დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №152აგ-16 9 იანვარი, 2017 წელი
ა-ი ლ, 152აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ლ. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი; სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 11 ივნისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 11 ივნისიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ლ. ა-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში. მსჯავრდებული ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ლ. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2013 წლის 11 ივნისიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2016 წლის 2 ივნისს მსჯავრდებულმა ლ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს 19 წლის ასაკში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული ლ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს 19 წლის ასაკში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ლ. ა-ი დაბადებულია - წლის -, ხოლო დანაშაული ჩადენილი აქვს 2013 წლის 11 ივნისს, როდესაც ის იყო სრულწლოვანი – .. წლის.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირების მიმართ ამ კოდექსის გამოყენების შესახებ მითითებულია მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, ბრალდებულის მიერ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობაზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს მსჯავრდებულ ლ. ა-ის მიმართ საკასაციო წესით სამართლაწარმოების სტადიაზე კასატორისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების უფლებად.
6. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განჩინებაზე იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, მსჯავრდებულის უფლება საადვოკატო მომსახურებაზე რეალიზებას არ საჭიროებს. ამასთანავე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულს არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში მოთხოვნა სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარებით სარგებლობაზე არ წამოუყენებია.
7. რაც შეეხება არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ა-ის მიმართ არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის 38-ე-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შესაძლებლობას, ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესის დასრულების შემდეგ, განრიდების გამოყენების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსი არ ეხება მსჯავრდებულ ლ. ა-ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და არ აუმჯობესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე