დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.09.2016
საქმის ნომერი
92აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.09.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №92აგ-16 30 სექტემბერი, 2016 წელი

ი. დ., 92აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. ი-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, დ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლითა და 3 თვით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) – 9 თვით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დ. ი-ს დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მესამედით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. ი-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, დ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ამნისტიის აქტის საფუძველზე დ. ი. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა (2011 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა ამავე განაჩენით სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ი-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენთა ერთობლიობით დ. ი-ს საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1 წლით პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ. ი-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, დ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით, ხოლო მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; დ. ი-ს დანიშნული სასჯელები სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ. ი-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, დ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით კი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დ. ი-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

6. 2016 წლის 28 იანვარს მსჯავრდებულმა დ. ი-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. მსჯავრდებული დ. ი. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს მოქმედი სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მესამედით, ხოლო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის - ერთი მეოთხედით.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ი-ს დანაშაული ჩადენილი აქვს 14-დან 16 წლამდე ასაკში და საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენებით მსჯავრდებულ დ. ი-ს დანაშაული ჩადენილი აქვს 16-დან 18 წლამდე ასაკში და საბოლოო სასჯელები განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე.

5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის 73–ე მუხლის მე-2 და მე–3 ნაწილების თანახმად, 14-დან 16 წლამდე და 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნა ხდება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენებით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.

6. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენს, 1996 წლის 10 აპრილს დაბადებულმა დ. ი-მა ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 2014 წლის 31 დეკემბერს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირების მიმართ ამ კოდექსის გამოყენების შესახებ მითითებულია მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, ბრალდებულის მიერ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობაზე. რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს, მსჯავრდებულ დ. ი-ის მიმართ საკასაციო წესით სამართალწარმოების სტადიაზე, კასატორისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების უფლებად.

8. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ დ. ი-ის საკასაციო საჩივარს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენზე იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, მსჯავრდებულის უფლება საადვოკატო მომსახურებაზე რეალიზებას არ საჭიროებს. ამასთანავე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულს არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში მოთხოვნა სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარებით სარგებლობაზე დაფიქსირებული არა აქვს.

9. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ი-ის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-ე-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შესაძლებლობას, ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესის დასრულების შემდეგ განრიდების გამოყენების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე