვენებებს, სადაც ისინი აღნიშნავენ თითქოს, მ. ე-ამ როდესაც გაიგო, რომ მის მეუღლეს საპროცესო შეთანხმებას უკეთებდნენ, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა და გამოთქვა სურვილი ფული ჩაერიცხა ქველმოქმედების მიზნით - ვინაიდან, დაზარალებულმა უჩვენა, რომ მის პირველ შეხვედრას რ. ა-თან არ ესწრებოდა არავინ, არც მეორე შეხვედრისას დაადასტურა მან მ. შ-ას ოთახში ყოფნის ფაქტი. რაც შეეხება რ. ა-ას ჩვენებას, იგი ასევე არადამაჯერებელია, ვინაიდან ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული პირმა ქველმოქმედების მიზნით გადაწყვიტოს იმ თანხის გადახდა, რომელიც მას არ გააჩნია და უნდა იშოვოს. მ. ე-აც და ჯ. ტ-საც დასჭირდათ ამ თანხების მოძიება ახლობლებსა და მეგობრებში, ამ უკანასკნელის განმარტებით კი იგი დღემდე ვალებს იხდის. ასევე პალატისთვის ყოვლად გაუგებირია რატომ დაუმალავდნენ მ. ე. და ჯ. ტ. თავიანთ ახლობლებს, რომ ქველმოქმედებას ეწეოდნენ და რატომ მოატყუებდნენ, რომ აღნიშნული თანხები საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად და შესაბამისად, მათი ოჯახის წევრების ს. დაწესებულებიდან გამოსაყვანად იყო საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აანალიზებს ასევე მოწმე ვ. ლ-ას ჩვენებასაც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მან ნახა კ. ლ., რომელიც კმაყოფილებას გამოხატავდა მისი ოჯახისა და მეგობრების მიერ ქველმოქმედების გაწევის გამო. თუმცა, პალატა ვერ გაიზიარებს მოწმე ლ-ას ამ განმარტებას, და კ. ლ-ას დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხის მიმართ კმაყოფილებად ვერ განიხილავს, ვინაიდან მან სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას მკაფიოდ აღნიშნა, რომ თავს დავალებულად გრძნობს მეგობრების წინაშე მისთვის გაწეული დახმარების გამო.
27. სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ შპს „-----“ ანგარიშზე ჩარიცხული 60 000 ლარი ტ-ს ოჯახს ეკუთვნოდა. აღნიშნულის არგუმენტად პალატა იშველიებს მხოლოდ გ. ჟ-ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მოწმე აცხადებს, რომ 60 000 ლარი გაიღეს მან და კ-მა და როგორც იცოდა, ეს თანხა რეზიდენციის მშენებლობისათვის უნდა ჩარიცხულიყო და საპროცესოსთვის არ იყო განკუთვნილი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ა. ტ-ას ჩვენებას, სადაც იგი უთითებს, რომ ვინაიდან სამნი იყვნენ ბრალდებულები, ისინი ამ სამოცი ათასშიც ,,გასწორდნენ“ თუმცა დიდი ნაწილი მისი ოჯახის იყო. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ კ-ს 30 000 ლარი საკუთარი ჯარიმაც ჰქონდა გადასახდელი საპროცესო შეთანხმების პირობის თანახმად. შესაბამისად, ჟ-ის ჩვენება არ გამორიცხავს და წინააღმდეგობაში არ მოდის ტ-ას ჩვენებასთან. მეტიც, შესაძლოა კ-მა ჟ-ის მიერ მიცემული თანხა საერთოდაც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. მხოლოდ ჟ-ის განცხადება, რომ იგი ენდობა კ-ს, პალატისთვის არ წარმოადგენს უტყუარ დადასტურებას იმისა, თუ როგორ მოიქცეოდა კ., მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თავად ჟ. აცხადებს, რომ მან 60 000 მისცა კ-ს, მაგრამ ვინ, რა, როდის და როგორ გადაიხადა არ იცის. ხოლო რაც შეეხება ჯ. ტ-ას ჩვენებას, იგი თანმიმდევრულია და თანხვედრაშია ა. ტ-სა და მ. წ-ას ჩვენებებთან და საქმის სხვა მასალებთან, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
28. როგორც საქმის მასალებით და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, ორივე შემთხვევაში შპს ,,----“ ანგარიშზე თანხები ჩარიცხულია გარეშე პირების მიერ (ამასთან დაკავშირებით დაზარალებული ჯ. ტ. აღნიშნავს, რომ ს-ის პროკურორმა ლ. ხ-ამ იგი გააფრთხილა, რომ ფული თავის სახელით არ შეეტანა. ხოლო, მოწმე გ. წ-მა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მ. ე-ამ მათ უთხრა, რომ პროკურატურაში მას (მ. ე-ას) უთხრეს, რომ კ-ს მეგობრებს უნდა ჩაერიცხათ ანგარიშზე ფული). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატისთვის სრულიად გაუგებარი და არალოგიკური ხდება დაცვის მხარის ვერსია მოქალაქეთა მხრიდან ,,ნებაყოფლობითი ქველმოქმედების“ შესახებ, მათივე სახელით თანხის არშეტანის პირობით.
29. ამრიგად, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების არც ერთ ეპიზოდში, დაზარალებულებს 150000 და 60000 ლარი საკუთარი ინიციატივით საქველმოქმედო მიზნებისთვის არ ჩაურიცხავთ. მათ ეს თანხები საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ გადაიხადეს ----- პროკურორის - რ. ა-ას მოთხოვნით.
30. რაც შეეხება იმ საკითხს, რ. ა-ას მიერ ხდებოდა თუ არა თანხების მობილიზება საქველმოქმედო მიზნებისთვის; ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ არავითარი საქველმოქმდო მიზნები რ. ა-ას ამ თანხების მობილიზებისას არ ჰქონია და რომ იგი პირადი დაინტერესებით მოქმედებდა. კერძოდ:
· საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ს-ოს რეგიონში ს-ს რეზიდენციის მშენებლობის სკითხთან დაკავშირებით შესრულებული ან შესასრულებელი სამუშაოს შესახებ რაიმე ფაქტს; არავითარი ოფიციალური ხელშეკრულება შპს ,,----თან“ მსგავსი მშენებლობის განხორციელების შესახებ არ არსებობდა; ასევე არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ მშენებლობების ორგანიზებაში სასულიერო პირებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა რ. ა.. მეტიც, საქმეში წარმოდგენილია ს-ოს ს-ს ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რეზიდენციის მშენებლობის მიმართულებით არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა.
· ფაქტია, რომ ობიექტები დღემდე აშენებული არ არის, ხოლო შპს „----“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 210 000 ლარი სრულად გაიხარჯა ფირმის ეკონომიკური მიზნებისათვის. შესაბამისად, ვინაიდან რეზიდენციის აგების მხოლოდ იდეა არსებობდა და მშენებლობა საერთოდ არცკი დაწყებულა, გაუგებარია შემდგომი წლების განმავლობაში მაინც რატომ არ მოხდა დაზარალებულთა ინფორმირება აღნიშნული პროექტის საბოლოოდ განუხორციელებლობის შესახებ, თუნდაც მათთვის თანხების დაბრუნების მოტივაციით.
· საკასაციო პალატისთვის არადამაჯერებელია ის ფაქტიც, რომ ორი ადამიანის გარდა არავის გაუჩნდა ს-თვის თანხის, თუნდაც ძალზედ მცირე ოდენობით, შეწირვის სურვილი. იმ პირობებში, როდესაც (თუ დაცვის მხარის ვერსიას გავიზიარებთ), ამ ყველაფრის ხელმძღვანელობა დაევალა ------პროკურორ რ. ა-ას სასულიერო პირთან ერთად. ამიტომ პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თითქოს, შპს ,,----“ ხდებოდა ს-თვის რეზიდენციის ასაშენებლად თანხების აკუმულირება და ამ უკანასკნელმა ამიტომ მიიღო აღნიშნული შემოწირულობები.
31. რ. ა-ას მართლაც რომ ჰქონოდა სურვილი საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხების აკუმულირება მოეხდინა შპს ,,-------“ ანგარიშზე, აღნიშნული მაინც ვერ გამორიცხავდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინაიდან საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ფაქტს, თუ რა მიზნით (რაოდენ კეთილშობილურიც არ უნდა იყოს ეს მიზანი) მოხდება ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან თანხების გადახდა ან რაიმე სხვა პირობის შესრულება. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, შეთანხმების ყველა პირობა უნდა იყოს ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმსა და შუამდგომლობაში. თხოვნა, მოთხონა ან შეთავაზება იმისა, რაც არ არის ასახული ოქმსა და შუამდგომლობაში - ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების წარმოებისას საჯარო მოხელეს (მოცემულ შემთხვევაში პროკურორს) მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და გულისხმიერება, რომ მოლაპარაკების პროცესში არ დაუშვას დამატებით რაიმე ისეთ საკითხზე მსჯელობა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რათა მხარემ არ აღიქვას იგი საპროცესო შეთანხმების მიღწევის დამატებით პირობად.
32. საპროცესო შეთანხმების ქართული მოდელი არ ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლების ორგანოებს საპროცესო შეთანხმებისას შეუძლიათ ბრალდებულს შესთავაზონ თანხის გადახდა საქველმოქმედო მიზნებისთვის.[1] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმება, რომელიც იდება ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის, მტკიცდება სასამართლოს მიერ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის დადგენით. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ დაუშვებელია მხარისთვის წინასწარ რაიმე ვალდებულების შესრულების მოთხოვნა (მაგალითად ჯარიმის გადახდევინება) მანამ სანამ სასამართლო კანონით დადგენილი წესით არ იმსჯელებს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების კანონიერებსა და სამართლიანობაზე.
33. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი თავისი არსით არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს. ამასთან სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს იძულების შედეგი და სასამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ევროპული სასამართლო ამ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს საპროცესო შეთანხმების ჯეროვანი და ეფექტური სასამართლო კონტროლის მნიშვნელობაზე. [2]
34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული მიდგომა ცხადყოფს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, საპროცესო შეთანხმების ოქმში აისახოს მხარეებს შორის მიღწეული ყველა პირობა, რომ ის სასამართლო გადასინჯვას დაექვემდებაროს სასამართლოს მიერ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებისა და მოლაპარაკების კანონიერებისა და სამართლიანობის ჯეროვნად შემოწმების მიზნით.
35. საკასაციო პალატას მატერიალური კანონმდებლობის მიზნებისათვის არარელევანტურად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ შპს „----“ თანხების ჩარიცხვით რ. ა-ამ მიიღო რაიმე პირადი სარგებელი - ვინაიდან, რ. ა-ას ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 333–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ესე იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული მუხლის შემადგენლობა, ქმედების კვალიფიკაციისათვის არ ითვალისწინებს დანაშაულის სუბიექტის მიერ პირადი სარგებლის მიღებას. ასეთის არსებობის შემთხვევაში სახეზე სხვა დანაშაულის შემადგენლობა გვექნებოდა.
36. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაზარალებულ მ. ე-ას ,,კმაყოფილების“ მოტივით ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესის შელახვის ფაქტორის გამორიცხვის საკითხზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის ქმედების შემადგენლობის მიზნებისათვის. კერძოდ: საკასაციო პალატისათვის აშკარაა, რომ მოცემულ კონკრეტულ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუკი დაზარალებულ მარინა ესებუას გააჩნია რაიმე სახის კმაყოფილების განცდა, იგი მხოლოდ და მხოლოდ მისი მეუღლის გათავისუფლებას უკავშირდება. ვინაიდან, მან სასამართლო სხდომაზე, ერთმნიშვნელოვნად განმარტა - 10 000 რომ გადაეხადა რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რადგან 160 000 იყო საჭირო, გადაიხადა, ვინაიდან მისთვის მთავარი იყო, რომ კ. სახლში გამოუშვეს და დანარჩენს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ასეთივე განმარტება მისცა სასამართლოს ჯ. ტ-აც და აღნიშნა, რომ მამა მას მილიონიც უღირს, თუმცა 60 000 მისთვის ძალიან დიდი თანხაა და დღემდე ვალებშია ამის გამო.
37. ამას გარდა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, იმის შესახებ, თითქოს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულმა თავის ცნობიერებაში უნდა აღიქვას, განიცადოს და შეაფასოს, რომ დამნაშავე პირის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებით მას (დაზარალებულს) მიადგა მატერიალური თუ მორალური ზიანი, შეილახა მისი უფლებები თუ ინტერესები, და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. საკასაციო პალატა განმარტავს: ზემოაღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისას, ზიანის განსაზღვრის ნაწილში, სასამართლო არ არის დამოკიდებული დაზარალებულის სუბიექტურ შეხედულებაზე მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი (კმაყოფილებაზე, უკმაყოფილებაზე ან სხვა სახის განცდებზე). სასამართლო დანაშაულებრივი ქმედებით დამდგარ შედეგს აფასებს ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და არა დაზარალებულის ან სხვა პირის სუბიექტური აღქმის შესაბამისად. პრაქტიკაში, ხშირია შემთხვევა, როდესაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები აცხადებენ, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვთ მათთვის ზიანის მიმყენებელთან, იმ მოტივით რომ შემდეგ თავად გაუსწორდნენ მათ. ასევე როდესაც დანაშაული ჩადენილია ისეთი პირის მიმართ, რომელსაც ასაკის ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შესწევს უნარი აღიქვას და განიცადოს მის მიმართ მიყენებული ქონებრივი ან ფიზიკური ზიანი (ზარალი). ბუნებრივია, აღნიშნული არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებს. სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რ. ა-ამ გადაამეტა თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ არის დამოკიდებული დაზარალებულის აღქმაზე.
38. საკასაციო პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის პოზციას რ. ა-ას ქმედების ჩადენის შედეგად სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევის საკითხთან დაკავშირებითაც და დამატებით აღნიშნავს, რომ უკანონო მოთხოვნის საფუძველზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, დიდი ოდენობის თანხების კერძო ფირმის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი არაერთი პირისათვის ხდებოდა ცნობილი და საზოგადოების ნაწილს უნდობლობას უჩენდა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მიმართ. აღნიშნულით დაირღვა სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი და შეილახა საქართველოს პროკურატურის პრესტიჟი და ავტორიტეტი, რაც საკასაციო პალატის შეფასებით ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას.
39. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან საპროცესო შეთანხმებისათვის თანხის ჩარიცხვისას დაზარალებულთა მიმართ იძულებას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს რ. ა-ას მხრიდან საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას - რადგან, ზემოაღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის ამ პირობების არსებობა საჭირო არ არის.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ რ. ა-ამ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღევა გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 2 ეპიზოდი).
41. დაზარალებულებს: მ. ე-სა და ჯ. ტ-ას განემარტოთ, კ. ლ-სა და ა. ტ-ის გამამტყუნებელი განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გარდა (კ. ლ-ას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი, ხოლო ა. ტ-ას სენაკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დაეკისრა ჯარიმა - 30 000 ლარი) სხვა - შპს ,,----“ ანგარიშზე გადახდილი თანხების - 150 000 ლარისა (კ. ლ-ას ეპიზოდი) და 60 000 ლარის (ა. ტ-ას ეპიზოდი) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნის უფლების თაობაზე.
42. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას, მისი ასაკისა და იმის გათვალისწინებით, რომ რ. ა-ას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და პირველადაა სამართლაში, მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და თვლის, რომ ჯარიმა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორების - ა. ტ-სა და დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენი.
3. რ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (კ. ლ-ას ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
4. რ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ა. ტ-ას ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 30 000 ლარი (ოცდაათი ათასი) ლარი. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე რ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (კ. ლ-ას ეპიზოდი) დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - ჯარიმამ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით - შთანთქას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ა. ტ-ას ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელები შეიკრიბოს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ა-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ. ა-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
7. ნივთმტკიცება - DVD დისკები, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის რეკომენდაცია #R(87)18 სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამარტივების შესახებ.
[2] იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ #9043/05, 04/24/2014; ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ #24027/07, 11949/08 , 36742/08, 07/06/2010.