საზედამხედველო

სისხლის სამართლის 25.10.2016
საქმის ნომერი
25აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.10.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №25აგ-16 25 ოქტომბერი, 2016 წელი

გ. გ., 25აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაევალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ხანგრძლივობით და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2015 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

4. 2015 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულმა გ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. მსჯავრდებულმა გ. გ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის განხილვა და მის მიმართ დადგენილი განაჩენის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ გ. გ-ის საქმესთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე